ოზურგეთის წმინდა სილვესტრეს სახელობის ეკლესია

1633 წელს როსტომ ხანისა და მარიამ დადიანის ქორწილში ჩასულა შემოქმედელი ეპისკოპოსი მაქსიმე I მაჭუტაძე. სადაც ის კათოლიკე მისიონერებს შეხვდრია და მათი უფროსი პიეტრო ავიტაბილე რამდენიმე პატრის გურიაში გაგზავნაზე დაითანხმა. 1634 წელს გურიაში ჩასულ კრისტოფორო კასტელის, ანტონიო ჯარდინასა და ძმა კლაუდიოს გურიის მთავარმა და დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მალაქია II გურიელმა ,,თავის ახლოს ოზურგეთში ერთი შვენიერი სახლი მისცა და იქვე აუშენა ხის ეკლესია, რომელიც პატრებმა შეამკეს მხატვრობით”. პიეტრო დონ ავიტაბილე მიხედვით, ეკლესია წმ. სილვესტრეს სახელობის იყო და სომხების უბანში მდებარეობდა:
.
„წმინდა სილვესტროს სახელობის ეს ჩვენი ეკლესია ჩვენი ბატონის სასახლის კარიდანაც დაცილებული იყო და მისი მდებარეობა მოწმობდა, რომ ეს პატარა ეკლესია არასაკმარისი იყო ჩვენი წიმინდა ამხანაგებისათვის. იგი სომხების საცხოვრებლების შუაგულშია; სომხები დაახლოებით 40 ოჯახია, ვშიშობთ, რომ ამის გამო ჩვენს ეკლესიაში ქართველები ვეღარ მოვლენ, ვერც მთავრის სახლის პირნი, რომელნიც ამ ადგილზე არა ცხოვრობენ. არა მგონია, ჩვენი მისიონი ერთ თემზე მეტს მოემსახუროს”.
.
ავიტაბლე ასევე წერს – „ჩვენი სახლი მდებარეობს შიგ მთავრის ბაღში ამ სახლის ფანჯრები შიგნით, ეზოში იცქირებიან. კარგი მდებარეობა აქვს, მაგრამ მე ნაკლებ მომწონს. მეშინია, როცა მემკვიდრე ტახტს დაიკავებს, ჩვენები აშკარად გაიქცევიან აქედან, რადგან ყოველ საათს იქაურობა სავსეა ქალებით და ბიჭებით, რომლებიც მოდიან და ჩვენ კარებთან დგანან, რადგანაც მთავრის სახლში სხვა გასართობი არა აქვთ რა. აქ არის ისლით დახურული პატარა ხის ეკლესია, რამდენადაც კი შეიძლება სუფთად მოვლილი. ყველა პატრისათვის ერთი ოთახია იმავე მასალით დახურული“.
.
ავიტაბილეს აღწერის სიზუსტეს ადასტურებს კრისტოფორო კასტელის ჩანახატი სათაურით ,,ჩვენი პატრების რეზიდენცია გურიელის პროვინციაში”. კასტელის ალბომში ეს ჩანახატი ორ სურათად არის დაბეჭდილი #425 – მისიონის რეზიდენცია გურიაში” და #429 – გურიელის სახლი და მისიონერთა კარმიდამოს ხედი”. ამ ორი გვერდის შეერთებით შესაძლებელია მივიღოთ 1633 წლის ოზურგეთის ხედი, რომლის სიღმეში ჩანს გრძელი ორსართულიანი შენობა, რომელიც გურიელების ციხედარბაზი უნდა იყოს.
.
ოზურგეთის კათოლიკეთა მისიაზე საუბრობს იტალიელი თეათინელი მისიონერი გაეტანო რასპონი, რომელმაც 1681 წელს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმოგზაურა. მის მიერ შედგენილ ხელნაწერ რელაციაში დამატებით ჩაკრულია რამდენიმე ფურცელი. ავტორის თქმით, მას გააზრებული ჰქონდა ვალდებულება, რომ დაწვრილებით მოეთხრო ყველაფერი, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო ვერ მოახერხა, ამიტომაც ამატებს ან აკონკრეტებს რამდენიმე ამბავს, მათ შორის ძალიან საინტეროა კარლო ჯულიანისა და გიორგი გურიელის ამბავი, რომელმაც თავის სამფლობელოში მისცა მისიონერს 15 კომლი და ერთი მარმარილოს ეკლესია, რომელიც მარმარილოთივე ყოფილა გადახურული და სომხებს ეკუთვნოდაო. ომიანობის გამო იქ შეაფარეს თავი მისიონის პრეფექტმა გაეტანო ტურკომ და პადრე ჯუზეპე ტორიჩელამაც.
.
– დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოზე (XVII ს.), შესავალი, თარგმანი და კომენტარები ბეჟან გიორგაძისა (თბილისი: მეცნიერება, 1977)
– კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში 2018 – მაია დამენია გაეტანო რასპონის „რელაცია სამეგრელოს შესახებ“
– დონ კრისტოფორო დე კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ 1977
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: შუქპირი, რუკა და ტექსტი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share