„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს.
ბეჟაშვილის თქმით, ეს თემა ივანიშვილის ბაობაბების გადასაფარად სამთავრობო მედიის მიერაა შემოგდებული.
„მაქვს ეჭვი და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს თემა კვლავ შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი ნიგერიაში, იმავდროულად, რიკოთზე არსებული კატასტროფული მდგომარეობა, რაც პირდაპირ „ქართული ოცნების“ ბრალეული მოქმედებით არის გამოწვეული და სხვა უამრავი საკითხი, მათ შორის სანქცირების საკითხი. ამიტომ ჩვენ ვნახავთ, რომ დღეს ეს ინფორმაცია გავა საინფორმაციო სივრცეში და დარჩება სამთავრობო მედიის გავრცელებულ პროპაგანდად“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
კითხვაზე, „ბიბისი“ „ქართული ოცნების“ სამთავრობო მედიაა?“, – ლევან ბეჟაშვილი პასუხობს: „არა. ასეთი ინფორმაციები მათ შორის „ბიბისის“ და სხვა საინფორმაციო საშუალებებშია გამოქვეყნებული, იყო მანამდეც და ვხედავთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის ევროპული ქვეყნების, სათანადოდ არ რეაგირებენ და ვერ რეაგირებენ, ალბათ იმიტომ, რომ არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და დასაბუთებები ამ საკითხებთან დაკავშირებით“.