“მიხეილ სააკაშვილის მასშტაბის ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის, არც ერთი”

როცა საუბარია ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებაზე და ლაპარაკობენ პერსონები, რომლებიც ლაპარაკობენ, მგონია, რომ არ ჰყოფნით წონა და მასშტაბი, რომლითაც შესაძლებელია ასეთი ტიპის პროექტის წამოწყება , – ასე შეაფასა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მიერ 24 თებერვალს დაგეგმილ აქცია.

როგორც ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმი“ განაცხადა, 24 თებერვლის აქციას აკლია მკაფიო ამოცანა, რომელიც არ არის გამოკვეთილი.

მისი თქმით, ის 24 თებერვალს, რუსთაველზე არ გავა.

„24 თებერვალს რუსთაველზე არ გავალ. ეროვნულ მოძრაობაზე, როცა ვლაპარაკობთ, მე ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მახსენდება. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თავის ცხოვრების წესით და გმირობით დაამტკიცეს, რომ მათთვის სამშობლოა უპირველესი. ერთიც და მეორეც სამშობლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა. ახლა, როცა ვსაუბრობთ ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებაზე და ლაპარაკობენ პერსონები, რომლებიც ლაპარაკობენ, მგონია, რომ მათ არ ჰყოფნით ის წონა და მასშტაბი, რომლითაც შესაძლებელია, ასეთი ტიპის პროექტი წამოიწყო. ამ პერსონებისგან, ეს არ არის ადეკვატური და ყურადღების მიპყრობის მცდელობა.

მკაფიო და ნათელი იყო მაშინდელი ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობის ამოცანა და მიზანი. მაშინაც რუსეთის წინააღმდეგ იყო ბრძოლა. 24 თებერვლის აქციას აკლია მკაფიო ამოცანა, რომელიც არ არის გამოკვეთილი. მაშინდელი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ამოცანა არ ყოფილა ხელისუფლების შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური ხელისუფლება იყო. ხელისუფლების შეცვლა არის მეორეხარისხოვანი, ტექნიკური თემა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე განცხადებით, 24 თებერვლის აქციას ხალხთან კომუნიკაცია აკლია. ამასთან, ის ვერ ხედავს, რომ ოპოზიციის ნაწილს გულწრფელად უნდა ცვლილებები.

„რა აკლია 24 თებერვლის აქციას? ხალხი. ხალხთან არ არის არანაირი კომუნიკაცია იმ ოპოზიციურ სპექტრის მხრიდან, რომელსაც სურვილი აქვს ხელისუფლება შეცვალოს. არეულია პრიორიტეტები და, სწორედ, ამის გამოა, რომ არც სწორი გეგმა იდება და არც ხალხთან კომუნიკაციას ეძებენ.

რატომ უნდა გამოვიდეს ხალხი? ხელისუფლების შესაცვლელად? ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელთათვის მთავარი ამოცანაა ქვეყნისთვის უკეთესი ცხოვრება. ახლა ეს ხელისუფლება არ ვარგა, მოდი შევცვალოთ და მე მოვალ ხელისუფლებაში, არ არის სწორად დაყენებული თანმიმდევრობა.

ყველა, ვინც აქტიურობს პატივისცემას იმსახურებს. ყველა იძახის, რომ ცვლილებები უნდათ, მაგრამ ატყობთ, რომ გულწრფელად უნდათ ცვლილებები ამ ადამიანებს? ვერ ვხედავ ხელისუფლების შეცვლის სურვილს, მხოლოდ ლაპარაკია. მექნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ნაწილს აკმაყოფილებს ის სტატუსი და მდგომარეობა, რომელშიც არიან.

თავგანწირვის ელემენტს შეიცავდა, როდესაც ნიკა მელიამ სამაჯური გადააგდო და მისი ამ გაბედულობის შედეგად, ხელისუფლებამ შემდეგ შეცდომა დაუშვა, სახანძრო კიბეების საშუალებით აიღეს პოლიტიკური პარტიის ოფისი. ხელისუფლებამ მაშინვე დაუსვა შეცდომა, როდესაც გაბედულობა და თავგანწირვა გამოჩნდა ოპოზიციის ქმედებებში. ახლა ლაპარაკის იქით, ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ამასთან, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა , „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პარტიულ არჩევნებზე და საარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მასშტაბის ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის.

მისივე შეფასებით, იმ კამპანიის ფონზე, რა კამპანიაც მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, არანაირი მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიმარჯვებს.

„როგორ შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაღწიოს იმის ნახევარს, რისთვისაც აქამდე მიუღწევია?! მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მიხეილ სააკაშვილის მასშტაბის ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის, არც ერთი. მით უმეტეს, იმ კამპანიის ფონზე, რა კამპანიაც მიმდინარეობს, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიმარჯვებს. მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ დონეს ვერასოდეს მიაღწევს ეს პარტია, რომელიც ახლა აჩრდილს ჩამოჰგავს“, – აღნიშნა ძიძიგურმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა შანსს იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისე დასუსტდეს, რომ მთავარი ოპოზიციურ ძალის სტატუსი დაკარგოს, ძიძიგური პასუხობს, რომ ამის შანს ხედავს და მიიჩნევს, რომ თუ ასე მოხდება კარგი იქნება.

“არ ვხედავ კი არა ველოდები. მიმაჩნია, რომ კარგი იქნება. ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ ეს უნდა დაიშალოს. ერთიც და მეორეც სერიოზული პრობლემაა პოლიტიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

“ინტერპრესნიუსი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share