”ამ ბიჭმა, როგორც ჩანს, ამ დემონებს ვერ გაუძლო” – არჩილ ხოფერია საგარეჯოს ტრაგედიასა და მის გამომწვევ მიზეზებზე

უკრაინაში რუსების წინააღმდეგ მებრძოლი და გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია რამდენიმე დღის წინ, თვითონაც უკრაინაში წავიდა. მანამდე კი   “გურიის მოამბესთან” იმ დემონებზე საუბრობს, რომლებიც ომ გამოვლილ მეომარებს სულში უსახლდებიან. რატომ ხვდებათ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა უკან დაბრუნებულ მეომრებს და რამ გამოიწვია საგარეჯოს ტრაგედია, ამის შესახებ, არჩილ ხოფერია დეტალურად საუბრობს:

”მეომარს სულში უსახლდება დემონი. ცხოვრებას და ჩვეულებრივ ჯოჯოხეთს შორის, არის ვიწრო ზოლი და მას სანგარი ჰქვია, რომელიც სულ ერთი მეტრი სიგანისაა. ამ სანგარში არიან ადამიანები, რომლებიც წინ უდგებიან ჯოჯოხეთს. როცა ჯოჯოხეთთან ახლოს ხარ, დემონები შენში ისადგურებენ და შემდეგ შენ თუ რჩები ამ ცხოვრებაში, ეს ადამიანები ხდებიან უფლის ანგელოზები. მაგრამ ჯოჯოხეთში მყოფ ადამიანს სულ უწევს ბრძოლა დემონებთან.

ჩემი პირველი ოცეულიდან, ორმა თავი მოიკლა, რათა არ გაეკეთებინა ის, რაც გუშინ მოხდა საგარეჯოში, რამდენიმეს გული გაუსკდა, ერთმა ოთხი კაცი მოკლა. ეს იცით რამ გამოიწვია? როცა ეს ადამიანები ამ ჯოჯოხეთიდან უკან დაბრუნდნენ, აქ დახვდათ სრულიად სხვა რამ. დახვდათ ახალი ჯოჯოხეთი. რატომ ხვდებათ აქ ჯოჯოხეთი ეს უკვე კომპლექსური თემაა. რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ..

მსგავსი დემონი არის ჩემშიც და მე ამას ვებრძვი მთელი ცხოვრება. მეც მქონია მომეტი, როცა შეიძლებოდა ჩემი გარემომცველი სამყარო მთლიანად გადამეწვა, მაგრამ მე ამას ვებრძვი. მე ჩემს შვილსაც ვუთხარი, რომ როცა უკრაინაში დამთავრდებოდა ომი, ათი წელი მაინც იქნება სრული ჯოჯოხეთი. მებრძოლი ბრუნდება უკან იმ ხალხთან, ვისაც იცავდა , მაგრამ ახლა თვლის,  რომ არ დაეხმარა მას ან გაიქცა.

ის რაც დღეს უკან დაბრუნებულ მეომარს ხვდება, ადრე არ ხვდებოდა, იმიტომ რომ თვითონ საზოგადოება იყო მეომრული, მეომარი მართავდა ამ ქვეყანას, მეომარი პასუხისმგებელი იყო ამ ქვეყანაზე, მეომარი აშენებდა ციხე-ქალაქებს და მეომარი უკან რომ ბრუნდებობა, მას ტალახს ვერავინ ესროდა, ზიზღით ვერავინ ვერაფერს ეტყოდა ან ყველა იყო მეომარი ან მეომარი იყო წარმართველი.

ახლა ყველაფერი პირიქითაა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მმართველი ელიტა არ არის მეომრული, არ ესმის ამ ხალხს ეს როგორ ხდება, არ ესმის ამ თემის სიმძიმე. თან ეს ხალხი სჭირდებათ, მაგრამ თან ეშინიათ და ეს ყველაფერი გამოიღებს ცუდ შედეგებს პირადად მათთვის. მეომრები მაინც დაბრუნდებიან და მოსთხოვენ ყველას პასუხს იმის შესაბამისად, როგორც იქცეოდი შენ.

ამიტომ რაც მოხდა საგარეჯოში, ამაში არაბუნებრივი არაფერი არაა. ესაა გამოწვეული იმ ყველაფრიდან, რაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ამ ბიჭმა, როგორც ჩანს, ამ დემონებს ვეღარ გაუძლო..მძიმეა ეს ყველაფერი..” – აცხადებს არჩილ ხოფერია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share