საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ გუშინ, 21 მარტს გამოიტანა, აქტიური განხილვის საგანია.
მედია სექტორში აღნიშნულს კრიტიკულ მედიაზე მიზანმიმართულ ზეწოლად მიიჩნევენ, რადგანაც, თუ დღის წესრიგში, დავით კეზერაშვილის აქტივების დაყადაღება დადგება, რომელიც მას საქართველოში გააჩნია, ამით ზიანი მიადგება მხოლოდ და მხოლოდ ტელეკომპანია „ფორმულას“, რომელიც საქართველოში კეზერაშვილის ერთადერთი აქტივია (51%).
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, ყველასთვის ცუდად დასრულდა.
„აქ არ არის საუბარი, რომელიმე ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ ხელოვნურად წარმოებულ საქმეებზე, აქ საუბარია მიზანმიმართულ პოლიტიკაზე, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა იყოს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობა.
ეს არავის გამოსვლია დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში და არც არავის გამოუვა მომავალში, პირ იქით, ვინც ამას ეჯახებოდა, იმსხვრეოდა კიდეც“, – განაცხადა თარგამაძემ.