ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედური მოსაზრება ცნობილია.
კომისია ხაზს ისვამს იმ საფრთხეებს, რომლებიც შესაძლოა, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ წარმოიშვას.
დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ კანონპროექტი შეიცავს რამდენიმე არასათანადოდ განმარტებულ ტერმინს, არსებობს მთავრობის მიერ მისი ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენების საფრთხე და შესაძლოა, დაარღვიოს ადამიანის უფლებათა კონვენციის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება.
“ოლიგარქიზაციის პრობლემის გადასაჭრელად სხვა მეთოდებს მიმართეთ”- ეუბნება ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას.
დოკუმენტში გამოყოფილია ორ მიდგომა – კომისიის შეფასებით, „პერსონალური“ მიდგომისას ხდება ადამიანების სპეციფიკური კრიტერიუმებით შერჩევა და მათთვის „ოლიგარქების“ დარქმევა. ამგვარი კრიტერიუმები კი შესაძლოა იყოს მედიის მფლობელობა, სიმდიდრე და ა.შ. და მიზნად ისახავს მათი გავლენის შემცირებას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
ვენეციის კომისია წერს, რომ ამგვარი მოდელი აჩენს ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს და მყარი გარანტიების გარეშე, შესაძლოა დაირღვეს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის პრინციპები.
ვენეციის კომისიის შუალედურ შეფასებაში ნათქვამია, რომ ოლიგარქის სტატუსით განსაზღვრულ პირებს პოლიტიკურ კონკურენციაში დარჩენა უნდა შეეძლოთ.
“მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება, ვინ იქნება განსაზღვრული “ოლიგარქად” არ გახდეს ხელსაწყო პოლიტიკური კონკურენციიდან გამოთიშვისთვის”. – წერია მოსაზრებაში.
ვენეციისმ კომისია კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ “ოლიგარქად” გამოცხადება ხელისუფლებამ პარტიული მიზნებით არ უნდა გამოიყენოს.
კომისია საჭიროდ მიიჩნევს დავიწროვდეს და განიმარტოს ტერმინები – „ჩართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში“, „აქვს მნიშვნელოვანი ზეგავლენა მასმედიაზე“. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ საჭიროა განიმარტოს პროცედურები, თუ რა ინფორმაცია უნდა დამუშავდეს და რომელი უწყებების მიერ.
კომისიის შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ პოტენციური „ოლიგარქების“ პერსონალური მონაცემების შეგროვების შეფასებისა და დამუშავების პროცესში შესაძლოა დაირღვეს კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი ცხოვრების უფლება), ხოლო მათთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, საარჩევნო კამპანიებში და დემონსტრაციებში ჩართვის აკრძალვით- მე-10 და 11 მუხლები (გამოხატვის და შეკრების თავისუფლება).
ამასთან, მოსაზრებაში ხაზგასმულია ისიც, რომ პირის ოლიგარქად გამოცხადება ეყრდნობა გაუგებარ კრიტერიუმებს.
ვენეციის კომისიის შეფასებით, “კანონპროექტი მთავრობას აძლევს ზედმეტ დისკრეციას, გადაწყვიტოს რა ინფორმაცია მოაგროვოს, შეაფასოს და დაამუშაოს, ვის მიერ და როგორ გადაწყდეს, თუ ვინმე “ოლიგარქად” გამოცხადდება”.
კომისია წერს, რომ არსებობს კანონის შერჩევითად გამოყენების საფრთხე.
ამასთან, ვენეციის კომისია გამოთქვამს შეშფოთებას, რომ კანონპროექტში სასამართლო პროცესის წინმსწრები გარანტიები არ არსებობს. ხაზგასმულია, რომ მთავრობის მიერ პირის ოლიგარქად გამოცხადება ხდება საჯარო უწყებისა და მაღალჩინოსნების, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლების წარდგინების საფუძველზე.
დოკუმენტში წერია, რომ ოლიგარქიზაციის მოგვარება შეუძლებელია სასამართლოს სტრუქტურული რეფორმებისა და მისი დამოუკიდებლობის გამყარების გარეშე.
ვენეციის კომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ოლიგარქიზაციის პრობლემის გადაჭრის სხვა მეთოდებიც შეისწავლოს.
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შეისწავლოს პოლიტიკური სფეროს “ოლიგარქიზაციის” პრობლემის გადაჭრის სხვა გზები, რომლებიც მისაღწევი მიზნის თანაზომიერი იქნება და არ მოიცავს კონკრეტული პირების “ოლიგარქებად” გამოცხადებას ფართო კრიტერიუმებზე დაყრდნობით”. – ვკითხულობთ დოკუმენტში. კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოს პარლამენტს ორი მოსმენით აქვს მიღებული, რის შემდეგაც ის ვენეციის კონვენციას გადაეგზავნა.