მომღერალი მერაბ სეფაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ, კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა ხელისუფლების მიმართ, თვლის, რომ ახლა ამის დრო არ არის. ამის თაობაზე სეფაშვილმა ჟურნალ “სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
– ხშირად აღნიშნავენ, რომ ოპოზიციური ჯგუფის მხარეს ვარ, ბარემ აქვე გეტყვით: არ შეიძლება საკითხის ასე დაყენება, მე ხალხის მხარეს ვარ და ყოველთვის ხალხის გვერდით ვიყავი.
თუ რაიმე შენიშვნა მაქვს ხელისუფლების მიმართ, მხოლოდ ხალხის ცხოვრებიდან და ყოფიდან გამომდინარე. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ახლა არ არის ხელისუფლების კრიტიკის დრო, რადგან ქვეყანაში რთული ვითარებაა.
სახელმწიფოს ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა შენი მოსაზრება დროებით გვერდზე უნდა გადადო და როგორც შეგიძლია, ისე დაუდგე გვერდით ხელისუფლებას. დიახ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ამბიციები მოვთოკოთ და ერთმანეთის გვერდით დგომით დავამარცხოთ ეს საშინელი კოვიდპანდემია და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ.