”ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ, როდესაც თქვა და მგონია, რომ შეუფერებელი იყო ის განცხადებები, რაც გააკეთა დიპლომატების და განსაკუთრებით, ბატონი დავითის მიმართ, თუმცა მან მაინც გადაწყვიტა, ხელი მოეწერა და დაენიშნა, აქ მაინც ვერავინ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა ან რაღაც. ქალბატონი სალომე არის დამოუკიდებელი მაქსიმალურად, გუნდისგან, ყველა ინსტანციისგან და თვითნებურად, თავისი გადაწყვეტილებით იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ მისასალმებელია, სწორი, გონივრული ნაბიჯის გადადგმა.”
ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნასთან დაკავშირებით.
აქვე შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნას ამჯერად ხელი მოაწერა, თუმცა 22 ივლისს საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა, რომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში წარდგენილი 37 ელჩიდან, 36-ის დანიშვნას მოაწერა ხელი და დავით ბაქრაძის დანიშვნაზე უარი თქვა. “5 წელი იყო ელჩი ამერიკაში და არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, წავიდეს სხვაგან”.- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.