“ცუდი მენეჯერი, თუ შულერი?! გვითხრა რომ წავიდა… საკითხავად 15-გვერდიანი წერილი და მოსასმენად 1-საათიანი ინტერვიუ დაგვიტოვა. დაგვამადლა მენეჯერული სუპერ თვისებები, მილიარდიანი ქველმოქმედება და კიდევ უფრო დიდი ქველმოქმედება, რაც თურმე მისი პოლიტიკაში ყოფნა ყოფილა. აღარ დამირეკოთო თქვა და კარი გაიჯახუნა… წავიდა, არწავიდა, სად წავიდა – გვირილას ფოთლების პუტვას და მარჩიელობას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა დავფიქრდეთ მართლა რა დაგვიტოვა ბატონმა ბიძინამ 8-წლიანი სოციალურ-პოლიტიკური ექსპერიმენტის შედეგად, რომელიც დღისით, მზისით, ყველას თვალწინ, პირდაპირ საქართველოს მოსახლეობაზე ჩაატარა.
“მან ხომ მილიარდი ლარის ქველმოქმედება გასწია, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო ციფრია”, – კვლავ შეგვახსენებენ ალბათ მისივე მომხრეები და სხვებიც, და იმასაც დაამატებენ, რომ უმადურები ვართ. თუმცა ვისაც ელემენტარული მიმატება-გამოკლება მაინც შეუძლია, ახლა მაინც უნდა მიხვდეს თუ რა “ტრიუკთან” გვქონდა საქმე: დიახ, მან 1 მილიარდი ჩადო ქველმოქმედებაში, სრული კონტროლი მოიპოვა ქვეყნის მმართველობაზე და 8 წლის განმავლობაში მოაჯდა ჯამურად 300-მილიარდიან ეკონომიკას. ჩაიბარა ქვეყანა, კორპორაცია მისი გაგებით, იმ მოლოდინით, რომ საერთო კაპიტალიზაცია გაზრდილიყო და თითოეულ ქართველს ანუ ქვეყნის თანამფლობელს, ანუ მეწილეს უკეთ ეცხოვრა. თუმცა იმის ნაცვლად რომ ეს სახელმწიფო, ანუ კორპორაცია აეყვავებინა და აქციონერები გაემდიდრებინა, ბოლომდე გაგვაკოტრა და დაქცეული ეკონომიკის, მოშლილი და დემორალიზირებული სახელმწიფო ინსტიტუტების, გაჭედილობის და უპერსპექტივობის განცდის გარდა, 4-ჯერ გაზრდილი ვალი დაგვიტოვა. დღეს საქართველოს ჯამური სახელმწიფო ვალი 30 მილიარდს აღემატება, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 8 მილიარდსაც ვერ აღწევდა. განსხვავება ანუ 22 მილიარდი და მისი პროცენტები მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი გადასახდელი იქნება იმ სიმწრით ნაშოვნი და ბიუჯეტში შეტანილი ფულით, რომელიც ჩვენი შვილების განათლებას და კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.
ალბათ გაგინათდათ გონება და დაინახეთ, რომ უკეთეს შემთხვევაში ივანიშვილი უკიდურესად ცუდი მენეჯერი აღმოჩნდა, უარეს შემთხვევაში კი ავანტიურისტი შულერი, რომელმაც ყველა გადააგდო, საკუთარი მომხრეების ჩათვლით და დღეს მისი მთელი ქონებაც რომ გავყიდოთ, ვალების ნახევარსაც ვერ გადავიხდით. კიდევ ერთხელ: 1 მილიარდი “საქველმოქმედო” ინვესტირება პოლიტიკაში, სამაგიეროდ 8 წელი მართვის 100%-იანი მანდატი და ჩვენ 22 მილიარდით გაზრდილი ვალი. ეს არის ფაქტები ინტერპრეტაციების გარეშე. ესაა მწარე სიმართლე და რეალობა, იმის შესახებ თუ რა შევუკვეთეთ 8 წლის წინ და რა მივიღეთ დღეს, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ ყველამ უკლებლივ, მათ შორის ჟვანიას დათვლილმა იმ 48 პროცენტმაც, რომელმაც 41 შემოხაზა, ივანიშვილი შეუკვეთა, მის ნაცვლად კი კობახიძე მიიღო.
P.S. კაცი, რომელიც მისიანებისსავე აღქმით ყველგან და ყველაფერშია – “წავიდა”. პოლიტიკაში მეორედ მოსული ოლიგარქის კვლავ წასვლის დაჯერება რთულია – ოცნების წევრებისთვის კი, ეს, ისევე როგორც, ივანიშვილის ყველა სხვა ნათქვამი, დამაჯერებელი. “კაცმა თქვა წავედიო და რა არის აქ დაუჯერებელი” – რამდენად გულწრფელად არ ვიცი, მაგრამ ამბობენ ისინი. “თქვა, თორემ ვერ გადათქვამსო” – პასუხობენ სხვები. და ასე, მჯერა-არმჯერას თამაშის ფონზე, ისედაც კრიზისში შესული ქართული პოლიტიკა კვლავ რაღაც გაუგებარ რელსებზე მიექანება. ივანიშვილი ქართული ოცნების სამყაროს ცენტრალური მნათობი – მზეა. სხვადასხვა დაშორებით მბრუნავ ორბიტებზე, ლიდერების სახით, სხვადასხვა ზომის პლანეტებია განლაგებული, რომლებიც როგორც მთვარე, ღამღამობით ანათებენ, მაგრამ არც ერთ მათგანს საკუთარი სინათლის, ამ შემთხვევაში გავლენის გენერირების შესაძლებლობა არ აქვს. თითოეული, მზისგან წამოსული სინათლის ამრეკლავია. ოცნების ყველა “ვარსკვლავი” ივანიშვილის გავლენებზე პარაზიტირებს. საკმარისია ბატონმა ბიძინამ – ოცნების სამყაროს მზემ, სინათლის გამომუშავება ანუ გავლენის გენერირება და გამოფრქვევა შეწყვიტოს – ეს პატარა პლანეტებიც, და არა ვარსკვლავები, როგორც გუშინ მათ ოცნების იდეოლოგმა უწოდა, თუნდაც იმ მოჩვენებით სიკაშკაშეს, მთლიანად დაკარგავენ. როგორი იქნება წასული კაცის დარჩენილი გავლენები. ვის დააჯერა, ან ვერ დააჯერა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი “სიმართლე” და რა ბედი ეწევა ქვეყნის პოლიტიკას მისი არსებობის, ან არსებობის შემთხვევაში? ამ კითხვებზე პასუხებს სულ რამდენიმე თვეში გავიგებთ.”
გიორგი თარგამაძის მონოლოგი