სააკაშვილზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, მისივე დაფუძნებულ პარტიას პრობლემებისა და შესაძლებლობების ძალიან ვიწრო დერეფანში უწევს გავლა. მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში დატოვება მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: ივანიშვილთან ან არავის უვაჭრია, ან ჯერჯერობით მილიარდერს მისთვის საინტერესო არც წინადადება მიუღია და არც მყისიერი საფრთხე უგრძნია, რასაც სააკაშვილის გამოშვებით გაანეიტრალებდა. თუმცა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ პოლიტიკურ ველზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლადის მყისიერი მოდიფიკაცია მოახდინა, რაც გარკვეულ ცვლილებებს აუცილებლად გამოიწვევს.
ფაქტია, უკვე არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, რომელმაც არ გაითვალისწინა როგორც სახალხო დამცველის და მისი კონსილიუმის, ისე საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტების დასკვნები, რომლებიც ნათლად ადასტურებს ერთ რამეს: სააკაშვილს დაუყოვნებლივ სჭირდება მკურნალობა. ისეთი დაწესებულება კი, სადაც მას მოარჩენენ, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს. სწორედ ამ არგუმენტზე დაყრდნობით, უკვე სახეზეა საერთაშორისო რეაგირების შინაარსობრივი ცვლაც. რისი პირველი სიგნალები უკვე გვესმის საერთაშორისო მედიიდან, რასაც აუცილებლად მოჰყვება დასავლელი პოლიტიკოსების და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტების რეაქციებიც. მთავარი განსხვავება კი იმაშია, რომ თუ წარსულში ყველა მოწოდებასა და შეფასებაში პოზიტიური მოლოდინი ფიგურირებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება და სასამართლო გაითვალისწინებდა საერთაშორისო დასკვნებით დადასტურებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმეს მდგომარეობას და მას უცხოეთში მკურნალობის შესაძლებლობის მიცემდა, დღეს ეს ილუზია სრულად გამქრალია. საერთაშორისო შეფასებები დღეს უკვე მკვეთრად პოლიტიკური ხასიათისაა, რასაც ალბათ მალევე ვიხილავთ დასავლეთის ოფიციალური სტრუქტურების განცხადებების ტონსა და შინაარსშიც.
ამ გზავნილების პირველი ადრესატი პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება, რომელიც, მიუხედავად მისი ბოლო განცხადებისა, რომ სააკაშვილის შეწყალება აზრსმოკლებულად მიაჩნია, აშკარად უფრო მოწყვლადი და დამყოლია დასავლური პოლიტიკური ესტაბლიშმენტის აზრის მიმართ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. გარდა ამისა, პრეზიდენტი არა მხოლოდ ხედავს, არამედ პირდაპირ საუბრობს საქართველოს გეოპოლიტიკური კურსის გაურკვევლობაზე, რასაც დიდი ზიანი მოაქვს საქართველოს რეპუტაციისა და ევროპული პერსპექტივისთვის. და თუ დასავლეთიდან იქნება შეწყალების თხოვნა შესაბამის კონტექსტში, სულაც არ არის გამორიცხული, რომ საბოლოოდ მან ეს ნაბიჯი გადადგას. იმის გათვალისწინებითაც, რომ რაც დრო გადის, სააკაშვილის შეწყალებასთან მიმართებაში პრეზიდენტი სულ უფრო ნაკლებად კატეგორიული ხდება.
მოწოდებები მიმართული იქნება პოლიტიკური ოპოზიციის, კერძოდ კი ნაცმოძრაობისკენაც, რომელმაც ბოლომდე უნდა გაიაზროს, რომ დასავლეთის უმკაცრესი რეაგირების და აქტიური ჩართულობის გარეშე, მიზნის მიღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება, რაც სრულ სინქრონიზაციაში უნდა მოვიდეს შიდა ფაქტორებთანაც. ასეთი სინერგიისთვის კი აუცილებელია, რომ პარტიის ლიდერებმა უფრო მეტი ანგარიში გაუწიონ დასავლეთის პოზიციას. იქიდან გამომდინარეც, რომ საქართველოს მხრიდან ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების თემა კრიტიკულ ფაზაშია, ხელისუფლება კი აშკარად ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ საკითხი ჩავარდეს და შემდგომ ყველაფერი ოპოზიციას დამბრალდეს. და თუ ნაცმოძრაობა საკუთარი გადაწყვეტილებებით თუ ქმედებებით აშკარა საბაბს მისცემს ოცნებას, ის ამით დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებაზე პოზიტიური ზეწოლის ბერკეტს მოუსპობს.
მეორე მხრივ, ცხადია, რომ ივანიშვილის ამ ნაბიჯს, რომელიც სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენაა მიმართული, და რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოიხატა, ნაცმოძრაობა მკვეთრი რეზონანსის გარეშე ვერ დატოვებს. ვითარების გამწვავებით მან უნდა აგრძნობინოს ხელისუფლებასაც და დასავლეთსაც, რომ არსებული გარემო ვეღარ შენარჩუნდება და ის შედარებითი კომფორტის ზონა, რომელიც ქვეყნის უპრობლემოდ მართვის შესაძლებლობას აძლევდა ივანიშვილის მთავრობას, ვეღარ იარსებებს. ნაცმოძრაობის ახალმა ლიდერებმა, ასევე, უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც მისსავე მხარდამჭერებს სააკაშვილის გადარჩენის აქტიურ პროცესში ჩართავს, და რითაც აჩვენებენ განსხვავებას პარტიის ყოფილი ხელმძღვანელობისგან, რომელთა მიმართაც პრეტენზიების ძირითადი ნაწილი, სწორედ ამ მიმართულებით პასიურობის გამო გაჩნდა.
თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა აქ ჩამოთვლილი ფაქტორის ყურადღებით გათვალისწინებაა საჭირო. პოლიტიკური ბოიკოტი გასაგები და მართებულია, თუმცა მანდატების დატოვებას, რაც ბუნებრივია, პირველ რიგში, პოლიტიკური აქტია, აქვს ფინანსური, ლოგისტიკური, საერთაშორისო თუ თანმიმდევრულობის კომპონენტიც. თუ პარტია უარს ამბობს პარლამენტის მანდატებზე, მან ლოგიკურად, ასევე, უარი უნდა თქვას თვითმმართველობის ყველა დონის ორგანოებში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, ბოიკოტის ეს ფორმა თავისთავად მიზნის მისაღწევად საკმარისი არ არის. არჩევითი ორგანოების დატოვების შემდეგ, საჭიროა ძველი დღის წესრიგის პარალელური აქტივობით ჩანაცვლება, იქნება ეს საჯარო სივრცეში, თუ ქუჩაში, რასაც განწყობასთან და პოზიციის მკაფიოობასთან ერთად, ლოგისტიკური უზრუნველყოფაც სჭირდება. აქტიური საგარეო მხარდაჭერის მოპოვება და შენარჩუნება ითხოვს საერთაშორისო პოლიტიკურ ინსტიტუტებში წარმომადგენლობას, ანუ შესაბამის მანდატს, საპარლამენტო თანამდებობების, ბერკეტებისა და კავშირების ეფექტურ გამოყენებას. და რაც მთავარია, საპარლამენტო და თვითმმართველობის ორგანოების მანდატებზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს ისედაც მწირი სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას და ადმინისტრაციული რესურსებისა და მექანიზმების განულებას. ამიტომ ემოციისა და ერთმანეთის მკვეთრი ნაბიჯებისკენ ბიძგის მიღმა, არსებობს რაციონალური გათვლების, რისკების დაზღვევის და ფინანსური, ლოგისტიკური თუ საერთაშორისო რესურსების დანაკარგების კომპენსაციის აუცილებლობა.
საბოლოო ამოცანის მისაღწევად კი საჭიროა ოცნების ხელისუფლების სრული დელეგიტიმაცია. რისი მიღწევაც, დღევანდელ ვითარებაში, მხოლოდ სამი ძირითადი კომპონენტის ერთობლიობითაა შესაძლებელი: ეს არის სრული ბოიკოტი და ქართული ოცნების არჩევით ორგანოებში მარტო დატოვება; ქვეყანაში არსებული კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების სრული მობილიზაცია, ეფექტური მართვა და ოპოზიციურ ძალებთან ფართო კოალიცია; და ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის უპრეცედენტოდ გაძლიერება. ეს სამივე კომპონენტი თუ ერთმანეთთან სრულ სინქრონიზაციაში არ მოვიდა, ფალსტარტის და ისედაც დეპრესიაში მყოფი საზოგადოების მორიგი იმედგაცრუების ალბათობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ფორმულა