კობახიძე რეზოლუციაზე: ასეთი გადაწყვეტილება შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ადარებს და აცხადებს, რომ ეს სსრკ-ის უზენაეს საბჭოსაც “შეშურდებოდა”. ამის შესახებ მან რუსთავის 2-ის გადაცემა ღამის კურიერში ისაუბრა.

“საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ეს არის ფაქტი. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ აბსურდულ ჩანაწერებს მოგვიანებით არ იზიარებს არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო. ასე მოხდა წინა ორ შემთხვევაში და ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც. რა სჭირს ევროპარლამენტს, არ ვიცი, ახლა. მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ჩვენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით და აქცენტს ვაკეთებდით, მაგალითად, კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებზე.

მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ასეთი გადაწყვეტილება, მე პირდაპირ ვიტყვი, შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლო მაშინ რაც ხდებოდა, გადაიცემოდა მაშინ საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა, იგივე მოხდა დღეს და იგივე მოხდა წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაში ევროპარლამენტში, ეს არის სრული კატასტროფა”, – განაცხადა მან.

კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარები და ამ ცვლილებების ინიციატორები “შეგნებულად” მფარველობენ დამნაშავეებსა და დამნაშავე პოლიტიკურ ძალას იმიტომ, რომ მათ კონკრეტული ინტერესი აქვთ.

დღეს ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დეპუტატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ შეშფოთებას გამოხატავენ და ხელისუფლებას მისი სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ. ამასთან, მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ სააკაშვილის შეწყალების მიზნით თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს.

შესწორების ნაწილში მოხვდა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერიც, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარები პარტნიორებს მოუწოდებენ, მისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.  მათი თქმით, სააკაშვილის პატიმრობა არის “ივანიშვილის პირადი ვენდეტის ნაწილი”.

ტექსტში საუბარია იმაზეც, რომ პატიმრებისადმი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share