ექსპერტი, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით აფექტის მდგომარეობაშია. ამის შესახებ ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რაღაც პროგნოზს გავაკეთებდი იმ შემთხვევაში, რომ ვხედავდე ხელისუფლებაში იმის პოტენციალს, რომ ისინი მზად არიან, თუნდაც რაღაცაზე ივაჭრონ სააკაშვილის თემით, მაგრამ ამას ვერ ვხედავ. შესაბამისად, ვაკეთებ დასკვნას, რომ ხელისუფლება სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით არის ერთგვარ აფექტის მდგომარეობაში. ისინი ვერ ხედავენ და არც ვაჭრობა იციან, რაზე ივაჭრონ არ იციან. არც ეს შეუძლიათ, არც ის შეუძლიათ… გაუშვან ვაია, არ გაუშვან ვუია. რაღაც კომფორტს ხედავენ სააკაშვილის თემის მუსირებით და კარგ გამოსავალს ვერ ხედავენ. აქვთ ცუდსა და უარეს შორის არჩევანი. შესაბამისად გადაწყვეტილებას ვერ იღებენ ეს საკითხი აქვთ კონსერვაციაში, ევროსკეპტიციზმის, ანტიევროპული განწყობების გაძლიერების ხარჯზე და იმ ხალხის ხარჯზე ვისაც სააკაშვილის სისხლი სწყურია. ჩიხში არიან, კედელთან მიყენებულად გრძნობენ თავს და კედელთან მიყენებული მხდალი, უღირსი ადამიანი, როგორ მოიქცევა, ამის ექსპერტი არ ვარ“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.