ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სენატორმა შაჰინმა თქვა, რომ საკითხი აქტიურად განიხილება როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნებშიც. როგორც სენატორმა აღნიშნა, ციხეში მყოფი ადამიანების სამედიცინო მომსახურებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
“მისი [მიხეილ სააკაშვილის] მდგომარეობა განიხილება არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, როგორც ეს გამოჩნდა ჩვენი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნის დროსაც. ნებისმიერ დემოკრატიულ მთავრობას ენიჭება პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ციხეებში მყოფი ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მათ სჭირდებათ. მეც და სხვებიც ვიმედოვნებთ, რომ ბატონი სააკაშვილი მიიღებს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მას სჭირდება, განსაკუთრებით მისი მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით”, – თქვა ჯინ შაჰინმა.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას პატიმრობას, ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვერ იქნება ქმედითი დემოკრატია, თუ ადამიანები, რომლებიც მედიაში მუშაობენ, შეიძლება ციხეში მოხვდებიან იმის გამო, რასაც აშუქებენ.
“არ ვიცნობ ამ [ნიკა გვარამიას] საქმის დეტალებს, მაგრამ ფაქტია ის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრესის, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გექნება ქმედითი დემოკრატია, თუკი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ რეპორტიორებად, მუშაობენ მედიაში, შეიძლება მოხვდნენ ციხეში იმისთვის, რასაც გადასცემენ. ეს არის დემოკრტიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და წარმოადგენენ იმ პირობების ნაწილს, რომელთა მოგვარებასაც ევროკავშირი სთხოვს საქართველოს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიაზრონ, რომ, თუკი დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობ, ოპონენტები ციხეში არ უნდა ჩასვა და ჟურნალისტები ციხეში არ უნდა ჩასვა. უნდა დაიცვა კანონის უზენაესობა”, – თქვა შაჰინმა.
შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 20 თებერვალს იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სენატორებს შეხვედრები ჰქონდათ, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მესამე სექტორთან.