უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის სცალია, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე – რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის, ჩვენთვის და უტევს, ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
აღნიშნულით ის, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის მიიჩნევს, რომ „საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი მოკლას სააკაშვილი“.
„ძალიან ვწუხვარ… უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის სცალია, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე. ეს ძალიან უცნაურია. ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი ეღუპება, რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის, ჩვენთვის და უტევს, ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს. ჩემთვის ეს გაუგებარია. უკრაინელ ხალხს გამარჯვებას ვუსურვებ, ვუსურვებ ღირსეულ ხელისუფლებას”, – აღნიშნავს ზარქუა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დებატები დაგეგმილი იყო.
„ეს არის დაგეგმილი სპექტაკლი. გუშინ, პატიმარმა სააკაშვილმა აიწია მაისური და ეგრევე ჩაინიშნა EPP-ში დებატები. ვინმეს, ჰგონია, რომ პატიმრის გამო ხდება ერთ დღეში, რამდენიმე საათში ევროპარლამენტში დებატების ჩანიშვნა? ეს იყო დაგეგმილი, რათა საქართველო და ხელისუფლება გამოაჩინონ, რომ პატიმრის უფლებებს ვარღვევთ, ადამიანს ვაწამებთ, ვკლავთ. ევროპარლამენტარებს, განსაკუთრებით EPP-ს ვურჩევდი, რომ თავი დაანებონ ჩვენ ქვეყანას”, – აღნიშნავს ზარქუა.