“გურიის მოამბე” ოზურგეთში მომხდარ შეკვეთილ მკვლელობებსა და მასთან “ქართული ოცნების” ერთ ერთი სახის – ილა კეჭაყმაძის შესაძლო კავშირებზე გამოძიების გაგრძელებას გეგმავს.
ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი რაც ილა კეჭაყმაძისა და “გურიის მოამბეს” შორის მრავალწლიანი (5 წელი) სასამართლო დავა დასრულდა.
ამ დღეებში დასრულდა სასამართლო პროცესი ილა კეჭაყმაძე “გურიის მოამბეს” წინააღმდეგ.
ეს საქმე 2017 წლიდან დღემდე საქართველოს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებმა განიხილა.
ამ დღეებში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სიტყვიერი შეტყობინების სახით მოგვაწოდა.
აღსანიშნავია, რომ როგორც ოზურგეთის რაიონულ, ასევე ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოში ილა კეჭაყმაძემ პროცესი წააგო.
ეს უკანასკნელი მოითხოვდა 10 000 ლარს კომპენსაციას, ვინაიდან მისი ადვოკატის მტკიცებით “გურიის მოამბეს” სტატიის წაკითხვისას
“რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ილა კეჭაყმაძე” – ილა კეჭაყმაძემ განიცადა “უდიდესი სულიერი ტკივილი” – სტატია დაიბეჭდა 2017 წლის 16 ოქტომბერს.
ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში კეჭაყმაძემ პროცესი წააგო.
მან გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. რაც “გურიის მოამბემ” გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, უზენაესმა სასამართლომ რედაქციის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია მას გამოვაქვეყნებთ ჩაბარებისთანავე.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ცილსწამებად ცნო არა სტატია ან მასში მოყვანილი საფუძვლიანი ეჭვები, რომ შესაძლოა ოზურგეთში მომხდარი შეკვეთილი მკვლელობების – გუჯაბიძის, ფოცხიშვილის, კვაჭანტირაძის -უკან შესაძლოა ილა კეჭაყმაძე იდგეს, არამედ ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერის, დავით მჟავანაძის განცხადება, რომელმაც ქალაქ ოზურგეთში ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “კრიმინალები მჟავანაძეს პოლიციის უფრომა კახა მურადაშვილმა ილა კეჭაყმაძის დავალებით მიუსია”
მჟავანაძის ეს განცხადება გამოყენებული იყო სტატიაში, როგორც კომენტარი და არა როგორც ფაქტი.
სასამართლომ უარი უთხრა კეჭაყმაძეს კომპენსაციაზე, “გურიის მოამბეს” დააკისრა მხოლოდ 250 ლარი.
ასე რომ, რედაქციის და მისი საგამოძიებო ჯგუფის მიერ არსებული საფუძვლიანი ეჭვები, რომ გუჯაბიძის, ფოცხიშვილისა და კვაჭანტირაძეს შეკვეთილი მკვლელობების უკან ილა კეჭაყმაძე დგას – კვლავ აქტუალურად რჩება და ამ თემებზე ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას.