საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა

2022 წლის მე-4 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 20 563 000 000 ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მისივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წლის მე-4 კვარტალში 10 პროცენტით განისაზღვრა.

„2022 წლის მეოთხე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (33.2 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (60.9 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (27.9 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.8 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (5.0 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-8.7 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-8.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.8 პროცენტი) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-5.2 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.7 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (10.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.1 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.1 პროცენტი),“ – აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share