ოზურგეთი – მდებარეობა ოზურგეთისა – საიდან დაერქვა ოზურგეთს თავისი სახელი? – თედო სახოკია – „მგზავრის წერილები“ (ჟურნალი „მოამბე“ 1897 წელი)

თედო სახოკია – „მგზავრის წერილები“ (ჟურნალი „მოამბე“ 1897 წელი) მესამე თავი

ოზურგეთი. – მდებარეობა ოზურგეთისა. – საიდან დაერქვა ოზურგეთს თავისი სახელი? –  ჰავა ოზურგეთისა. – სახლები. – ვაჭრობა და ვაჭრები. – ჩაცმულობა იქაურის ვაჭრისა. – „პარასკეობა“. – მეგრელი მწყემსები გურიაში. – ქალაქის ბაღი, მისი წარსული და აწმყო. – ოზურგეთი, როგორც სატახტო ქალაქი გურიელებისა. – სასახლის გალავანი. – უკანასკნელი მთავარი გურიისა და მისი ოჯახის თავგადასავალი. – გურიელის ჩამომავალნი ოზურგეთში. – წინად სადა მდგარა გურიელი? – სასახლე მისი ოზურგეთს. – მოგზაური დიუბუა დე მონპრე ოზურგეთში. – ბოტანისტი სოვიჩი. – აწინდელი სახე მთავრის სასახლისა. – ეკკლესიები. – გურული კილო გალობისა. – ღვაწლი ფილიმონ ქორიძისა. – სასტუმრო გურიის დედა-ქალაქისა. – მცხოვრებთა რიცხვი. – ვინაობა მცხოვრებთა. – ქართველი კათოლიკენი ოზურგეთში. – „დრუჟნა“. – მიცვალებულთა პარვა.

 

აჰა ესეც კოპწია გურიის  დედა-ქალაქიცა! ადამიანის ყურადღებას იპყრობს თავდაპირველად ის უხვი მწვანე სამოსელი, რომელშიაც გახვეულია ოზურგეთი. ასე ბრძანებთ შეცდომით ტყეში შევედი, სადაც შეცდომითვე სახლებია აშენებულიო. საშუალო ტანის ქუჩებს აქეთ-იქეთ ჩარიგებული აქვს სხვადასხვა სიდიდის ხეები, ზოგი ადამიანის ხელით დარგული, ზოგიც თავისით ამოსული.

ხამი კაცი ვერ დაიჯერებს, თუ ეს ქალაქია და არა სააგარაკო ადგილი. ყველა ხალვათადა ცხოვრობს. ყოველს მოქალაქეს ეზოდ შემოკავებული აქვს ერთიდან ორ დღიურამდე და ამ შემოკავებულ სამოსახლოში ყველაფერია: ხეხილიც, საჩრდილობელი ხეებიცა, ბოსტანი, საბალახოცა, საქონლისა და ფრთოსანთთვის საკმაო ადგილიცაა; თითქმის ყველგანაა უზარმაზარი ვაშლი, მსხალი, კომში, ბალი, ბროწეული, ლეღვი, უშველებელი თხმელები, ვაზები – ნაქებ ჩხავერისა არ გეგონოთ, არა, „ადესისაა“. ყვავილებში, არ ვიცით რისთვის, ყველას Rosa Syrica-ს ბუჩქები სჭარბობს. აქა იქ ხედავთ ბავშვებს რომლებიც ხეების კენწეროებს მოჰქცევიან და პეშვით იყრიან მოკრეფილ ხილსა, – ნამდვილი სოფელი წარმოგიდგებათ! ხეების მწვანე სამოსლიდან, თითქმის ყოველ ეზოში, თითქოს მოხუცის თეთრად გადაპენტილი წვერიაო მკაფიოდ მოსჩანს ¼ გოჯის სიბრტყე და ორი-სამი ადლის სიგრძე ბურბუშელებიანი ერთი-ორი მხარის სიგრძე ჯოხები. ეს გახლავთ „ჩიჩილაკი“, რომელსაც ყოველ ახალ წელს აკეთებენ გურულის ოჯახში (როგორც სამეგრელოში); „კალანდას“ ამ ჩიჩილაკით უკვლევენ ოჯახს და მერე ხეზე გაიტანენ, სადაც მეორე კალანდამდე რჩება.

შორიდან სახურავებს, და ისიც მაღალი სახლებისას, თუ დაინახავს კაცი ამ ცამდე მართულ ხეებს შორის! მშვენიერი წიწვიანი ხეები იყო თურმე აქაურ ორპირად ჩამწკრივებული დუქნების წინ. ზამთარ-ზაფხულ ამწვანებული ყოფილა იქაურობა. მაგრამ ხორველობის დროს (1982 წ.) სულ ერთიანად აუჩეხიათ, ხორველას გააჩენსო (?). ახლა აქა-იქ არის დარჩენილი ობლად თითო-ოროლა დახაშლებული წყავი, ისიც სოფლიდან ჩამოსულების ცხენების მისაბმელად.

ერთი პატარა მდინარე, ბაზრის-წყლად წოდებული, ქალაქს სიგრძე-სიგანეზედ რწყავს. ყველა დუქანს წინ წყალი ჩაუდის და თან მიაქვს ყოველგვარი უსუფთაობა ქალაქისა. მერე ჩაუვლის ქალაქის საყასბოს და უერთდება მდინარე ბზუჯს. ბაზრის წყალის შემწეობით შესაძლებელია კაცმა იდეალური სისუფთავე დაიცვას. მართლაც და ოზურგეთს თამამად შეუძლია სხვა ჩვენს პროვინციულ დაბა-ქალაქებთან თავი მოიწონოს თავისი სისუფთავითა. ზაფხულობით აქაურ ქუჩებზე მტვერს ვერ ნახავთ, არც ავდარში იცის მაინცა და მაინც დიდი ტალახი.

ოზურგეთს მთა-გორიანი მდებარეობა აქვს. ერთ ისეთ წერტილს ვერა ნახავთ, რომ იქედან შეიძლებოდეს მთელ ქალაქს მიმოავლოთ თვალი.  სამხრეთ-დასავლეთით მოსჩანს აჭარა გურიის მთა, მდიდარი ტეყეებით შემოსილი, ჩრდილოეთით – კავკასიის ქედი; დასავლეთიდან აღმოსავლეთ-სამხრეთისაკენ მთაგორები იწყება ვიდრე აჭარის მთებამდე.

ამბობენ, ოსმალოს ჯარი ძველ დროში ოზურგეთამდე თუ კი მოატანდა, ამას იქეთ კი სიარული აღარ შეეძლო, რადგან ამ ადგილას ზურგი ყოველთვის მაგრად ჰქონდათ, მტერი ვერას აკლებდაო. ამ ნაამბობის შემდეგ უფრო საფუძველი ეძლევა მეგრულ სახელწოდებას ამ ქალაქისას. პრეფიქსი ო, რომელიც ემატება სიტყვას თავში, უდრის ქართულ სა-ს, მაგალითად მეგრული ო-სიმენდე – ქართული სასიმინდე, ო-შურეთი – სასულეთი (საიქიო) და სხვა. აგრეთვე ო-ზურგეთი იგივე საზურგეთია. ამ აზრისაა ოზურგეთის სახელწოდების შესახებ ბტ-ნ  მ. ჯანაშვილიცა.

ჰავა აქ ნესტიანია. ხშირი წვიმებიც იცის, თუ ერთი პირი მოიხსნა ცამ, მერე გადაღება არ მოაგონდება. სინესტის შიშით ქვითკირის სახლებს აქ იშვიათად აშენებენ. უფროსერთი აქაური სახლი ფიცრისაა, კედლებს გარშემოკრული აქვთ სიმაღლეზედ თხელი ლამფები, ლურჯად შეღებული, რაიცა თავისებურ ელფერს აძლევს აქაურ სახლებს. იშვიათად შეხვდებით აგრეთვე ორ-სართულიან სახლებსა, თითქმის ყველას – ერთასართულიანო ოდები უდგათ, გადახურული კრამიტით, ან როგორც აქ ეძახიან „ქერაბინით“, რომელსაც გურიაშივე, სოფ. აკეთში, აკეთებენ. აქაური სახლის საძირკველი ადლნახევარზე დგას, დედამიწიდან აშორებული.

ამგვარად ნიადაგს აშორებულ სახლს ტენი არ ეკარება, კედლები მშრალად ინახება. ზამთარში ცივა ასეთ სახლებში, ქარს შემოსვლა არ უჭირდება. ბუხარი მარტო იმის ახლო მიმჯდარს თუ გაუთბობს წინა ტანს, ხოლო ზურგი კი ესევ ყინულივითა რჩება.

დუქნები აქაური ორ რიგად არის ჩამწკრივებული, ქალაქის შუა ალაგას, ეგრედ წოდებული ბაზრის-წყლის მარჯვენა მხარეს. შენობები დუქნებისა სულ ქვიტკირისაა. ამ ჩვიდმეტი წლის წინად კი სულ ხის დუქნები ყოფილა აქა. ერთ მშვენიერ დღეს ოზურგეთს ცეცხლი გასჩენია და ერთ ღამეში თავიდან ბოლომდე გადაბუგულა აქაური დუქნები. მას აქედ ხალხი დაშინებულია და ხის დუქანი აქ არავის დაუსგამს.

ვაჭრობა სულ გურულების ხელშია. მათ შორის ორი ლაზიც ურევია. მეთვრამეტე საუკუნეში, როგორც ბატონიშვილი ვახუშტი მოგვითხრობს თავის „საქართველოს ღეოღრაფიაში“, ოზურგეთში ურია-სომხებიც ყოფილან ვაჭრებად. პლატონ იოსელიანიც ამბობს „საქართველოს ქალაქების აღწერაში“, რომ ოზურგეთის მკვიდრთა შორის ურიები და სომხებიც არისო. არ ვიცით ამ საკუნის დასაწყისში იყვნენ თუ არა ისინი, მაგრამ 1850 წელს კი, როცა პატივცემულმა ისტორიკოსმა შეადგინა თავისი წიგნი („საქართველოს ქალაქების აღწერა“), ოზურგეთში, რომ არც სომეხი იყო და არც ურია – ეს ეჭვს გარეშეა. ამას მოწმობენ თვით დროული კაცები, ოზურგეთის მკვიდრნი. თუ ისინი ოდესმე ყოფილან ოზურგეთში, ახლა კვალ-წმინდად ამოუკვეთნიათ ფეხი აქედან. უცხო თესლის ვაჭარს გურულები თავიანთ შორის არ აბოგინებენ. ამ შეთხვევაში ძალიან ჰგავს გურულები მეგრელებსა და იმერლებს. ყოველგვარი ხელობაც სულ გურულების ხელშია. ზეინკალი, მეწაღე, მეთუნუქე, მეშუშე, კალატოზი, დურგალი, ხურო, ხარაზი, მჭედელი, მღებავი, ყასაბიც კი, – სულ გურულები არიან.

დიდი ხანი კი არ არის რაც გურულებს ვაჭრობისათვის ხელი მოუკიდნიათ. ამ ოც და ათ, ორმოცი წლის წინად ერთ გურულსაც ვერა ნახავდით თურმე ვაჭარს ოზურგეთში. მთელი ვაჭრობა ხელში ჰქონიათ ლაზებს. იმ დროინდელი კომერსანტები ყოფილან ქართველი-კათოლიკე თუმანიშვილებიცა, რომლებიც დღესაც სცხოვრობენ ოზურგეთში, მხოლოდ არა ვაჭრობენ, არამედ მოქალაქეებად ირიცხებიან. მაშინ გურულებს სირცხვილად მიაჩნდათ ვაჭრობა. არც გული მიუწევდათ, იმიტომ რომ კანონი არ არსებობდა მშვიდობიანი ცხოვრების მფარველი, ძალმომრეობა იყო გამეფებული. ბატონს შეეძლო თავისი ყმა-ვაჭარისათვის ყველაფერი წართმია. თუ ერთი-ორი ვინმე გულს არ იტეხდა და მაინც ვაჭრობდა, უეჭველად თოფ-იარაღში უნდა მჯდარიყო. კბილით ეჭირა ვაჭარს საქონელიცა და სიცოცხლეცა. გარეშე მტერიცა და შინაური უსაქმური მებატონეც ვაჭარსა და ფულიანს ემტერებოდა, ასე რომ ათასგვარ შემთხვევაზე იყო დამოკიდებული ვაჭრის ბედი. როგორც მოგეხსენებათ, ასეთ პირობებში ვაჭრობა ვეღარა ბოგინობს, უფრთხის ასეთ პირობებსა. ხოლო როცა მშვიდობიანობა ჩამოვარდა, რაკი პატივი დაედო პიროვნებას, ძველებური, ბატონ-ყმური შეხედულება მოისპო, გურულმა არამცთუ მსწრაფლად შეითვისა საიდუმლოება ვაჭრობისა, არამედ ისეთი უნარი და შნო გამოიჩინა, რომ სხვას, მასზე ადრე სავაჭრო სარბიელზე გამოსულს, გადააჭარბა, წინ გაუსწრო და იქამდე მიიყვანა საქმე, რომ თავისი მეტოქე იძულებულჰყო აბარგებულიყო, გასცლოდა. ახლა გურულ ვაჭარს არამარტო ოზურგეთში შეხვდებით არამედ საქართველოს სხვა ქალაქებში და თვით რუსეთშიაც. თან წინდახედულისა, ანგარიშიანისა და გაბედული ვაჭრის სახელიცა აქვს განთქმული.

აქაური ვაჭრები ქართულად არიან ჩაცმული, ათასში ერთი თუ ატარებს ევროპულ ტანისამოს. მაგრამ ისე კი აცვიათ, რომ მაშინვე მიხვდებით მოქალაქეთა რომელ კლასს ეკუთვნიან. აი ჩაცმულობაც დარბაისელი ვაჭრისა: შალის ან მაუდის ჩოხა კოჭებზედა სცემს, ვერცხლის ქამარი არტყია, ვერცხლისავე საათი ჰკიდია გრძელ ძეწკვიანი, შარვლის ტოტები წაღებზე გადმოშვებული აქვს, თავთ ხურავს, თუ ზაფხულია, ჭილობის ქუდი და დასასრულ ხელთ უჭირავს ქარვისა ან გიშრის კრიალოსანი. აი გარეგანი სახე აქაური ვაჭრისა. ზამთარში ამ ტანისამოს უმატებს პალტოს, რომლის ქვეშიდან ჩოხის ტოტები ურცხვად გამოიყურება, და მხრებზედ წამოსხმული აქვს პლედი. გურულ ვაჭარს ჩაცმულობაში ძლიანა ჰგვანან მისი ძმები – მეგრელები და იმერლები.

პარასკევობით ბაზრობა, ანუ როგორც აქ ეძახიან, „პარასკეობა“ იციან. გარშემო სოფლებიდან შემოაქვთ გასაყიდად ყოველგვარი ნაწარმოები სოფლისა: ხილი, მწვანილი, ფრთოსანი, ოთხფეხი, სხვადასხვა ნაქსოვები როგორც აბრეშუმისა ისე მატყლისა, თიხის ჭურჭელი, ქვევრები, კოკები, დოქები, მჭადის საცხობი კეცები. ბაზარშივე გამოაქვსთ გათლილი ფიცრები. სხვათა შორის დიდძალი შემოაქვთ ურთხლის ფიცრები. თითო კარგა მოზრდილი ფიცარი ექვს აბაზად იყიდება ხოლმე. აბა კარგი საყურებელი მაშინაა, როცა მილეთის ხალხი ბუზივით ირევა! სხპა-სხუპით ლაპარაკი, მარდი მიხვრა-მოხვრა – სიცოცხლე დუღს და გადმოდის!… თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ასეთ ხალხში მძიმე, კამეჩოვანი, ჯმუხი, მხარ-ბეჭიანი ჯვარელი შემხვდა!.. ჭუჭყიანი იყო, სპეციფიკური სუნი ასდიოდა ბოსლისა. წინ ედგა სულგუნებით სავსე გურული გორიცა.

საკვირველი კონსტრასტი იყო ამ მთის შვილისა და გურიის მკვიდრთა შორის! რამდენად მეორენი სწრაფნი იყვნენ, როგორც ქცევასა ისე ლაპარაკში, იმდენად აუჩქარებელი იყო პირველი. ასე ბრძანებდით, სადმე ცეცხლი უკიდია და იქეთ მიეშურებიანო. ბუზივით ეხვევიან ევაჭრებიან, სეტყვასავით აყრიან სიტყვებსა, ეს კი ქანდაკებასავითა დგას, გორიცასათვის ხელი დაუვლია და გაიძახის

– ორი-სამი შაური პარტენი.

ვკითხე მისებურად სადაურობა, გვარი, სადმყოფობა.

პირველად თითქო გაუკვირდა მეგრულის გაგონება, მაგრამ მერე თამამად მიპასუხა:

– კვარაცხელია ვორექ, ჯვარული (კვარაცხელია ვარ, ჯვარელი).

– ამ სიშორეზე რად გამოხვეწილხარ?

– რად ბატონო, და ჯოგი გვყავს გურიაში, – მიპასუხა ზლაზვნით მთის შვილმა, – ჩვენით უდგას სული გურულებს: ჩვენ რომ არ მოვდიოდეთ სამეგრელოდან მთელი გურია უყველოდ დარჩებოდა. ჩვენს მეტს აქ არავის ყავს საქონელი. მთებში ზაფხულობით სულ ჩვენი, მეგრელების საქონელი ბალახობს. აქაურ კაცს სირცხვილად მიაჩნია მწყემსობა; თუ ჯოგს გაყვა მისი აზრით, თავი მოეჭრება, იმას რჩეობენ, ყველი იყიდონ ჩვენგან ვინემ თვითონ გაიჩნონ საქონელი. თაკილობენ, მეჯოგე როგორ გავხდეთ ერთი სულგუნიზაო?! – შენ ვინღა ხარ? – ფამილარულად მკითხა ბოლოს მწყემსმა.

როგორც შევიძელ დავუკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა.

ბაღი იმ აზრით, რა აზრითაც სხვაგან აქვსთ წარმოდგენილი, ოზურგეთში არ არის. თუმცა აქაური ნიადაგი და ჰაერი ხელს უწყობს ყოველგვარს უმაღლესს კულტურას, ყველას საკუთარი ეზო აქვს. იქა აქვთ გაშენებული ხეხილი, უბრალო ხეებიც უდგათ, როგორც მაგალითად თხმელა ან ხურმა და მორჩა! ისეთი ბაღი კი რომელსაც მართლა კულტურა ეტყობა, ერთია ოზურგეთში. ეს გახლავთ აქაური მკვიდრის ი. თუმანიშვილისა. ამ ბაღის ხეხილებსაც, და მოსართავ მცენარეებსაც მოსიყვარულე და მცოდნე პატრონის ხელი ატყვია.

არის ოზურგეთში ეგრედ-წოდებული ქალაქის ბაღი, როგორც ამბობენ, კავკასიის მთავარმართებლის თ. ვორონცოვის დროს 1845-1847 წლებში გაშენებული. ადრე ეს ბაღი მდიდარი ყოფილა სხვა-და-სხვა ძვირფას მცენარეებით. შესანიშნავია ეს ბაღი იმითაც, რომ აქ პირველად დაარგვევინა თ. ვორონცოვმა ქ. ოდესიდან გამოწერილი ვაზის „იზაბელას“ ჯიში, რომელსაც მერე „ადესა“ დაერქვა, ალბათ იმიტომ, რომ ქ. ოდესიდან მოუტანიათ. მერე მთელს გურიაში გავრცელებულა ეს ვაზი. გარნა დღეს კი, ძველი დიდების მოსაგონებლად ამ ბაღში სამიოდ ჭადარი დგას, ერთი ფიჭვი და სამიც Cunninghamia Lanceolata(ურთხელის მსგავსი ხეა) და სხვა უბრალო ხეები და მსხალი. ამ ხეებს შემთხვევითი ხასიათი აქვს დღეს. კაცი ძნელად წარმოიდგენს, რომ ოდესმე აქაურობა უკეთეს დღეში იყოვო. რუს-ოსმალოს ომის დროს შიგა მდგარა ჯარი და ხეები უწყალოდ აუჩეხიათ. მერე უპატრონოდ დარჩენილ ქალაქის პატრონთ (დეპუტატებს) თვითონ ბაღის ადგილის გაყიდვისათვის მიყვიათ ხელი. კვადრატული მხარი ხუთ შაურად თურმეიყიდებოდა. ახლაც გვიჩვენებენ აქაურნი ძველი ბაღის ჭადრებს კერძო მეპატრონეთა ეზოებში, აწინდელი ბაღის სამხრეთ მხარეს. იმ ბაღისაგან რომელსაც ადრე ½ ოთხკუთხი კილომეტრი ჰქონია სივრცე, ახლა ხუთი ექვსი დღიური თუ-ღაა დარჩენილი.

ამ ბაღში ორი შენობაა. ერთს მათგანში ზაფხულობით ქალაქის კლუბი გადმოაქვთ. ბაღის ადგილზევეა ოზურგეთის საქალებო სასწავლებელი. თვითმმართველობა ქალაქისა ცდილობს, რამდენადაც შეძლება ნებას აძლევს, ამ ბაღს ცოტა რიგიანი სახე მისცეს და მართლა ბაღს დაამსგავსოს. რომ ერთს დროს ოზურგეთელებს ერთი საზოგადო თავშესაფარებელი ადგილი ჰქონდესთ ზაფხულობით.

ოზურგეთი გურიის მთავართა ანუ გურიელების სატახტო ქალაქი ყოფილა. ოზურგეთს იხსენიებს ბატონიშვილი ვახუშტი: „ოზურგეთს არის სასახლე დიდშენი და კეთილ-პალატოვანი გურიელისა“. ბატონიშვილ ვახუშტამდე ერთი საუკუნით ადრე ოზურგეთი ასევე მოხსენიებულია აგრეთვე ქაიხოსრო I სიგელში აჭის წმ. გიორგის ეკკლესიისდა მიცემულში:„ამას ჟამსა, ოდეს თქვენს (აჭის მთავარ მოწამის წმ. გიორგის) საყდარს სიმაგრეშიდ ვიყავით, გამოგვიზახა დადიანმა ვამეყმა, თავდასახმელი დიდი ლაშქარი იმერელნი, ოდიშარნი, შარვაშიძე, ჩვენი საპატიო კაცებიც თან ახლდნენ. მოგვიხდნენ და შუა გურია დაარბიეს და შენს მეტი ღონე აღარა მქონდა და შიგ თქვენს ტაძარშიდ შევიკაზმეთ, მოვედით ოზურგეთს, სასახლეში გამაგრდნენ ისინი“. ეს ქალაქი ძველისძველი არ უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში ოზურგეთის სიძველეს დღეს დღეს არაფერი ჰმოწმობს. ერთადერთი ქვითკირის გალავანი-ღაა დარჩენილი, ქალაქის ბაღის გვერდით, ისიც სანახევროდ დანგრეული. შიგ მოთავსებულია სამ-სართულიანი ქვიტკირის შენობა – ადგილობრივი „დრუჟინის“ ბინა. ეს გალავანი გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია V-ის დროს არის ნაშენები 1812-1814 წლებში. შემდეგი ამბავი გადმომცეს ამ გალავნის შესახებ: მის ასაშენებლად მოუწვევია ერთი კალატოზი ბერძენი, უბრძანებია ჩემს სასახლეს გალავანი შემოავლე და თხუთმეტ თუმანს მოგცემო. რა თქმა უნდა ეს სასყიდელი ჩვენ ძალიან მცირედ გვეჩვენება, რადგან თხუთმეტ თუმნად ერთ-თვალიან ქოხსაც ვერ გააშენებს კაცი ახლანდელ დროში. მაგრამ მაშინ ფული ძვირი ყოფილა და ბერძენიც დათანხმებულა. როცა გალავანი მოუსრულებია, გურიელს  მოურავისათვის უბრძანებია მიეცი თხუთმეტი თუმანიო. ხარბს მოურავს, არც უციებია, არც უცხელებია წაუყვანია კალატოზი ბერძენი ტყეში და დაუხრჩვია, რა არის, მისი მისაცემი ფული მე დამრჩესო. რა თქმა უნდა, მთავრისათვის მოუხსენებია, ფული სრულად გადავეცი ბერძენს თქვენი ბრძანების თანახმად და გავისტუმრეო.

გურიის უკანასკნელი მთავარი იყო მამია V, რომელიც ცხოვრობდა ოზურგეთში. 1810 წელს მამიამ აღიარა რუსეთის სუზერენიტეტი. 1826 წელს 20 ნოემბერს მამია გარდაიცვალა და დარჩა მცირეწლოვანი ქალი, ეკა (ეკატერინე) 12 წლისა, შემდეგ ლევან ჩიჩუას მეუღლე და ვაჟი – დავითი, 6 წლისა. რუსეთის მეფის მთავრობამ რეგენტობა ჩააბარა მამია გურიელის ქვრივს სოფიოს. დედოფალი კმაყოფილი არ იყო რუსეთის მეფისა, რა უნდა, რომ ჩემი ქვეყნის საქმეებში ერევაო? გადასწყვიტა მომხრე ეშოვნა და რუსეთის ბატონობისათვის თავი დაეღწია. 1829 წელს დედოფალი სოფიო ივლტო ოსმალეთში, თან წაიყვანა თავისი შვილებიცა, მრავალნი დიდებულნი და ერთგულნი. მაგრამ გულისნადები ვერ აუსრულდა. 1829 წელს დედოფალი ანატოლიაში გარდაიცვალა. ბოლოს, 1833 წელს  სამშობლოში დაბრუნდნენ მთავრის შვილები. დავითი ჯერ პეტერბურგში სწავლობდა პაჟების კორპუსში და მერე დაღესტანში ერთის ომის დროს მოკლულ იქნა.

ამჟამად ოზურგეთში მხოლოდ სამი ოჯახობა-ღაა გურიელების გვაროვნობისა: 1) ქაიხოსრო მალაქიას-ძის გურიელის მემკვიდრენი: ეკატერინე და მარიამი (თ. დ. გუგუნავაზე გათხოვილი); 2) კონსტანტინე (კოწია) მალაქიას-ძე გურიელი და მისი ორი ასული: ელენე და ნინო და 3) იესე გიორგის-ძე გურიელის ძენი: ლევანი, გიორგი და ვლადიმერი (ტატულია). აქ მოხსენებული ქაიხოსრო, კონსტანტინე და იესე გურიელები გურიის უკანასკნელ მთავარს ბიძაშვილის შვილებათა ხვდებიან.

სწორედ იმ გალავანში, სადაც ახლა „დრუჟინა“ დგას, მამია გურიელს თავის სიცოცხლეში მშვენიერი სასახლე აუშენებია. უწინ კი სოფელ უჩხუბს (დვაბზუს საზოგადოებაში) ცხოვრობდა თურმე. ის ადგილი, სადაც პირველი სასახლე მდგარა, ახლა შეძენილი აქვს გლეხ ჭანუყვაძეს. როცა რუსეთი საბოლაოდ დაჰპატრონებია გურიას, ეს სასახლე საშინლად გაოხრებული ყოფილა, დიდი შეკეთება სდომებია. დიუბუა დე მონპრესაც უნახავს ეს სასახლე თავის მოგზაურობის დროს, დღეს აქა-იქა აქვს სახურავი, – ამბობს ფრანგების მოგზაური ამ სასახლის შესახებ, – ჭერ-იატაკი დალპობია; ყველაფერი გაოხრდა. გვერდით მოხელეებს საცოდავი ქოხები გაუკეთებიათ, ხოლო ამ საუცხოვო შენობისა აჩრდილი-ღა დარჩა. გალავანი, აბანო, ფანჩატურები, სასახლეს, რომ ერტყა – უკეთეს მდგომარეობაში არ არის.

ოზურგეთში დიუბუა დე მონპრე იმ ოთახში მდგარა, სადაც დაუღალავი ბოტანისტი, გულმოდგინე მშრომელი მეცნიერებისა – სოვიჩი ავადმყოფი წოლილა. გურიის ფლორის მკვლევარი აჭარის მთებზე მუშაობდა თურმე, 8 დღის განმავლობაში მარტო პური, ყველი და ჩაი ჰქონია საზრდოდ. თან წვიმიანი დარიც შესწრობია. ბარად უკვე გაციებული ჩამოსულა. ოზურგეთში, რომ მოსულა, დამშეული, ხარბად სძგერებია საჭმელსა ამდენის მარხულობის შემდეგ. ნასადილევს გაუფენია ნაპოვნი მცენარეები მთავრის სასახლის უშველებელ დარბაზში, რომელიც მისთვის დაუთმიათ. ამასობაში ავადმყოფობაც მოერია და გარინდებული, მძინარესათვის დაეცა თურმე მცენარეებს. ავადმყოფობა სახადად გადაექცა. მაიორ ჭილაშვილს (ჩვენი ნეტარხსენებულის მამულიშვილის დიმიტრი ყიფიანის სიმამრს), რომელიც მაშინ ოზურგეთში იყო რუსის მთავრობისაგან გამოგზავნილი მთავრის ქონებისა, მისი და მისთა მოხელეთა შემოსავლის აღსანუსხველად, და რომელთანაც იდგა ბოტანისტი სოვიჩი, ამ უკანასკნელისათვის სასაქმებელი წამალი დაულევინებია. მერე ქუთაისში წამოუყვანიათ, სადაც კიდეც გარდაცვლილა. განსვენებულ სოვიჩს დიდძალი იშვიათი და ახალი მცენარეები აღმოუჩენია გურიაში; უფრო დიდ სამსახურს გაუწევდა გურიას, რომ ისე არ მოსწრაფებოდა სიცოცხლეო, ამბობს დიუბუა.

დღეს ამ სასახლისა არაფერია დარჩენილი. გალავანი ნახევრად დანგრეულია, მთავრის აბანო „დრუჟინას“ ზოგი საკუჭნაოდ და ზოგიც შეშის საწყობებად აქვს გადაქცეული.

მარმარილოს სვეტები სასახლისა ყირიმის ომის წინ 1849-1850 წლებში, სამეგრელოს მთავარს, დავით დადიანს, უთხოვია მთავრობისთვის, ნება მომეცით ჩემი სასახლისათვის წავიღო სამეგრელოშიო. ნება დაურთავთ და წაუღებინებია კიდეცა. მაგრამ სიკვდილს მოუსწვრია და ის სვეტები ანაკლიაში ჩარჩენილა წაუღებლად.

შესანიშნავია აგრეთვე ოზურგეთში 1873 წელს აშენებული სახლი დიმიტრი ქაიხოსროს-ძის გურიელის, გურიის უკანასკნელი მთავრის, მამიას ბიძაშვილისა, სადაც ამ ჟამად „დრუჟინის“ საავადმყოფოა მოთავსებული.

ეკლესია ორია ოზურგეთში, – ორივე ხისაა და საკმაოდ ძველი. ერთს რუსის ეკკლესიას ეძახიან და შიგ დადიან სამხედრონი, ხოლო მეორე ქართველებისაა. ორივე ეკლესიას წინ უდევსთ კოხტა მინდორი, ხეებ-შემორიგებული. ეკკლესია თითქმის ყოველ კვირა-უქმე დღე სავსეა ხოლმე მლოცველებითა. საინტერესო წესია დაცული წირვა-ლოცვის დროს: ქალები უეჭველად მარცხენა მხარეს დგანან, განცალკევებულნი და მამა-კაცნი – მარჯვენა მხარეს. ღვთისმსახურების დროს გესმისთ მშვენიერი გალობა გურული, ეგრედწოდებული დუმბაძის კილოზე. თავ-და-თავ მიზეზად უნდა ჩავთვალოთ ეს სასოებით აღმძვრელი ღიღინი, რომ ხალხი ასე გულმოდგინედ ეტანება ღვთის ტაძარს. აქაურებს ამ მხრივ დიდი ამაგი დასდო პატივცემულმა ბ-ნმა ფილიმონ ქორიძემ, გურიის შვილმა, იმით რომ გურული კილო საეკკლესიო გალობისა დარჩენილი მარტოოდენ დუმბაძეთა გვარში, სრულებით დავიწყებას არ მისცა და, მრავლის ღვაწლის შემდეგ, შთამომავლობას ნოტებზე გადაღებული გადასცა. შემოიღეთ ეს გალობა სხვაგან, და დარწმუნებით შეგვიძლია ვსთქვათ, რომ მლოცველთა რიცხვი ერთი ათად და ერთი ოცად იმატებს ჩვენს ტაძრებში.

ოზურგეთში ერთი სასტუმროც არის, სადაც მგზავრს შეუძლია მანეთად იშოვოს საკმაოდ მოწყობილი ნომერი, საზოგადოდ კი ეტყობა, რომ მუშტარი ხშირად არა ყავს.

მცხოვრები ორსავ სქესისა ოზურგეთში 4,703 სულს არ აღემატებიან, მათ შორის მამრი 3,015-ია და მდედრი – 1,688. რამდენიმე მოხელის გარდა, მკვიდრნი სულ ქართველები არიან. ასეთი წმინდა ქართული ქალაქი სხვაგან იშვიათად შეგვხვედრია. ქუჩასა, ეკკლესიასა, დუქანში, ყველა საზოგადო შესაკრებელ ადგილას, შინა თუ გარეთ – ქართული ლაპარაკი-ღა გესმისთ. ათასში ერთხელ რომელიმე მეტიჩარა, ვითომ ინტელიგენტი თუ აჯახირებს ქართულს ენასა და ის თუ დაარღვევს ამ საერთო გარმონიას და გურიის დედა-ქალაქის ნიშანდობლივ ელფერს. აქაურები არამც თუ სხვას გადაუბირებია, არამედ თვითონ გამოუჩენია იმდენი სიმტკიცე ხასიათისა, რომ სხვა გადმოურჯულებია თავისებურად, თავის გემოსა და ჭკუაზე. გურულმა ამ შემთხვევაშიც გამოიჩნა თავისი ძალა.

3-4 მოსახლე ქართველი კათოლიკეებიც არიან აქა, გვარად თუმანიშვილები. ესენი პირველად ექვსი ძმანი ყოფილან, როცა ახალციხიდან წამოსულან ბედის საძებნელად. პირველად მოსულან ქუთაისში, იქედან ოზურგეთში გადმოსულან. აქ ვაჭრობისათვის მოუკიდნიათ ხელი, გურიელებიც მფარველობას თურმე უწევდნენ და ერთ დროს შეძლებული ვაჭრების სახელიცა ჰქონიათ. ესენი მაშინ ვაჭრობდნენ ოზურგეთში, 1860 წლებში, როცა გურულებს ვაჭრობა, ალაბის დაჭერა და დახლს უკან დგომა სირცხვილად და ცოდვად მიაჩნდათ.

ოზურგეთის ცხოვრებაში საკმაო სიცხოველე შეაქვს და ვაჭრობას სულს უდგამს აქ დაბანაკებული ჯარი ანუ „დრუჟინა“, რომელიც უმეტესად შედგება გურიისა და სამეგრელოს სოფლებიდან გაწვეულ ახალგაზრდა კაცთაგან; მათი ბინა მოთავსებულია სამსართულიან ქვიტკირის სახლში, რომელიც აშენებულია, როგორც ზევითაცა ვსთქვით, სწორედ იმ ადგილას, სადაც გურიის უკანასკნელი მთავრის სასახლე ყოფილა.

საინტერესო რამ მიამბეს ამ დრუჟინის შესახებ. ავადმყოფობა ჯარის-კაცთა შორის, განსაკუთრებით სტომაქისა, ხშირია. ღომს და საზოგადოდ მსუბუქ საჭმელს დაჩვეული კუჭი, რა თქმა უნდა, ერთბაშად შავ პურს ვეღარ ჰგუობს და ჯარის-კაცი ხშირად მსხვერპლი ხდება შეუჩვევარი საჭმლისა. მიცვალებულთ აქვე ოზურგეთშივე მარხავენ. მაგრამ წარმოიდგინეთ, მეგრელ მიცვალებულთ საფლავში არ აყენებენ… საქმე ის გახლავსთ, რომ მეგრელი თუ უცხო მხარეში მოკვდა, ჭირისუფლები ცდილობენ უეჭველად წამოასვენონ თავისს სოფელში და მშობელ მიწას მიაბარონ მიცალებულის გვამი, თორემ სული მისი ვეღარ მოისვენებს, მთელი თავისი დღენი დაუსრულებელ ტანჯვა-წვალებაში იქნებაო. ამიტომ, დიდ ცოდვად მიაჩნიათ მეგრელ ჭირისუფლებს მიცვალებულის დამარხვა უცხო მხარეს. რა თქმა უნდა, სადაც ასეთი რწმენაა მიცვალებულის შესახებ, იქ მეგრელი ყოველსავე ღონესა ჰღონობს მიცვალებული წინაპართა შორის დაასაფლავოს. ჯერ, რა თქმა უნდა, ურჩევნია კანონიერის გზით გავიდეს ფონსა, და, თუ კანონი მის სურვილს გადაეღობა, მეტი რა გზაა, კანონს უნდა გადავიდეს.

ოზურგეთში მოკვდება თუ არა რომელიმე ჯარის-კაცი, სამეგრელოდან წამოყვანილი, ამხანაგები მშობლებს აცნობებდნენ, არიქათ, მოეპატრონეთ მიცვალებულსაო. ისინიც აიბარგებიან დაუყოვნებლივ. თუ გადამდების სენითაა ჯარის-კაცი მომკვდარი, იციან, რომ არ დაგვანებებნო, და ამიტომ, საფლავიდან ამოაქვსთ ქურდულად და ისე მიაქვსთ თავიანთი მიცვალებული. როგორც მითხრეს ოზურგეთში საგანგებო ოსტატებიც არიან თურმე სამარიდან მიცვალებულის ამოღებისა. ოღონდ კი აღნიშნონ, აქა მარხიაო, თვალის დახამხამებაში მიცვალებული ზემოთ ამოაქვთ, ხოლო მის მაგიერ ცარიელი კუბო-ღა რჩება. მერე მიაქვს იქავ წყლის პირას, გამოშიგნავს, გარეცხავს, დასჭრის ასო-ასო და ხურჯინებში ჩააწყობს. შემოაკრავს ცხენს და ჭირისუფალს გზას დაულოცავს. რა თქმა უნდა, „ოსტატსა და მაინძელს“ ღირსეული „გასამრჯელო“ ეძლევა.

თუ ჭირისუფალმა „ეს საქონელი“ მდ. რიონზე გაიტანა როგორმე, მერე შიში არაფრისა აქვს. თავისუფლად შეუძლიან „ტირილი“ გამართოს და ისე გაპატიოსნებული მიაბაროს მიწას თავისი მიცვალებული.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

ტექსტი აღებულია 1897 წელს გამოცემული ჟურნალ „მოამბიდან“. რა დროსაც ტექსტი რედაქტი­რებულია თავად ავტორის მიერ. ასევე არსებობს 1950 წლის გ. ჩიტაიას მიერ რედაქტირებული გამოცემა: თედო სახოკია – „მოგზაურობანი“, რომელიც სხვა წერილებთან შეიცავს ზემოთ მითითებულ თავსაც, ამავე რედაქციით შემდეგშიც რამდენჯერმე გამოქვეყნდა თედო სახოკიას „მოგზაურობანი“. 1950 წლის ჩიტაიას რედაქცია მნიშვნელოვნად განსხვავდება, 1897 წელს ავტორისეული რედაქციისაგან, ჩიტაიას რედაქტირებულში გარდა სტილისტური შესწორებებისა, ასევე შესწორებულია თარიღები, ყელაზე მნიშვნელოვანია კი ის გახლავთ, რომ 1950 წლის რედაქცია არ შეიცავს 1897 წლის გამოცემის შემდეგ ნაწილებს – გურული კილო გალობისა. – ღვაწლი ფილიმონ ქორიძისა. – სასახლის გალავანის მშენებლობა;  

ფრანგი არქეოლოგის ბარონ დე ბაის ფოტოები –1901 წლის ოზურგეთი.

 ფოტოების ავტორი სახოკიას მოგზაურობიდან რამდენიმე წლის შემდეგ იმყოფებოდა ოზურგეთში. თედო სახოკიასა და ბარონდებაი საკმაოდ კარგი ნაცნობობა და თანამშრომლობა აკავშირებდათ ერთმანეთთან.

კახა ჩავლეშვილი

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share