ოზურგეთს საუკეთესო ნაწილი ტოვებს და ქალაქი ნელ ნელა იცლება ინტელექტუალებისაგან

გაურკვეველი აწმყო, ბურუსით მოცული მომავალი და …კითხვებზე, რომელიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩნდება, სულ უფრო და უფრო ძნელდება პასუხის გაცემა, რაც აიძულებს ათეულობით და ასეულობით ჩვენს თანამოქალაქეებს ეძებონ ალტერნატივა – რა უფრო აუცილებელია მათი ოჯახებისათვის-არა მხოლოდ იმისათვის, რომ გადარჩნენ, არამედ განვითარდნენ და არ დაკარგონ მომავლის იმედი.

ხშირ შემთხვევაში ოჯახებისათვის, რომლებიც ღებულობენ გადაწყვეტილებას ქვეყნის დატოვების შესახებ, პრიორიტეტი შვილების უკეთესი მომავლის შექმნა და მათ განვითარებაზე, შვილების მიერ განათლების მიღებაზე და მათი ნორმალურ საზოგადოებაში ცხოვრების სურვილზეა აგებული.

ყოველთვიურად გურიიდან 300 მდე ადამიანი მიემგზავრება საზღვარგარეთ, ძირითადად ევროპაში, სამუშაოს საძებნელად, მათ შორის უმრავლესობა ქალბატონები არიან.

თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ამერიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადასვლის მსურველებმა.

ოთარ ვანიძე ერთ ერთია იმ ათეულობით ოზურგეთელებიდან, რომლის ოჯახმაც ოზურგეთი უკვე რამდენიმე თვეა დატოვა და ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, კარლო გიორგაძის ოჯახი კი მათ რიცხვს რამდენიმე დღეში შეუერთდება.

ასეთი ოჯახებისა და ადამიანების წასვლა დიდი დარტყმაა ადგილობრივი საზოგადოებისათვის.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ გურიის ადმინისტრაციული ცენტრი ინტელექტუალი პოტენციალისაგან ნელ ნელა იცლება და თუ ასე გაგრძელდა, ოზურგეთში შესაძლოა, მალე “ჭკუა საკითხავი კაცი” დეფიციტი გახდეს და მუნიციპალიტეტში მარტო პოლიციელებმა და “ქართული ოცნების” “აქტივისტებმა” იარონ. (თუმცა პოლიციელებსა და “ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის ზღვარიც უკვე წაშლილია). აქა იქ კი, ამ პოლიციელებთან და მმართველ პარტიასთან შეხმატკბილებულმა “კაი ბიჭებმაც” “გაიარ-გამოიარონ” “ქვიშა-ხრეშში თავჩარგულებმა” არჩევნებში მმართველი პარტიის ოპონენტების მასიური ტერორის შემდეგ რომ “ნადავლის” სახით ჩუქნით მათ ხელისუფლება.

ლელა თავართქილაძე წლების განმავლობაში ოზურგეთის ავეჯის სახლის მენეჯერია, მისი მეუღლე კარლო გიორგაძე კი ბიზნესმენი, ის ასევე წლების განმავლობაში იყო კომპანია “მოდერნის” დირექტორი ტექნიკურ ნაწილში.

ლელამ “მწვანე ბარათის” გათამაშებაში გაიმარჯვა და ამერიკაში ბინადრობის თავისუფალი გადაადგილების და მუშაობის უფლება მიიღო – რაც თავისთავად ამერიკის მოქალაქეობას მას ავტომატურად ანიჭებს.

აღსანიშნავია რომ ამერიკაში წლებია მოღვაწეობს კარლოს და შსს აჭარა გურიის პოლიციის დეპარტამენტის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი მაია გიორგაძე, ამერიკაშია ასევე მისი მეუღლეც, ოზურგეთის საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი სოლომონ ლომთათიძე.

რას აპირებს ხელისუფლება, რომ ასეთი მძლავრი მიგრაციული ნაკადი შეწყდეს, ანაც შენელდეს მაინც? – არაფერს.

მუნიციპალიტეტი წალეკა კორუფციამ, ნეპოტიზმმა, არამარტო პოლიტიკური ოპონენტებისა და მედია მენეჯერების დევნამ, არამედ ე.წ. “შავმა სიებმა” სადაც ასეულობით “სხვაგვარად მოაზროვნეა” შეყვანილი სუსის მიერ, რომლებსაც ეზღუდებათ არა მარტო ბიზნეს საქმიანობა, ისინი და მათი ნათესავებიც მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დასაქმდნენ, იმუშაონ, განვითარდნენ.

ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაუსაძლის პირობებს უქმნის ნებისმიერ ადამიანს თუ ის არ იმყოფება ან “კრიმინალური ავტორიტეტის” ან სასულიერო პირის, ანაც “ქართული ოცნების” აქტივისტის “კალთის ქვეშ”.

სწორედ ეს ხდება მიზეზი იმ უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალის გადინებისა, რაც საბოლოო ჯამში მძიმედ აისახება ოზურგეთის რეალობაზე მინიმუმ რამდენიმე წელიწადში მაინც.

და სწორედ ასეთი მიდგომა ხდება მიზეზი, რომ საშუალო ფენა ვერ ხედავს თავის ადგილს გურიაში, და (ძირითადად) არა პოლიტიკური, მაგრამ იმ მიზეზების გამო, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ იძულებულნი ხდებიან, რაც შეიძლება მალე გაეცალონ აქაურობას.

 

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share