მედიკამენტებზე ფასის დასაწევად საქართველოს მთავრობა ახალი წესების შემოღებას გეგმავს. დადგინდება რეფერენტული ფასი, რაც ხელისუფლების დაპირებით, წამლებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
რას ნიშნავს რეფერენტული ფასი?
მედიკამენტის გასაყიდი ან საექსპორტო ფასის ზედა ზღვარი, რომელსაც სახელმწიფო ადგენს.
როგორ გამოითვლება ზედა ზღვარი?
იმავე წამალზე სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ფასების მიხედვით.
ყველა მედიკამენტზე დაწესდება ზედა ზღვარი?
ყველა ქვეყანას თავისი მიდგომა აქვს, ზოგი შედარებით მცირე რაოდენობაზე აწესებს ზედა ზღვარს, ზოგი – მეტზე. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტროს ამ ეტაპზე მედიკამენტების ჩამონათვალი არ აქვს, თუმცა პირველ რიგში ეს ქრონიკული დაავადებებისა და კიბოს სხვადასხვა ტიპის სამკურნალო წამლებს შეეხება. მეორე ეტაპზე კი – მთლიანად ბაზარს და „ნებისმიერ მედიკამენტს“.
რამდენად გაიაფდება წამალი, რომელზეც რეფერენტული ფასია დაწესებული?
სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, დაახლოებით 30-40 პროცენტით.
კონკრეტულად რომელ ქვეყნებს გაუთანაბრებს საქართველო წამლების ფასს?
ამ საკითხზე საერთაშორისო ექსპერტები ახლა მუშაობენ. მათი რეკომენდაციებით შეირჩევა ქვეყნები, რომელთა მიხედვითაც რეფერენტული ფასი უნდა დადგინდეს. ქვეყნის შერჩევისას გათვალისწინებული იქნება მისი ადგილმდებარეობა, ეკონომიკა და მოსახლეობის რაოდენობა.
როდის დაინერგება ეს სიახლე?
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეფერენტული ფასი, საპილოტო პროგრამით 2023 წლის იანვრიდან დადგინდება ქრონიკული დაავადებებისა და კიბოს სამკურნალო მედიკამენტებზე. შემდგომ რიგში იქნება სხვა მედიკამენტები.
არის თუ არა რეფერენტული ფასების დადგენა ცალსახად კარგი?
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის შემოღება გამოცდილი მეთოდია და მას სხვადასხვა ქვეყანაში იყენებენ, თუმცა ყველა სხვადასხვანაირად. საქართველოში რეფერენტული ფასის დადგენას წინ უძღოდა 2022 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომელმაც თურქული მედიკამენტების საქართველოში შემოტანა გაამარტივა.
„თურქეთის ბაზრის გახსნამ ასობით წამალი გააიაფა, მაგრამ მარტო ეს ვერ გადაჭრის პრობლემას. საუბარი იყო იმაზეც, რომ გაფართოებულიყო იმ წამლების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო სუბსიდირებას უკეთებს, დღეს ასეთი მხოლოდ 23 პრეპარატია, მეტი უნდა იყოს“, – ამბობს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე და განმარტავს, რომ ეს ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მეთოდია იმისთვის, რომ წამალი ხელმისაწვდომი გახდეს.
ყველაზე მეტად მედიკამენტებში მაღალი ფასის გადახდა უჭირთ იმათ, ვისაც წამალი ყოველდღიურად სჭირდება ანუ ქრონიკული დაავადებები აწუხებს: წნევა, გულის დაავადებები, ფილტვის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი. ნაწილს (მაგ: სოციალურად დაუცველებს) სახელმწიფო მედიკამენტებს უფინანსებს, მაგრამ უმეტესობა ვერც ერთ პროგრამაში ვერ ხვდება და წამალიც ისევ თავისი ფულით აქვს საყიდი.
ზოგიერთ ქვეყანაში (მოლდოვა, აზერბაიჯანი), სადაც რეფერენტული ფასი ყველა მედიკამენტზე შემოიტანეს, პრობლემები შეიქმნა. კომპანიებს წამლების დაბალ ფასში გაყიდვა ხელს აღარ აძლევდათ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფო ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ნაწილს მედიკამენტს უყიდის (სუბსიდირებას გაუკეთებს), დანარჩენებს კი, რომლებიც პროგრამაში ვერ ხვდებიან, მედიკამენტზე რეფერენტულ ფასს შესთავაზებს, კომპანიას ისევ ექნება წამლის შემოტანის მოტივაცია.
რადიო თავისუფლება