ფრანგი მოტომრბოლელი პიერ შერპენი, დაცემისგან მიღებული მძიმე ტრავმებისგან გარდაიცვალა – ის სახელგანთქმული მარათონის მე-7 ეტაპის მსვლელობისას მოხვდა ავარიაში.
შემთხვევა გასულ კვირას, დისტანციის 178-ე კილომეტრზე დაფიქსირდა. 52 წლის სპორტსმენი უგონო მდგომარეობაში ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. ამის შემდგომ, ის ჯედას საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდგომაც მისი საფრანგეთში ტრანსპორტირება გადაყწდა, მაგრამ, მოტომრბოლელი სამშობლოში ჩაყვანამდე გარდაიცვალა.
„მრბოლელი დაეცა მე-7 ეტაპის 178-ე კილომეტრზე. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, მას თავის სერიოზული ტრავმა დაუფიქსირდა. ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ის ისევ კომაში რჩებოდა, თუმცა, სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებდა. მოგვიანებით, ჯედადან საფრანგეთში ტრანსპორტირებისას, პიერ შერპენი მოულოდნელად გარდაიცვალა“ – ნათქვამია „დაკარის“ ორგანიზატორების განცხადებაში.
შერპენი „დაკარში“ სამჯერ მონაწილეობდა – 2009, 2012 და 2015 წლებში. ორჯერ მან ფინიშადე მიაღწია, ხოლო ბოლოს, რბოლას ძრავის დაზიანების გამო ჩამოშორდა. ის ასპარეზობდა Husqvarna-თი და Original by Motul-ის განაცხადში, რომლის წევრებიც მარათონს დახმარების გარეშე გადიან, უშუალოდ თავიანთ ძალებზე მინდობილნი.
ავარიამდე, ის 77-ე ადგილს იკავებდა.
ამ შემთხვევის შემდეგ, „დაკარს“ უკვე 31-ე მრბოლელი შეეწირა 1979 წლის შემდგომ.
შეგახსენებთ, წინა მარათონს ორი მოტომრბოლელი ემსხვერპლა: პაულუ გონსალვეში და ედვინ სტრავერი.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე