პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
„ომის პარტია, დეგრადირებული, მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, ისინი რას იტყვიან. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი.
ბოლო გათამაშება, ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით, ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა – ფიასკოთი, სრული ფიასკოთი დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რაიმე ილუზია არ ჰქონდეს, ჩვენს ქვეყანაში ამ ომის პარტიას, ამრევებსა და “ლუზერებს” არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა, როგორიც არის დღეს ჩვენთან, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა.
ამასთან, მე, როგორც ადამიანმა ადამიანს, გულწრფელად მინდა სააკაშვილს ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?! ჩვენი სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.