მუსლიმი და ქრისტიანი თემის შეხვედრის წინ ბუკნარში ზუგდიდის სპეცრაზმი შეყავთ

ბუკნარში დღეს ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. სოფელში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა უფლებადამცველები და ადგილობრივები, მოელიან რომ დღეს კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდება.

“ორივე მხარე, რა თქმა უნდა მზად არის მოსახლეობის, აბსოლუტური მზაობაა სოფლის მოსახლეობის, რომ დავიწყებას მიეცეს გაუგებრობა” , – ამბობს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია

“ჩვენ გუშინ შევხვდით, როგორც ადგილობრივ მუსლიმებს, ისე ქრისტიანებს, უნდა ითქვას, რომ ნამდვილად იყო თვალშისაცემი ის, რომ ორივე მხარისთვის შერიგება და მშვიდობიანი ცხოვრების გაგრძელება იყო ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. კონფლიქტის ჭრილობა ამგვარ თემებში რჩება და მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დამატებითი ძალისხმევა გასწიოს სოლიდარობის შექმნაზე” – ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პროგრამის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე

ბუკნარის მოვლენებს დღეს პრემიერი გახარია გამოეხმაურა – რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების შესაძლებლობას არავის მივცემთ  

 

შეგახსენებთ, ბუკნარში სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს უპირისპირდება. ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ჯერაც არაა დასრულებული. მუსლიმი მრევლის მოთხოვნაა, მიეცეთ ლოცვის უფლება, ქრისტიანი მრევლი კი ამბობს, რომ მათ ლოცვას არავინ უკრძალავს და მხოლოდ სოფელში მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან, თუმცა, მუსლიმი თემის განცხადებით, ისინი არც მეჩეთის, არც მინარეთის აშენებას არ ითხოვენ.

13 იანვრის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის, სრულიად საქართველოს მუფთის ადამ შანთაძისა და  მართლმადიდებელი სასულიერო პირების თანდასწრებით  – თემების 10-10 წარმომადგენელი ერთმანეთს შეხვდება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share