რუსეთში საქართველოს, მოლდოვასთან ერთად, „შედარებით მეგობრულ სახელმწიფოდ“ მიიჩნევენ. ამის შესახებ მოსკოვში არსებული კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშში არის ნათქვამი, რომელიც მეზობელი ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმის მეგობრულობის რეიტინგს განსაზღვრავს. მონაცემებს „კომერსანტი“ ავრცელებს.
მეზობლების მხრიდან რუსეთის მიმართ მეგობრული ურთიერთობების მონიტორინგს მოსკოვის ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს. შესწავლილი 14 ქვეყნიდან რვა მეგობრულად იქნა აღიარებული, ოთხი – ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და უკრაინა აშკარა მტრების კატეგორიაში მოხვდა, ხოლო საქართველო და მოლდოვა შედარებით მეგობრულ სახელმწიფოებად ჩაითვალა. რუსი ექსპერტები საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ხაზგასმით აღნიშნავენ, რადგან „ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა და ფედერაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს აფართოებს.“ თუმცა კვლევის ავტორები მოლდოვას იგევენაირად არ აფასებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანა კომუნიკაციის პირობების გაუარესების გზას დაადგა.
ბუნებრივია, რუსეთის მოკავშირე სახელმწიფო, ბელარუსი იყო და რჩება რეიტინგის უდავო ლიდერად, რომელმაც ყველა სახის კომუნიკაციაში უმაღლესი შეფასება მიიღო. ურთიერთობების დინამიკის გაუმჯობესება დაფიქსირდა რუსეთის ისეთ მეგობარ ქვეყნებთანაც, როგორიც არის ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. თუმცა სომხეთი და ყაზახეთი „მერყევი რეჟიმების“ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც რუსეთთან ურთიერთობის ისტორიის გადახედვა იწყება და კომუნიკაციის განვითარების პირობები, სავარაუდოდ, უარესობისკენ იცვლება.
კვლევის შედეგები მეგობრული კომუნიკაციების შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ვალენტინა კომლევამ წარადგინა, რომლის თქმითაც, კვლევის დროს გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ პოლიტიკური კომპონენტი, არამედ მოსახლეობის ზოგადი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. კომლევას ცნობით, ადგილობრივმა ექსპერტებმა გააანალიზეს სულ 68 ინდიკატორი, როგორიც არის გადაადგილების თავისუფლება, რუსული ენისადმი დამოკიდებულება, ეკონომიკური კავშირები, სამეცნიერო და კულტურული კომუნიკაციები, გაეროში ხმის მიცემა და ა.შ.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ, წინა წელთან შედარებით, რეიტინგის ყველა მონაწილე თავის ადგილზე დარჩა, თუმცა უკრაინის ომმა და დასავლეთის ანტირუსულმა სანქციებმა „მეგობრულობისა“ და „არამეგობრულობის“ პოლარიზაცია გააძლიერა.
ქულების მიხედვით „მეგობრული“ და „არამეგობრული“ მეზობელი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
- ბელარუსი – 88,4 ქულა
- ყირგიზეთი – 60.6 ქულა
- უზბეკეთი – 59.3 ქულა,
- ყაზახეთი – 58.4 ქულა
- სომხეთი – 58.3 ქულა
- ტაჯიკეთი – 57.9 ქულა
- აზერბაიჯანი – 57 ქულა
- თურქმენეთი – 47.1 ქულა
- საქართველო -24.2 ქულა
- მოლდოვა – 8.3 ქულა
- უკრაინას – მინუს 83.6 ქულა
- ესტონეთი – მინუს 51.8 ქულა
- ლიეტუვა – მინუს 49 ქულა
- ლატვია – მინუს 45.8 ქულა
უკრაინის ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციების საპასუხოდ რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ სია დაამტკიცა, რომელშიც 50-მდე სახელმწიფო შეიყვანა. მათ შორის არის აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, შვეიცარია და იაპონია.