გურიანთის ციხეს (ნაკაშიძეების ციხე) ვახუშტი ბატონიშვილი (საქართველოს გეოგრაფია) ასე აღწერს – „სუფსეის სამჴრით და ბაილეთის ჩდილოთ არს გურიანთას ციხე კლდე-გორასა ზედა შენი. ამის სამჴრით დის აკეთ-ბაილეთის წყალი. გამოსდის სურების მთას, მიერთვის ზღვას აღმოსავლიდამ.“
.
გურიანთის ციხე ნაკაშიძეების საგვარეულო ციხე გალხლდათ, გურიის მთავარმა, რომელსაც ნაკაშიძეებთან უთანხმობა ჰქონდა ციხე 1817 წელს რუსების დახმარებით დაიკავა, რა დროსაც ციხე მნიშვნელოვნად დაზიანებულა. თუმცა მისი საბოლაო დანგრევა 1819-1820 წლების გურია იმერეთის აჯანყების ჩახშობას უნდა უკავშირდებოდეს, რა დროსაც რუსებმა გურიის ციხესიმაგრეთა დიდი ნაწილი ააფეთქეს.
.
გურიანთის ციხესიმაგრე 1850-1851 წელს დაუთვალიერების ჟურნალის ნიკოლოზ დუნკელ-ველინგს – “საგვარეულო ციხე, რომელიც მდებარეობს გაცილებით უფრო მაღალ მთაზე ვიდრე თავადის სახლია. არ ვიცი ზუსტად რა ვუწოდო ამ ნაგებობას ციხესიმაგრე თუ მონასტერი, რომლის კედელში ჩაშენებულია უზარმაზარი რკინის რგოლი. ადგილობრივთა თქმით ეს რგოლი ისევე როგორც სხვა მრავალი ასეთივე შემონახულია სვანეთში, მათი დანიშნულება უხსოვარ დროში გემების დაბმა ყოფილა, რომლებიც თითქოსდა აქ მოდიოდნენ. მათივე თქმით მთელი მაშინდელი სამეგრელო ზღვას ჰქონდა დაკავებული.“
.
ქვაში ჩაჭედებული რკინის რგოლი და ჯაჭვი კიდევ ფიქსირდება გურიაში, ისევე როგორც თქმულება ზღვისა და ნავმისადგომის შესახებ. იოსებ მეგრელიძე, რომელსაც 1932 წელს დაუთვალიერების ზოტის მახლობლად არსებული ღომის ციხის ნანგრევები წერს: „მწყემსები ამბობენ, რომ „ღომის ციხიდან“ ახლოს არის ერთი ადგილი, რომელსაც „ვარდიან ქვას“ უწოდებენ. მათივე თქმით ამ ადგილზე არის ქვასვეტი რომელზეც ჩამოკიდებულია რკინის ჯაჭვი. მე ვერ შევძელი ამ ადგილის მონახულება, რადგანაც იგი ისეთ სიმაღლეზეა, რომ 1932 წლის 4 ივლისს, როდესაც მე ღომის ციხეზე ვიყავი იქ უკვე თოვლი მოსულიყო.“
.
გურიანთის ციხის მახლობლად მდ. სკურდუმის მარჯვენა ნაპირის ბუნებრივ ბორცვზე 1963 წელს ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი) აწარმოა გათხრები, რომლის შედეგადაც მოპოვებული იქნა სულ 729 ერთეული მასალა. ნაპოვნი იარაღების დასამხადებელ მასალად ძირითადად კაჟი და რიყის ქვა, იშვიათად ობსიდიანია გამოყენებული. მასალა შემდეგი სახისაა – ადრეანტიკური ხანის სქელკედლიანი ქვევრის ნატეხები, დერგები, პითოსები, იმპორტული ამფორები და ა. შ. იქვე გამოვლინდა ელინისტური ხანის ქვევრები, სინოპური ამფორის ძირი, კოლხური სასმისები, ქუსლიანი ჯამების ფრაგმენტები, სინოპური ჯამის ნატეხი, კრამიტის ნატეხი და ა.შ. (საქართველოს ისტორია რვა ტომად 1991), მასალა ინახება ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა