„ფორმულას“ ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით BBC-ის საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა. სანაიას თქმით, თუ გამოძიება დავით კეზერაშვილით დაინტერესდება და რეალობა ობიექტური ევროპული მართლმსაჯულებით დადგინდება, ამაზე იქნება იქნება დამოკიდებული „ფორმულას“ მომავალიც.
„სატელევიზიო გაშუქების გარდა, ვფიქრობ, უნდა გაგაცნოთ ჩემი დამოკიდებულების შესახებ მიმდინარე პროცესებზე. შეამჩნევდით, ქვეყანაში მიმდინარე სხვა თემებზე არაფერი დამიწერია, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ „ფორმულას“ გარშემო უნდა გითხრათ ჩემი მოსაზრება. ცოტა ვრცელი სტატუსი გამომივა. არ დავიწყებ იმის ახსნას, ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია BBC-ზე გამოქვეყნებული ჟურნალისტური პროდუქტი. მე და ჩემი კოლეგები არასდროს ვიქცევით ისე, როგორც ქართული ოცნება“ ან მისი პროპაგანდისტული საშუალებები სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტის, CNN-სა თუ მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.
1. გამოძიება ქოლ-ცენტრების პრობლემაზე დიდი ხანია მიმდინარეობს. ესაა საერთაშორისო გამოძიება. ყურადღების ცენტრშია საქართველოც. ამ თემაზე სხვადასხვა ქვეყნის მედია წლებია, აქტიურად მუშაობს. ახლა საგამოძიებო მასალა BBC-ზეც გამოქვეყნდა და იქ გამოთქმულია დაშვებები „ფორმულას“ დამფუძნებლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი სამხილები მასალაში მოყვანილი არ იყო, ჩვენთვის ცხადია, ეს ამბავი უაღრესად საყურადღებოა.
2. უმნიშვნელოვანესია ერთი საკითხი. მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება. დავით კეზერაშვილმა, რომელიც ევროპული იურისდიქციის სივრცეში ცხოვრობს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, განაცხადა, რომ ცხადია, ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თუკი ასეთი დაინტერესება იქნება. ბრიტანეთის, გერმანიის თუ სხვა ქვეყნების მართლმსაჯულება, ეს არ არის ივანიშვილის პროკურატურა და სასამართლო, რომელსაც არანაირი ნდობა არა აქვს. იქ გადაწყვეტილებები არ მიიღება ისე, როგორც საქართველოში, მაგალითად, იმგვარად, როგორც ეს მოხდა დავით კეზერაშვილის შემთხვევაში უზენაეს სასამართლოში, რაც მიზნად „ფორმულას“ ხელში ჩაგდებასა და მერე მის დახურვას ისახავს მიზნად.
3. დავით კეზერაშვილმა უარყო ყველანაირი კავშირი BBC-ის საგამოძიებო მასალაში გამოთქმულ დაშვებებსა და ვარაუდებთან თუ აღწერილ სქემებთან და მკაფიოდ განაცხადა, რომ არასდროს ჰქონია რაიმე კავშირი ქოლ-ცენტრების არალეგალურ ბიზნესთან. უფრო მეტიც, განაცხადა, რომ თავადვე მიმართავს სამართლებრივ ბერკეტებს, დაამტკიცოს, რომ BBC-ის მასალაში აღწერილია საკითხები მასთან არ არის შემხებლობაში და ამას დაადასტურებს. შესაბამისად, რეალობა ასეთია: ერთი მხრივ, BBC-ზე გამოქვეყნდა საგამოძიებო ნამუშევარი, მეორე მხრივ, დავით კეზერაშვილი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და, მესამე, არსებობს ობიექტური მართლმსაჯულება ევროპის მასშტაბით, რომლის მხრიდან დავით კეზერაშვილის დაინტერესების შემთხვევაში ობიექტური მართლმსაჯულება განხორციელდება, რა შემთხვევაშიც თავად კეზერაშვილი მზადაა სათანამშრომლოდ და თავისი პოზიციის დასამტკიცებლად. ამას მკაფიოდ ამბობს.
4. თუ გამოძიება დავით კეზერაშვილით დაინტერესდება და რეალობა ობიექტური ევროპული მართლმსაჯულებით დადგინდება, ამაზე იქნება დამოკიდებული „ფორმულას“ მომავალიც. სწორედ ეს განსაზღვრავს ყველაფერს ამ არხსა და თანამშრომლებთან დაკავშირებით, მანამდე კი ცხადია, განვაგრძობ „ფორმულას“ გუნდთან ერთად ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ახლა რაც შეეხება კონტექსტს, რომელიც BBC-ისგან დამოუკიდებლად, საქართველოშია შექმნილი. ივანიშვილის მორჩილი სასამართლოს ხელით დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ამას მე კი არა, საერთაშორისო დონეზე ობიექტური შემფასებლები ამბობენ. მისი გვარი, როგორც მედიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ხვდება; საუბარია ევროპული ინსტიტუციების მხრიდან დასკვნებსა და განცხადებებში. ეს ისედაც ცხადია ყველასთვის – ივანიშვილს სურს, ხელში ჩაიგდოს და დახუროს „ფორმულა“.
უზენაესმა სასამართლომ ივანიშვილის პირადი ადვოკატისა და ყოფილი მთავარი პროკურორის ხელით, რომელიც მოსამართლის მანტიაში გამოეწყო, გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. მთლიანად უარყო უტყუარი ფოტო და ვიდეომტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი კეთდება „ფორმულას დასახურად“. თითქოს არ ჩატარებულა წვრთნა, რომელიც ჩატარდა და ამის კადრები არსებობს. ახლა თავად „ფორმულას“ შესახებ. მიმაჩნია, რომ „ფორმულა“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომლის დახურვა ივანიშვილს გზას უხსნის მედიასივრცის მთლიანად დასაპყრობად. ამ არხის განადგურება ივანიშვილს აძლიერებს და გვასუსტებს ჩვენ ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც წინააღმდეგია რუსული რეჟიმის. „ფორმულას“ აქვს სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ევროპულ არჩევანს უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობების ფარგლებში ამ არჩევანს ხელი შეუწყოს. ეს „ფორმულას“ ძლიერი მხარეა. აქ მომუშავე ჟურნალისტები თავად წყვეტენ, როგორი იქნება მათი გადაცემის შინაარსი და ამაში ვერავინ ერევა. აქ ხალხი შეიკრიბა ფასეულობების გარშემო. განა არ შემეძლო, უსაფრთხო და პრივილეგირებულ სივრცეში მემუშავა, მაგრამ ავირჩიე ის, რაც ვალდებულება და აუცილებლობაა – არ შევეგუოთ რუსულ რეპრესიულ რეჟიმს თუნდაც ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ფასად. „ფორმულა“ შეიქმნა და შეიკრა ფასეულობების გარშემო და არა იმ ნიშნით, როგორც პროპაგანდისტული არხები.
ჩემთვის გადამწყვეტია რეპუტაცია. სწორედ ამიტომ, ყოველთვის გახსნილი ვარ კრიტიკის მიმართ, ეს არხი შეცდომებზეც სწრაფად რეაგირებს. სწორედ რეპუტაციაა ის საკითხი, რის გამოც ქოლცენტების საკითხზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. ამიტომაა, რომ BBC-ის საკითხი ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი და ეს უნდა დაადგინოს ევროპულმა მართმლსაჯულებამ და ამ ნაწილში, როგორც დამფუძნებელი ამბობს, მზადაა, დაადასტუროს, რომ არანაირი კავშირი არა აქვს ქოლ-ცენტრეთან. სხვათა შორის, ფორმულას არაერთი სიუჟეტი აქვს გაკეთებული ამ პრობლემაზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო. ფორმულას წინაშე სამი საკითხი დგას. აქედან ორი დამოკიდებულია გამოძიებასთან, ერთი კი თავად ფორმულაზე:
1. უცხოურმა ობიექტურმა მართლმსაჯულებამ უნდა გამოიძიოს ქოლ-ცენტრების თემა.
2. ივანიშვილის პოლიტიზირებული სასამართლო სულ სხვა და აბსურდული საქმის აპირებს არხის დახურვას
3. „ფორმულა“ მუშაობს ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. რადგან ეს ჩვენი პირადი სტატუსია, ვიტყვი – მე, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანი, ამ მესამე პუნქტის ნაწილში საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებ. „ფორმულას“ გარეშე რუსი ოლიგარქი უფრო ძლიერდება; „ფორმულას“ არსებობით კი სამოქალაქო საზოგადოება ცოტათი უფრო ძლიერია. ამიტომ : გვჭირდება სიმართლის გარკვევა და ობიექტური მართლმსაჯულებით დადგენილი რეალობა“, – ამბობს სანაია.