“საქართველო – სახელმწიფო რეპრესიები დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ” – გერმანული მედია ბერლინში გამართულ შეხვედრებზე

გერმანული ანალიტიკური ორგანიზაცია “ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრი” საქართველოში არსებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

სტატისი ავტორი წერს, რომ საქართველოში კრიტიკული მედია და ჟურნალისტები მასიური ზეწოლის ქვეშ არიან. “პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები დამოუკიდებელ მედიაზე კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ”.

სტატიის თანახმად, საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით რეგრესს განიცდის. ქვეყანაში კრიტიკული მედიის მდგომარეობა “შემაშფოთებელია”:

“ამაზე განსაკუთრებით მეტყველებს ოპოზიციური ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა, მედია მუშაკებზე უკანონო თავდასხმები და მმართველი პარტიის ხშირი საჯარო თავდასხმები თავისუფალ მედიაზე. ფეთქებადსაშიშია ისიც, რომ მედია ლანდშაფტის მრავალფეროვნებას მწვავე საფრთხე ემუქრება, რადგან მნიშვნელოვანი ოპოზიციური მაუწყებლები იბრძვიან მათი ფინანსური გადარჩენისთვის.

2022 წლის აპრილში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სათაურით „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“, რომელშიც გამოკვეთილი იყო პრობლემები და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების ყურადღება გაუარესებულ, მეტად პოლარიზებულ მედია გარემოზე. ამ მიზეზითაც, ევროკავშირმა 2022 წლის ივლისში უარი თქვა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე და ქვეყანას მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მისცა”, – ვკითხულობთ სტატიაში.

ცნობისთვის, 23 იანვარს ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრმა ბუნდესტაგში ტექნიკური დისკუსია მოაწყო, რომელშიც ევროკავშირის კომიტეტის წევრები და ფედერალური საგარეო უწყების, პოლიტიკური ფონდების, საქართველოს კრიტიკული მედია ორგანიზაციებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share