კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეს გამოეხმაურა. POSTV-ის ეთერში მან სანდრო სულაბერიძის პროტესტი მან ნამუშევრის გატაცება უწოდა და სხვა ხელოვანების პროტესტს “პოზა” უწოდა.
“თავიდან გალერეის გუნდი დაბნეული იყო რადგან არ იყო მათთვის ცნობილი, რომ მხატვარმა გაიტაცა საკუთარი ნამუშევარი. თუმცა, რაც არ უნდა შენივე ნამუშევარი გაიტაცო გალერეიდან… აი, მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ, რომ მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი, ექნებოდა თუ არა მას ამის უფლება? ძალიან ფილოსოფიური და საინტერესო კითხვაა, თუ მივცემდით ამის ნებას მაშინ იმასაც დავაყოლებდით, რომ ფიროსმანი ფიროსმანია”, – აღნიშნა წულუკიანმა.
გარდა ამისა, კულტურის მინისტრმა თქვა, რომ ეროვნულ გალერეაში შექმნეს თავისუფალი სივრცე, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც სწორედ იყო ის გამოფენა, სადაც სანდრო სულაბერიძის ნამუშევარი გამოიფინა.
“არის ელემენტარული წესები. გალერეა არ არის კერძო ბუტკა, არის სახელმწიფოსი. სხვა თუ არაფერი ეს არის საგამოფენოო სივრცე და საცავიც. რა თქმა უნდა, გალერეაში იყო უსაფრთხოების რგოლშიც, როგორც ჩანს, სისუსტე ადამიანმა რომ მოხსნა, წავიდა, გაიარა ამხელა მანძილი და მიიმალა. დასაფასებელია რომ ადამიანებმა იგრძნეს იქ პასუხისმგებლობა და თავისით დატოვა სამსახური”, – თქვა წულუკიანმა.
4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნული გალერეის კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და კედელზე დატოვა წარწერა: “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!”.
მოგვიანებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე კედელზე გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოკითხეს. შავგულიძემ ფორმულასთან თქვა, რომ პოლიციაში კითხვები ჰქონდათ წარწერაზე, ასევე, მისი და სულაბერიძის ურთიერთობაზე.
5 თებერვალს განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, რომელშიც წერია, რომ “გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია”.
სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრეს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებდნენ, სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის კვალიფიკაცია შეეცვალა.
11 თებერვალს საქართველოს პენცენტრმა დაგმო მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული საქმე დაგმო. 12 თებერვალს კი ეროვნულ გალერეასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.