[ნაციონალურ მოძრაობას] ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავს უკრაინაში – ღარიბაშვილის სამძიმარი უმძიმესი ბრალდების პარალელურად

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზეც წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მესამე პრეზიდენტი “მიწაზე იყო გართხმული”, ხოლო თავდაცვის მინისტრი ბრძოლის ველიდან გაიქცა.

მისი განცხადებით, “ომის პარტია” დღეს ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს “მგრძნობიარე საკითხებით”.

“ვუყურებთ რა ბოლო დღეების განმავალობაში ატეხილ აჟიოტაჟს, ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე, ადამიანი გარდაიცვალა, ომში გარდაიცვალა და ამაზე ვიღაც ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდო, ყალბი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ და რატომ ამას კარგად ავხსნი, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მათი ორგანიზებულია ახლაც, ეს სამწუხაროდ ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაიხსენა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი და თქვა, რომ 2008 წლის ომის დროს “ომის პარტიამ” გმირი ჯარისკაცების ცხედრები ბრძოლის ველზე დატოვა.

მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს – ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოსთვის დიდი დანაკლისია და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წინა შემთხვევების დროს დაღუპული სამხედროების გადმოსვენება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.

„გულწრფელად მინდა ამის თაობაზე ვთქვა, დიდი დანაკლისია. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ტრაგედიაა. ასე რომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.

ასევე, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა წინა შემთხვევების დროს დაღუპულის გადმოსვენება მთავრობის უშუალო ჩართულობით მოხდა. ამ ხარჯებს სრულად მთავრობა ფარავს და ასევე, ჩვენი გადაწყვეტილებით, ვინაიდან მათი უმეტესობა იყო ყოფილი სამხედრო, პოლიციელი, ოფიცერი, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში, ყველა ღირსეულად, სამხედრო პატივით იქნა დაკრძალული,“ – განაცხადა პრემიერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share