მსახიობმა და პოლიტიკოსმა, ზაზა პაპუაშვილმა მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას დაპირისპირებას, ქვეყნის საქმეებში ჩარევას, დაუსაბუთებელ რეზოლუციებს და სანქციებს.
„ჩვენ ვაერთიანებთ და არ ვყოფთ საზოგადოებას – ეს გზავნილია შინ თუ გარეთ. მოვდივართ, რათა ყველამ გაიგოს, რომ ვერ ვიხედნებით და ვერავის უნაგირს ვერ ვგუობთ. გვინდა სუფთა ვიყოთ საკუთარ სინდისთან და უპირობო პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. მოგვიწევს ამის შეხსენება, რათა საქართველო მიიღონ და აღიარონ ისეთი, როგორიც ღმერთმა დალოცა და გააჩინა. ნურც ნურავის მოუვა აზრად, მისი დაკოდვა, გამოშიგვნა და გადასხვაფერება. ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება ითხოვს მშვიდობას, არა ომს. მოვდივართ იმიტომ, რომ ვუთხრათ „არა“ ფაშისტურ, ბოლშევიკურ, სადისტურ მისწრაფებებს, ქვეყნის არევას და დაპირისპირებას, ქვეყნის საქმეებში ჩარევას, დაუსაბუთებელ რეზოლუციებს და სანქციებს, დამცირებას და შეურაცხყოფას, მუდმივ რყევას და სიმშვიდის დასამარებას“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.