,,ეს არის ხარკი, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესის დიდი ნაწილი ვერ უძლებს“ – რა გადასახადების გადახდა უწევს ბიზნესს ქსელური სუპერმარკეტების დახლებზე მოსახვედრად

2 კვირაზე მეტია, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მთავარი დავალება პრემიერისგან პირველადი დანიშნულების პროდუქტზე ფასის შემცირებაა. ფასნამატი რომ მაღალია, ყველა თანხმდება, თუმცა სამუშაო ჯგუფებში ირკვევა, ვისი ბრალია იმპორტიორების, თუ რითეილ სექტორის. პრემიერის ბოლო განცხადებით, საზოგადოებამ გაიგო, რომ ქსელური მარკეტები, თამაშობენ იმ წესებით, რომელიც არ არის საერთაშორისო პრაქტიკა და ეს უნდა დარეგულირდეს კანონით სამართლიანი ვაჭრობის შესახებ.

რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კი, „ბიზნესპრესნიუსს” უთხრა, რომ ევროდირექტივა, რომელსაც კანონი უნდა დაეფუძნოს, რეალურად ადგილობრივი წარმოების და ფერმერებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს, რაც ქსელურ მარკეტებს ისედაც აქვთ და განთავისუფლებული არიან არაერთი გადასახადისგან.

მცირე ბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ქართული ნუგბარის მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელას” დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან” აცხადებს, რომ მაღალი გადასახადების გამო, ისინი არცერთ დიდ ქსელში არ არიან წარმოდგენილი.

„ეს არის იმხელა ხარკი, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესის დიდი ნაწილი ვერ უძლებს. ბოლო პერიოდში ნამდვილად არ ვიცი როგორაა, რადგან კატეგორიულად აღარ ვეკარებით დიდ ქსელებს. იმდენად დიდი გადასახადები ჰქონდათ, როცა შესვლას ვგეგმავდით, რომ გადაუჭრელ პრობლემად იქცა. 1 სახეობაზე 800 ლარს და პლუს დღგ-ს გადასახადს გვთხოვდნენ. 5 სახეობაც რომ შეგვეტანა, მაინც ძალიან დიდი იყო გადასახადი. ეს მოთხოვნები ჰქონდა ყველა დიდ ქსელს, ვისთანაც გვქონდა მოლაპარაკება. ეს არის კაბალური პირობები.“ – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მცირე ბიზნესისგან განსხვავებით, ქსელებში შესვლას ახერხებს, თუმცა გადასახადები რომ მაღალია და არავითარი შეღავათი არ არსებობს ადგილობრივი წარმოებისთვის, ამაზე რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის, „შირაქის” დამფუძნებელი ნიკოლოს ბენიაიძე „ბიზნესპრესნიუსთან” საუბრობს.

„ყველაზე მძიმე ბიზნესისთვის ქეშბექია. ამის გარდა, არის შესვლის გადასახადი. ახალ ქსელში რომ შედიხარ, არის გადასახადი, ამის გარდა, არის გადასახადი სათითაო პროდუქტზე, ზოგი 1000 ლარია, ზოგი მეტი, ქსელს გააჩნია. ყველა ახალ შეტანილ პროდუქტზე ამ გადასახადის გადახდა გვიწევს. იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეღავათი. თავიდან, როცა ქსელებში შევედით, 2 კვირაში ერთხელ, ან ყოველ კვირას გვიხდიდნენ. დღეს გადავიდნენ 1 თვეზე. ამ დროს, ჩვენ ნედლ რძეს ვყიდულობთ ყოველდღე და ყოველდღე ვიხდით ან 2-3 დღეში ფერმერებთან ფულს. ერთი თვის გასვლის შემდეგ, არ აბრუნებენ ფულს სრულად და იკავებენ ძალიან დიდ თანხას, არ ანულებენ. ყველაზე რთული და ცუდი ეს გაჩერებული დიდი თანხაა, რომლის რესურსი ქართული წარმოებების დიდ ნაწილს არ გვაქვს 100 -200 ათასს რომ აჩერებს თითო ქსელი, როგორ უნდა განაგრძო ოპერირება? 1 წელი უნდა იმუშაო დაახლოებით, რომ ამოავსო ეს თანხა. არანაირი პრივილეგია და შეღავათი არ გვაქვს ქართულ წარმოებებს“, – განაცხადა ბენიაიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share