„ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება. რამდენად რეალურია კალაძის პროგნოზი? ექსპერტები „რეზონანსთან” აცხადებენ, რომ რჩება რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც არც ისე მარტივია. ამასთან, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ცალკეული რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიას გასხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამ რეკომენდაციებიდან განსაკუთრებით რთული შესასრულებელია დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
„ბოლო პერიოდში ისმოდა, რომ ორი პუნქტია დარჩენილიო – დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. მანდ უფრო იდეის დეფიციტია, ვიდრე ისეთი რამის, რაც დროს ითხოვს. ასეთი იდეის ქაღალდზე გადატანასა და მერე მიღებას დიდი დრო არ უნდა.
„ამდენად, მეჩვენება, რომ თუ რამე მოსაზრება მომზადებული აქვთ „ოცნების” ჯგუფს, მაშინ ეს რეალური იქნება. დრო გადის იმაში, რომ ვერ ხერხდება ხოლმე შედეგიანი იდეის ჩამოყალიბება.
„როგორ უნდა მოიხსნას დეოლიგარქიზაცია და განხორციელდეს დეპოლარიზაცია – მე საერთოდ მგონია რომ არარეალისტური მოთხოვნებია ერთიც და მეორეც, რადგან ვხედავთ, რომ საკმარისია იგივე დასავლეთმა ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესით გადადგას ნაბიჯი მეორე პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ, რომ პოლარიზაციის ხარისხი ადის კვადრატში. ასეთ პირობებში დეპოლარიზაციისათვის საკანონმდებლო მექანიზმის მოხსნა ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია, როცა ნებისმიერმა შიდა და გარე პირობებმა შეიძლება პოლარიზაცია ძალიან გაზარდოს., რაც კანონში არ გაიწერება.
„მაგრამ მე ვვარაუდობ რომ მოიძებნება ევროპულ მხარესთან ერთად ისეთი ფორმულირებები, რაზედაც ევროპელები ჩათვლიან, რომ შესრულდა.
„დეპოლარიზაცია გაქრება იმ შემთხვევაში, თუ, დავუშვათ, გადანაწილდება თანამდებობები დაახლოებით თანაბრად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და თუ ჩათვლიან, რომ ეს დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართ ზოგადად სკეპტიკურად არის განწყობილი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა ესა თუ ის პუნქტი შესრულებულად ჩათვალოს, მაგრამ ევროპელებს ამაზე გასხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ.
„მე ვფიქრობ, რომ ამ 12 რეკომენდაციის ერთერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა დეპოლარიზაცია დიდი ალბათობით ვერ იქნება შესრულებული. გარდა ამისა, მოსამართლეების დასანქცირებამ და პარლამენტში ამ თემაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა რა თქმა, უნდა მიაღწია ევროპელების ყურამდეც, ამაში დარწმუნებული ვარ და დადებითი რეაქციები ამის თაობაზე ალბათ არ ექნებათ.
„მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ საქართველოს მხარე შეიძლება თვლიდეს რომელიმე რეკომენდაციას შესრულებულად, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლები სხვაგვარი აზრის იყვნენ ამაზე. თქვენ ნახეთ, ალბათ სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული 8 არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნა, ისინიც დაახლოებით ისე ფიქრობენ, ანუ იმ საზომებით უდგებიან, რა საზომებითაც უდგებიან ევროპელები.
„სავარაუდოდ, ეს რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული. ასე რომ, მე პირადად ამ კუთხით ცოტა არ იყოს პესიმისტურად ვარ განწყობილი.
„რაც შეეხება დაანონსებულ თარიღს, თუ მოასწრებენ შესრულებას და მოხდება რაღაც გარღვევა, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის იმედი ნაკლებად მაქვს”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
რეზონანსი