რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, “არამეგობრული ქვეყნების” კომპანიები, თუ გაყიდიან თავიანთ აქტივებს რუსეთში, ანუ დატოვებენ ქვეყანას, მიიღებენ მათი ღირებულების მხოლოდ 5-10 პროცენტს. ეს არის ფაქტობრივად კონფისკაცია. – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“რუსეთიდან კაპიტალის გატანა აქამდეც მკვეთრად იყო შეზღუდული. ფიზიკურ პირებზეც დაწესებული იყო ლიმიტები უცხოეთში ფულის გადარიცხვაზე. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ფიზიკურმა პირებმა, ომის დაწყებიდან დღემდე 80 მილიარდ დოლარზე მეტი გაიტანეს. საქართველოშიც დიდძალი ფული შემოვიდა. ეს არაა სანქციების გვერდის ავლა. რუსეთში 300 ბანკია და აქედან სანქციები მხოლოდ ოცამდე ბანკს აქვს დაწესებული. ამ ფულის საკმაო ნაწილი ქვეყნის განვითარებას და ლარის სტაბილურობას ემსახურება, ამიტომ სისულელეა იმის ძახილი, რომ ვიღუპებით, რუსეთიდან ფული შემოდის და კიდევ უფრო მივებით მასო. ეს რუსეთმა იდარდოს, ფულისგან რომ იცლება.
ერთი ნათელი მაგალითი: რამდენიმე დღის წინ გამოვესაუბრე ჩემს ნაცნობს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, რადგან იქ აქვს ბიზნესი. აღმოჩნდა, რომ გაუყიდია რამდენიმე თვის წინ იქ სახლ-კარი, ბიზნესები, დაბრუნდა საბოლოოდ თავის სამშობლოში და ამ ფულით ნუშის პლანტაციები გაუშენებია სამეგრელოში. ფული რა თქმა უნდა, არასანქცირებული რუსული ბანკიდან ჩვენს ერთ-ერთ ბანკში გადმოურიცხია, როგორც ფიზიკურ პირს.
რუსეთიდან შემოსული ფულის გარკვეული ნაწილი იმ ჩვენს თანამემამულეებს ეკუთვნის, რომლებიც ტოვებენ ამ ტერორისტულ სახელმწიფოს.
მსგავსი მოვლენების გაშუქებისას სწორი აქცენტების დასმაა საჭირო. რუსეთის სალანძღავად მილიონი ობიექტური მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაინცდამაინც იმაზე ნუ გადავირევით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოა და რუსეთისთვის საზიანო.” – წერს რომან გოცირიძე