სამაგონით მთვრალი ქვეყანა – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

როდესაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მხარს ღიად უჭერს, ომში უკრაინასთან მის უპირატესობაზე საუბრობს, დასავლეთს ომის გლობალურ პარტიად და საქართველოს ომში ჩათრევის მოსურნედ მოიხსენიებს, ბევრისთვის სერიოზულად დამაბნეველია თუ რატომ მასპინძლობს ამერიკის თავდაცვის მდივანი ქართველ კოლეგას ვაშინგტონში, საქართველოსადმი საქებარ სიტყვებს არ იშურებს და დახმარებასაც გვიზრდის. უკვე ღიად ისმის ლოგიკური კითხვა: თუ ივანიშვილის მთავრობა კრემლისკენაა, მაშინ ვაშინგტონი რატომღა ეფერება, სხვაგვარადაც შეგვიძლია ვთქვათ – ეფარება საქართველოს, როგორც CNN-მა მკაფიოდ უწოდა პრო-პუტინურ ხელისუფლებას.

ოფიციალური თბილისის ბოლოდროინდელი ქცევა ძალიან წააგავს ვითარებას, როდესაც წესიერი, ზრდილობიანი და პატივსაცემი ადამიანი წვეულებაზე სრულიად არაადეკვატურად იქცევა, ილანძღება და მეგობრების მიმართ აშკარა შეურაცხყოფასა და პროვოკაციაზე გადადის. ალბათ არაერთხელ ყოფილხართ ასეთ ვითარებაში. ჩვეულებრივ, შესაძლოა, მსგავსი საქციელი არავის აპატიო, თუმცა, როდესაც იცი რომ შენი მეგობარი მთვრალია, ცდილობ არ გააღიზიანო, დაამშვიდო, ვითარება გაანეიტრალო, სერიოზულ შარს გადაარჩინო და საწოლამდე მშვიდობით მიიყვანო, იმ იმედით რომ მეორე დღეს, გამოფხიზლებულს, უკვე სხვაგვარად დაელაპარაკები.

დღეს ამერიკა და დასავლეთი საქართველოს უყურებს და ექცევა როგორც რუსული ჰიბრიდული სამაგონით მთვრალ კაცს, რომლის ცუდი სიმთვრალეც აქამდე არ უნახავთ. მათ მხოლოდ ის ახსოვთ, რომ ქართველები – მამაცი და თავისუფლების მოყვარე ერია, თავს ყოველთვის დასავლეთის ნაწილად მიიჩნევდნენ და არაერთხელ უჩვენებიათ, რომ რეფორმების გატარებაც შეუძლიათ, ომი და ქვეყნის დაცვაც იციან, მეგობრები ბრძოლაში არასდროს მიუტოვებიათ და ნატოს მისიებშიც ღირსეულად უმსახურიათ. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ, თითქოს თავში ყველაფერი 180 გრადუსით ამოგვიტრიალდა და უცებ ისეთი ლაჩრები, უღირსები, ირაციონალურები და წინდაუხედავები გავხდით, როგორც დღეს საქართველოს ხელისუფლება იქცევა. ეს ქცევა კი ყოველგვარ შინაგან ლოგიკას და კანონზომიერებასაა მოწყვეტილი, და ჩვენს წარსულთან, დნმ-თან და გაცხადებულ მიზნებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. ოცნების ლიდერები დღეს ჩვენს მეგობრებს მტრებად აცხადებენ, მტერთან კი მეგობრულად თანამშრომლობენ. ევრო-ატლანტიკური სივრცისგან აქტიურ დისტანცირებას ცდილობენ და ოკუპანტთან ღრმა ურთიერთობებში შედიან. უკრაინის ხელისუფლებას უპირისპირდებიან, დასავლელ მეგობრებს ღიად ლანძღავენ, რუსეთთან კი ფრენების აღდგენას მიესალმებიან. ამიტომაც ცდილობენ ჩვენი დასავლელი მეგობრები დღეს გონებაარეული და არაადეკვატური საქართველოს დაშოშმინებას. უყვავებენ და ბევრ რამესაც პატიობენ, იმ იმედით, რომ რუსული ჰიბრიდული სასმელით გაბრუებულმა რამე გამოუსწორებელო სისულელე არ ჩაიდინოს, ხოლო როდესაც გამოფხიზლდება ისეთივე იხილონ, როგორსაც მანამდე იცნობდნენ.

თუმცა, მთვრალი კაცის ყველას მხრიდან მოფერება არ გამოვა. დასავლეთში იმედი აქვთ, რომ ქვეყნის შიგნით გამოჩნდებიან ისეთებიც, პირველ რიგში კი აქტიური საზოგადოება, რომელიც ორიენტაცია არეულ ხელისუფლებას კარგად შეაჯანჯღარებს და ცივი შხაპით გამოაფხიზლებს, ან მინიმუმ საწოლამდე მაინც მიიყვანს და არჩევნების საშუალებით დასვენების საშუალებას მიცემს, იმისთვის, რომ ქვეყანა ჩვეულ მდგომარეობასა და დასავლურ ორიენტირს დაუბრუნდეს. თუმცა, თუ ეს დროულად არ მოხდა, ასეთი საქართველოს ატანა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. თუ სიმთვრალეში ერთხელ გაფრენა – ლოთობაში, ქრონიკულ დებოშში, აყალ-მაყალსა და მეგობრების მუდმივ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, დასავლელი პარტნიორები იძულებულები გახდებიან ჩვენთან მოპყრობის წესები შეცვალონ. როდესაც გალეშილ ადამიანს აღარავისი ესმის და საკუთარი სიმთვრალით პრობლემებს ხშირად  ქმნის, მას ჯერ კარგა გვარიანად წამოუთაქებენ, შემდეგ კი მასთან ყოველგვარ კონტაქტს გაწყვეტენ.

მოსკოვი კი, რომელიც დღეს უკვე ჩვენი “საბუტილნიკია”, ხაინდრავების და ხალხის ხმის საშუალებით გვაქეზებს და გვეუბნება რომ დებოში, ხულიგნობა და დასავლელი მეგობრების შეურაცხყოფა კარგი საქმეა; და რომ სწორედ ეს არის ნამდვილი ვაჟკაცობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მანიშნებელი; და რომ პირველად საქართველოს ისტორიაში გვყავს ხელისუფლება, რომელიც სუვერენულად იღებს გადაწყვეტილებას. რუსეთი კი ამასობაში უწყვეტად გვამარაგებს ორნახადი სამაგონით. ეს არის ვითომდა 10 პროცენტით გაზრდილი, უკრაინაში წარმოებული სასტიკი ომის შედეგებზე პარაზიტირებული ეკონომიკა: რუსეთიდან გადმორიცხული შავი ფული, ასობით ათასი საქართველოში ჩამოსახლებული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე, რომელთა ხარჯზე იზრდება ბიზნესიც, ბინის ქირაც და უძრავი ქონების ფასებიც. კრემლი ამ “ეკონომიური სამაგონით” ცდილობს მუდმივად გრადუსში და აგრესიულ მდგომარეობაში ამყოფოს საქართველო მანამ, სანამ ნამდვილი მეგობრები საბოლოოდ ხელს არ ჩაიქნევენ და გადაწყვეტენ რომ ამ ქვეყანას სიმთვრალე ლოთობაში გადაუვიდა, ან სანამ ჩვენ თავად არ მივხვდებით რომ ეს ზოგისთვის ტკბილი სამაგონი – შხამია, რომელიც ნელ-ნელა გვწამლავს.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share