ჩემო ძვირფასებო, ჩემო სასწაულო ადამიანებო, თქვენ გმირები ხართ, ბრძოლის ფორმაზე კი არ ხართ გმირები, გმირები ხართ, რომ თქვენ შინაგან სამყაროს ურთულესი გამოწვევის პირობებში არ ნებდებით და აგერ მეცნიერებაც წამოგვეწია, – ამ სიტყვებით „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო კახაძემ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემიდან „360 გრადუსი“ მიმართა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საქმეში მესამე მხარე არ არსებობს და ყველა ერთ მხარეს უნდა იყოს.
„ორი მხარე არსებობს, გენეტიკური აბერაცია და დაავადება, მეორე მხარე არის ამისგან დაზიანებული ბავშვი, ბავშვის ოჯახი. პრემიერმა რა უთხრა მათ? ჩვენც აქ ვდგავართ, თქვენთან ვდგავარო, მე ასე აღვიქვი ეს და ამას პირველად არ ვისმენ.
ჩემო ლია, ჩემო ქეთი, ჩემო ძვირფასებო, ჩემო სასწაულო ადამიანებო, თქვენ გმირები ხართ, ბრძოლის ფორმაზე კი არ ხართ გმირები, გმირები ხართ, რომ თქვენ შინაგან სამყაროს ურთულესი გამოწვევის პირობებში არ ნებდებით და აგერ მეცნიერებაც წამოგვეწია. დედებს მივმართავ და ყველას მივმართავ. სახელებით ვიცნობ, მიმოწერაც მაქვს, პირადი ურთიერთობაც, თან პირველი ვიზირება მე მაქვს გაკეთებული, რომ სამინისტრომ ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოს, რა დღეში ვიმყოფებით, როგორ ვართ. იცით რატომ ვიყურები მომავლისკენ იმედიანად? მესამე მხარე არ არსებობს, მე მინდა ყველა მესამე მხარეს ვუთხრა, აქ ნუ ჩაერევიან, აქ ყველა ერთ მხარეს უნდა დავდგეთ, დაავადების საწინააღმდეგო მხარეს… ჩვენს კომიტეტში მარტო მმართველი პარტია კი არ არის, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან, ყველა ერთ მხარეს ვდგავართ…
მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვსჯი და უფლება არ მაქვს, ვინმე განვიკითხო, ეს ჩემი, როგორც ადამიანის ფიზიკური, მორალური განადგურება იქნება. მე ყოველთვის მშობლის მხარეს ვარ და ხავსმოჭიდებული იმედის მხარეს ვარ, მე ექიმი ვარ. 70 წელი გავატარე და არ მახსოვს, კონფლიქტით საქმე გადამეწყვიტოს, ან ძალით. ყოფილა ზოგჯერ, რომ გავრიდებივარ ველს, ჩემი აზრი მითქვამს, გავრიდებივარ და წაგებულს დამიტოვებია ველი, მაგრამ მერე მოსულან და უთქვამთ, შენ მართალი იყავიო და მიპატიებია.
თქვენ, ჩემო საყვარლებო, მე ვამბობ გუნდის სახელით, როგორც ასაკოვანი კაცი, რადგან შიგნით გუნდის განწყობა ვიცი დიდიან, პატარიანად, პრემიერის განწყობაც ვიცი – ერთი ჩვენს მხარეს გადახრილი სიტყვა იჭარბებს და იმ წუთას, წამლის შეძენა, წამლის ჩამოტანა მოხდება, ერთ-ერთი პირველი იქნება ეს ქვეყანა, – განაცხადა კახაძემ.