უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა უმდიდრესი უკრაინელი ბიზნესმენების ქონება საგრძნობლად შეამცირა. Forbes-ი უმდიდრესი უკრაინელების უახლეს რეიტინგს აქვეყნებს.
რეიტინგში პირველი ადგილი რინატ ახმეტოვმა შეინარჩუნა, რომლის ქონებაც, 14 მარტის მდგომარეობით, 4,2 მლრდ დოლარს შეადგენს. ამ თანხის ნახევარი Metinvest-ის 75%-იანი წილია, რაშიც 2021 წლის მოგებაც არის გათვალისწინებული. 2022 წლის თებერვალთან შედარებით, ახმეტოვმა 9,5 მლრდ დოლარი დაკარგა.
ვიქტორ პინჩუკის ქონება 2,6 მილიარდიდან 1,9 მლრდ დოლარამდე შემცირდა. ამ თანხიდან 900 მლნ დოლარი უცხოური უძრავი ქონების წილია, ხოლო დაახლოებით, ნახევარი მილიარდი დოლარი ნაღდი ფული და ასევე, სხვა ლიკვიდური აქტივებია.
კონსტანტინე ჟევაგოს ქონება 0,8 მლრდ დოლარით შემცირდა და 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს, პირველ რიგში, Ferrexpo-ს აქციების გაუფასურებამ გამოიწვია. მისი 50%-იანი პაკეტი, ლონდონის საფონდო ბირჟის ამჟამინდელი კვოტების მიხედვით, 578 მლნ დოლარი ღირს. ჟევაგო უცხოურ ვალუტაში, თითქმის, იგივე თანხას ინახავს.
მილიარდერებად რჩებიან ვადიმ ნოვინსკი (1,3 მლრდ დოლარი), ვლად იაცენკო (1,1 მლრდ დოლარი), გენადი ბოგოლუბოვი (1,1 მლრდ დოლარი) და იგორ კოლომოისკი (1 მლრდ დოლარი). ალექსანდრე და გალინა გერეგებმა, ისევე, როგორც პეტრო პოროშენკომ ომის დაწყებიდან მილიარდერის სტატუსი დაკარგეს.
14 მარტის მდგომარეობით, უმდიდრესი უკრაინელების სია ასეთია:
• რინატ ახმეტოვი – 4,2 მლრდ დოლარი
• მაქსიმ ლიტვინი – 4,0 მლრდ დოლარი
• ოლექსეი შევჩენკო – 4,0 მლრდ დოლარი
• ვიქტორ პინჩუკი – 1,9 მლრდ დოლარი
• კონსტანტინ ჟევაგო – 1,3 მლრდ დოლარი
• ვადიმ ნოვინსკი – 1,3 მლრდ დოლარი
• ვლად იაცენკო – 1,1 მლრდ დოლარი
• გენადი ბოგოლუბოვი – 1,1 მლრდ დოლარი
• იგორ კოლომოისკი – 1,1 მლრდ დოლარი
• პეტრო პოროშენკო – 0,7 მლრდ დოლარი
• სერგეი ტირიპკო – 0,6 მლრდ დოლარი
• ალექსანდრე და გალინა გერეგები – 0,5 მლრდ დოლარი
უკრაინის აქტივები, რომლებიც ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს, Forbes-მა 60-80%-იანი ფასდაკლებით (დისკაუნტით) შეაფასა, რაც დაზიანების ან კონტროლის დაკარგვის რისკებზე არის დამოკიდებული. გამოცემამ უკონტროლო ტერიტორიებზე არსებული აქტივები ომამდელი ღირებულების 0-10%-ად შეაფასა.
ბიზნესმენების უცხოურ, ასევე, მათ ფულად და სხვა ლიკვიდურ აქტივებზე დისკაუნტი არ გავრცელდა.