გურიაში სააღდგომო თამაშებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი „ბულთის“ თამაში ანუ ლელო გახლდათ. რომელიც იმითაა განსაკუთრებული, რომ ეს არის თამაში არა მაყურებლებისთვის არამედ მონაწილეებისათვის და ლელოს კი არ უყურებდნენ არამედ თამაშობდნენ. როგორც ირკვევა გურიაში რვა სახეობის ლელოს თამაშობდნენ:
.
1. “ლელო-ბურთი”;
2. “ხელგაკვრია”;
3. “დარჩენიე”;
4. “ღლეტია ბურთი”;
5. “ლელო გატანია” – “გატანიე-ბურთი;
6. “გამგდებ-გამომგდებია”;
7. “ფეხგაკვრიე”;
8. „ფეხგორიე”;
.
მათი დასახლებებიდანაც ჩანს, რომ ნათი თამაშის წესებიც განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მაგალითად:
.
“ლელო-ბურთი” დაახლოებით იგივე “ლელო-გატანიე” და “გატანიე-ბურთი” უფრო ფართომასშტაბიანი იყო და მასში სხვადასხვა სოფლების ან ორი ეკლესიის მრევლი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ვინაიდან ლელო ძირითადად სააღდგომოდ იმართებოდა უფრო გავრცელებული იყო ორი ეკლესიის მრევლს შორის ბურთის თამაში.
.
„ფეხგორიე“ აპოლონ წულაძის გადმოცემით დაახლოებით ფეხბურთის პრიმიტიული ვარიანტი გახლდათ, რომლის დროსაც ლელოსკენ ფეხით უნდა წაეღოთ ბურთი.
.
„ხელგაკვრიას“ ხლით თამაშობდნენ და მას ძირითადად მოზარდები ან ახალგაზრდი თამაშობდნენ. მასთანავე ხელგაკვრია ორი სახეობის იყო – “დარჩენიე” და უბრალო ხელგაკვრიე.
.
„ფეგაკვრიას“ იგივე წესები ჰქონდა რაც ხელგაკვრიას ოღონდ ფეხით თამაშობდნენ.
.
„ფეხგორიე“ დაახლოებით დღევანდელი ფეხბურთის პრიმიტიული ვარიანტი გახლდათ, რომლის დროსაც ლელოსკენ ფეხით უნდა წაეღოთ ბურთი.
.
„გამგდებ გამომგდებიას“ დროს ბურთს ერთმანეთს გადასცემდნენ ისე რომ მისი ხელში გაჩერება არ შეიძლებოდა ანუ ისე უნდა ითამაშოს, რომ ბურთი „არ უნდა გააცივოს“ ან „არ უნდა დაამოჭვოს“ გამარჯვებაც მისია ვინც ბურთს დიდხანს დაიჭერს.
.
გატანია ბურთთან დაკავშირებით ტარასი მამალაძე წერს (1897) – „ხშირად მოთამაშეები ისე გატაცებით ცდილობენ ბურთის ხელში ჩაგდებას, რომ ზედახორას აწყობენ, ისე რომ ერთმანეთზე დაყრილი მოთამაშეებისაგან რამდენიმე იარუსი იქმნება, რომლის ქვემოთ დგას ან წევს უბედური მფლობელი „საგანძურისა“, რომელიც ვეღარც კი სუნთქავს თავზე დაყრილი ხალხის მასის გამო“.
.
ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ლელოს მამაკაცებთან ერთად ქალებიც თამაშობდნენ – „იყო არადანი, არჩევანი. – არადანი მე, – არჩევანი მე. – კარლო მე, – ივანე მე. – ევირჩევდით ჩვენ-ჩვენ კაცს. მერე გავაგდებდით ბულთს. საზღვარი იყო. იქინეი უნდა მიგვეტანა ბულთი. ბულთს რომ შეკვრიდენ, კაციც ქი მოკტებოდა; კაციც ქი მოკტა, მახსოვს მე. იყო გორგოსიალი. მიწოლაზე, გურგუში რომ იყო, ქალებიც ეხმარებოდენ. იქიდანი აწობიენ ხალხი და აქიდანც.“ (მთქმელი: ჭყონაგორა; ერმალო ორმოცაძე)
.
„ბახმაროში 1897 წლის 10 ივლისს გამართა ბურთაობა, რომელშიც კაცების გარდა შვიდასამდე ქალს მიუღია მონაწილეობა – „ათს ამ თვეში ბახმაროში კაცებს და მასთან ქალებსაც ბურთის თამაში დაეწყოთ, როგორც ამბობდნენ შვიდასამდე მარტო ქალი იქნებოდაო; მათ შორის დაეწყო თამაშობა მღვდლის რძალსაც.“ (ცნობის ფურცელი 1897);
.
ცნობილია 1881 წლის ფოთის დიდი ლელო ბურთი სადაც ერთმანეთს გურულები და მეგრელები შეერკინენ. გარდა ფოთისა კვირაცხოვლობას გურულებსა და მეგრელებს შორის ტრადიციული ლელო იმართებოდა ბათუმშიც.
.
1890 წელს გაზეთი ივერია წერდა – „აქაური ქართველობა შეიკრიბა კახაბრის მინდორზედ და დაიწყეს ბურთაობა. მაყურებლადაც ბევრნი იყვნენ მოსულნი“ თუმცა ხალხის სიმრავლემ პოლიციის უფროსის ყურადღება მიიპყრო – „როცა პირველად გამოვარდა ბურთი, მოვიდა ბოქაული ყაზახებით და სთხოვა ხალხს, მომეცით ბურთი, უფრო შუა ადგილას ავაგდებო. ბურთი მისცეს. მან ბურთი ყაზახებს გადასცა და პოლიციაში წააღებინა: ბურთის თამაში არ შეიძლება, აკრძალულიაო. ხალხმა სხვა ბურთი იყიდა და ახლა ის ააგდო. მოვიდა მას უკან პოლიციის უფროსი და დაუშალა ხალხს ბურთაობა. მან მოიყვანა ცეცხლისმქრობელნი ცეცხლის ქრობის მოწყობილობით და უბრძანა, გაწუწეთ ხალხი და დაიშლებაო. ხალხს ხუმრობა ეგონა გაწუწვა თავისი და ჟივილ-ხივილით მისცვივდნენ ცეცხლის მქრობელთ, რომ წაერთმიათ მაშინები და ახლა ისინი გაეწუწათ. ამ ბღლანძუნობაში სულ ერთიანად წახდა მაშინები და თვით პოლიციის უფროსსაც ატკინეს თვალი.”
.
1898 წელს ლელოს თამაში ბათუმიდან დასავლეთით ვერსტნახევარზე „ბატარეასთან“ დიდ მინდორზე გამართულა, გაზეთ „ცნობის ფურცელში“ 1899 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით – „კვირაცხოვლობას ჩეულებრივი ბურთაობა იყო ბათუმში, მეგრელებსა და გურულებს შუა. ბურთაობა დიდს და განიერ მინდორზე იყო ქალაქ ბათომიდან სამნახევარი ვერსის მანძილზე დასავლეთის მხარით კახაბერში, ქალაქის გარეთ, სადაც დიდძალი საზოგადოება შეიკრიბა, ზოგნი მოთამაშენი და ზოგნი კიდევ მაყურებელნი ბურთაობისა; დიდსა და გაშლილ მინდორზე გადაჭრელებული იყო დიძალი ხალხი, სამი საათიდან მოკიდებულ საღამოს შვიდ საათ-ნახევრამდე.“
.
1899 წელს ლელოს თამაშში გურულების და მეგრელების გარდა ბათუმის მთელი მოსახლეობა იყო ჩართული მიუხედავად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, რამაც ლელოს თამაშს ფართო საზოგადოებრივი დანიშნულება მისცა და გამოარჩია ბათუმის ლელო სხვებისაგან – „დიდ უზარმაზარ ბურთს დაატარებდნენ სამი საათიდან ხუთის ნახევრამდე და ხუთის ნახევარზე ჩააბარეს ერთ პატიოსან პირს, რომელმაც ეს ბურთი წაიღო თავის ხელით და დააგორა დანიშნულ ლელოს შუაგულზე და თან მიაკიჟინა: „არიქა ყმაწვილებო ვაშა ვაშაო, ლელო დასავლეთით მეგრელებისა და ხონელებისააო და აღმოსავლეთით გურულების, თათრების და სომხებისაო!“
.
ბათუმის ლელო ყოველთვის ამ სახალხო თამაშისათვის ტრადიციულად დაძაბულ და უკომპრომისო ბრძოლაში მიმდინარეობდა – „შეიქნა ყიჟინა, ვაშას ძახილი და წაიღეს პირველად ბურთი მეგრელებმა თავიანთ ლელოსაკენ და თითქმის ღელეზე მიიტანეს, მაგრამ ჩარხი უკუღმა დატრიალდა. გურულებმა იბრუნეს ბურთი თავიანთ ლელოსკენ და მიაყიჟინეს – არიქა, ყმაწვილებო ვაშა და გამარჯვება ჩვენსკენააო! მაგრამ დახე იღბალს, ბურთი ისევ მეგრელებმა გადმოიტანეს თავის მხარისკენ, მაგრამ ამ დროს ბურთი გადავრდა პატარა მდინარეში, სადაც არშნის სიმაღლეზე წყალი იდგა, თქვენც არ მომიკვდეთ, წყალმა არცერთი მხარე არ შეაშნა.
.
მაშნათვე ჩაცვივდნენ გურულები და მეგრელები და გაიმართა ბრძოლა წყალზე. მთელი ერთი საათი ბურთი წყალში იყო, ბოლოს ისევ მეგრელებმა იგდეს და გასწიეს ლელოსკენ და მართლაც გაიმარჯვეს“. 1899 წელს გამარჯვება მეგრელების მხარეს დარჩა, რომლებმაც თავიანთ ლელოსთან მიტანილი ბურთი დასჭრეს პატარპატარა ნაწილებად და გაინაწილეს გამარჯვების სამახსოვროდ.
.
ბათუმის ლელოს დამთავრების შემდეგ ტრადიციულად მობურთალებისა და მაყურებლებლების უზარმაზარი კოლონა საზეიმო მსვლელობით – სიმღერით, ცეკვათამაშით და ვაშას ყიჟინით ბრუნდებოდა ბათუმში.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა