„ოცნებამ“ იჩქარა – რას უპასუხებს მმართველი პარტია ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას

ვენეციის კომისიამ თავისი გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონპროექტის შესახებ, რომელიც მოსმენებს უკავშირდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი მიღებულ იქნა ნაჩქარევად და შემდგომ დამუშავებას მოითხოვს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” ამბობს, რომ „ოცნებამ” მეტი უნდა იმუშაოს, რათა არ დაკარგოს საერთაშორისო პარტნიორების ნდობა.

ვენეციის კომისიის დასკვნა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის ადმინისტრაციამ 1 ივლისს ვენეციის კომისიას გადაუდებელი დასკვნისთვის მიმართა.

როგორც რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” ამბობს, „ოცნებამ”იჩქარა კანონპროექტის შედგენა, ახლა კი მეტი შრომა მოუწევთ, რათა არ დაკარგონ სერთაშორისო პარტნიორეის ნდოა.

„როგორც ჩანს, „ოცნებაში” იჩქარეს კანონპროექტის შედგენა, მეტი მუშაობა იყო საჭირო. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ვენეციის კომიტეტისთვის, რომელსაც ნამდვილად არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური ინტერესი. ოპოზიციის შენიშვნებს კიდევ მოუძებნი მოტივს და თუკი შენიშვნა მათგან დაიმსახურეს, უკვე საყურადღებოა ვითარება, რადგან კანონის სრულყოფილების გარდა, მათ არ აქვთ სხვა მიზეზი.

„თუკი „ოცნებას” აწუხებს საკუთარი იმიჯის საკითხი, რაც წესით უნდა აწუხედეს, უნდა დაფიქრდეს აღნიშნულზე და გაუწიოს ანგარიში მათ განცხადებას. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიზრდება მათ მიმართ უნდობლობა”, – განაცხადა საყვარელიძემ.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2022 წლის 7 ივნისს და შემდეგ მას ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის ადმინისტრაციამაც 1 ივლისს ვენეციის კომისიას გადაუდებელი დასკვნისთვის მიმართა.

აღნიშნულის თაობაზე ვენეციის კომისია თავის მოსაზრებას „ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.

ვენეციის კომისიის იურიდიულ და საკონსტიტუციო ექსპერტთა დასკვნაში წერია, რომ „კანონპროექტი მიღებულ იქნა ნაჩქარევად” და შემდგომ დამუშავებას მოითხოვს. კომისიის დასკვნაში ასევე წერია, რომ „მეტიც, არასაკმარისი ჩანს საიდუმლო თვალთვალის ზედამხედველობის საერთო მექანიზმი”.

ამასთან, ვენეციის კომისია “ტვიტერის” ანგარიშზე წერს, მოსაზრებას “საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში” 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის 17-18 ივნისით თარიღდება.

ვენეციის კომისია აღნიშნულ დოკუმენტში საუბრობს 2021 წლის 27 დეკემბერს უმრავლესობის („ქართული ოცნების”) ექვსი დეპუტატის მიერ წარდგენილ ცვლილებებზე, რომელიც შემდეგ პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო.

ისინი ხაზს უსვამენ იმასაც, რომ აღნიშნული ცვლილებები საპარლამენტო ვადის ბოლოს, საახალწლო არდადეგების წინ მიიღეს და მთელ საკანონმდებლო პროცესი მხოლოდ ოთხ დღეს გაგრძელდა.

„ოპოზიციისთვის, ისევე როგორც დაინტერესებული მხარეებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, 2021 წლის ცვლილებები სრულიად მოულოდნელი იყო”, – აღნიშნულია კომისიის დოკუმენტში.

„(საქართველოს) ხელისუფლებას, შეხვედრების დროს, ვენეციის კომისიის დელეგაციისთვის არ წარუდგენია დამაჯერებელი მიზეზები, რაც 2021 წლის ცვლილებები სწრაფ საკანონმდებლო პროცესს გაამართლებდა”, – წერია დოკუმენტში.

ამასთან, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ყველა თანამოსაუბრემ, რომელსაც ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა, გარდა სამთავრობო პარტიისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, აღნიშნეს, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი ზედმეტად სწრაფი იყო, აკლდა გამჭვირვალობა მისი მოტივებისა და მიზნების შესახებ და ჩატარდა ინკლუზიური და ეფექტური კონსულტაციების გარეშე.

„2021 წლის ცვლილებებს თან ახლდა ექვსგვერდიანი განმარტებითი ბარათი, რომელიც ძირითადად იმეორებს ცვლილებების შინაარსს და ასახავს ფორმალობებს. განმარტებითი ბარათი არ შეიცავს ცვლილებების არსებით დასაბუთებას, მათი დროის გაანგარიშების ან დაჩქარებული პროცედურით მიღების აუცილებლობის შესახებ”, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის დოკუმენტში.

ამასთან, კომისია დასძენს, რომ განმარტებითი ბარათი არ შეიცავს რაიმე ზემოქმედების შეფასებას მაგალითად, მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე დისციპლინური პროცედურებისა და სანქციების ეფექტურობის ან გავლენის შესახებ.

მათივე განცხადებით, კანონშემოქმედება არის არა მხოლოდ პოლიტიკური ნების აქტი, არამედ ის რაციონალური განხორციელებაა.

„არსებითი დებატები შეუძლებელია თუ რეფორმის მიზეზები არ არის წამოყენებული. კანონპროექტის დაჩქარებული პროცედურებით წარდგენა და მიღება ზღუდავს საჯარო და საპარლამენტო კონტროლს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ინფორმაციისთვის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share