ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
“დღეს, 2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის დაკავების ორდერი გასცა: ბ-ნი ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი და ქ-ნი მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვა”, – აღნიშნულია ICC-ის განცხადებაში.
საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ რომის სტატუსის რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.
“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები დასძენენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე როგორც უშუალო მონაწილე.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინა რუსეთს ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ადანაშუალებს, თუმცა მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს.
მიუხედავად პუტინისა და ლვოვა-ბელოვას მიმართ გამოწერილი ორდერისა, ICC-ის სასამართლოს არ აქვს დაკავების უფლებამოსილება და იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ იმ ქვეყნებში შეუძლია, რომლებიც რომის სტატუტის ხელმომწერები არიან. რუსეთი ხელმომწერი სახელმწიფო არაა.
ICC-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ რუსეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის “მნიშვნელობა არ აქვს.”
გამოცემა The New York Times-ის 13 მარტს წერდა, რომ ჰააგის სასამართლო ორი საქმის აღძვრას გეგმავდა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულებებს ეხებოდა.
ეს საქმეები წარმოადგენენ პირველ საერთაშორისო ბრალდებებს, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და რაც სპეციალურმა სამსახურებმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად გამოავლინეს. სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთი იტაცებდა უკრაინელ ბავშვებს და მოზარდებს და აგზავნიდა მათ სპეციალურ რუსულ ბანაკებში, ხოლო კრემლი განგებ ურტყამდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
გამოცემა წერდა, რომ სასამართლოს განხილვის ალბათობა არ არის მაღალი, რადგან ესპერტების თქმით, სასამართლოს არ შეუძლია საქმეები დაუსწრებლად განიხილოს, ხოლო რუსეთი საკუთარ მაღალჩინოსნებს არ გადასცემს.
ინფორმირებული ოფიციალური პირების თქმით, ომის დანაშაულების პირველი ფაქტები უკრაინიდან ბავშვების გატაცებას ეხება. როგორც გამომძიებლებმა და The New York Times-მა გაარკვიეს, კრემლს აქვს შექმნილი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები გადაჰყავდათ სპეციალურ სახლებში, ანიჭებდნენ რუსეთის მოქალაქეობას და შემდგომ აგზავნიდნენ ე.წ. საზაფხულო ბანაკებში, რათა მათი მსოფლმხედველობა შეეცვალათ. ოფიციალური მოსკოვი ამ პროგრამას ჰუმანიტარულ მისიად ასაღებდა.