კახოვკის ჰესის დანგრევისა და წყალდიდობის შედეგად, საფრთხე შეექმნა შავ ზღვასაც. ეკოსისტემის დაზიანების გარდა, გაჩნდა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკები, მათ შორის – საქართველოშიც.
ჰესის აფეთქება საერთაშორისო დონეზე უკვე შეფასდა რუსეთის მიერ ჩადენილ ეკოციდად და ომის დანაშაულად, რომლის შედეგადაც რამდენიმე ათეული დასახლება დაიტბორა, ხალხი უსახლკაროდ დარჩა, დაკარგულად მიიჩნევა არაერთი ადამიანი და მასობრივად დაიხოცნენ ცხოველები – მათ შორის – კახოვკის ზოოპარკში.
ექსპერტები ამბობენ, რომ ამ საშინელი აქტით რუსეთმა მოახერხა ერთადერთი – დროებით შეაჩერა უკრაინელების კონტრშეტევა ხერსონის მიმართულებით, საიდანაც უკრაინის სამხედრო ძალებს წვდომა ექნებოდათ ყირიმზე.
ნაღმები ზღვაშიც
როდესაც, ჰესის დამბისა და საინჟინრო კონსტრუქციების ნგრევის შედეგად, წყლის დიდი ნაკადი ხერსონის ოლქის ქალაქებისა და სოფლებისკენ დაიძრა, ექსპერტებმა მალევე დაიწყეს ლაპარაკი ნაღმების დაძვრის დიდ საფრთხეზე, რომლის მოგვარებასაც შესაძლოა ათეულობით წელი დასჭირდეს.
გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა განცხადა, რომ „წყალდიდობისა და წყლის სწრაფი მოძრაობის გამო“, ნაღმები შესაძლოა მოხვდნენ ისეთ ადგილებში, „რომლებიც ადრე უსაფრთხოდ ითვლებოდა“.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, წლების შემდეგ, მშვიდობიანი ადამიანები აფეთქდნენ კონფლიქტის ზონიდან ძალიან შორს – მინდორში მუშაობისას, საძოვრებზე საქონლის გარეკვისას თუ ზღვის სანაპიროზე დასვენებისას.
რადგან მდინარე დნეპრი შავ ზღვაში ჩაედინება, ექსპერტების შეფასებით, წყლის ძლიერი ნაკადი ნაღმებს „ზღვაშიც ჩარეცხავს“.
სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გადამდგარი გენერალ-მაიორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე ვარაუდობს, რომ ამ გზით შავ ზღვაში შეიძლება მოხვდეს როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ასევე – ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, თუმცა “ტანკსაწინააღმდეგო მძიმე ნაღმების შორ მანძილზე გადაადგილება ნაკლებად არის მოსალოდნელი” – ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები კი, შესაძლოა შორს წავიდეს და საქართველოს სანაპირო ზოლამდეც მოაღწიოს.
„ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს პლასტმასის კორპუსი აქვთ და უფრო მდგრადი არიან ზღვის მარილიანი წყლის მიმართ, ვიდრე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები [ლითონის კორპუსით]. შესაბამისად, ისინი უფრო დიდხანს გაძლებენ. ღმერთმა ქნას, რომ ისეთ ადგილას ჩაიტანოს, სადაც ადამიანებს არ მოუწევთ ფეხის დაბიჯება. ვფიქრობ, გემებსა და ხომალდებს ის არ შეუშლის ხელს, რადგან ფსკერზე იქნება, მაგრამ ადამიანებისთვის საშიშია“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახტანგ კაპანაძე.
თუკი ადამიანი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმს დაადგამს ფეხს, მას შეუძლია სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანება და მაგალითად – ტერფის მოწყვეტა.
აქამდე, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, უკრაინისთვის და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებისთვის ე.წ. მცურავი ნაღმების, მოწყვეტილი ნაღმების პრობლემა გამოიკვეთა. ერთი ასეთი ნაღმი, 13 თებერვალს, ბათუმის სანაპიროზეც აფეთქდა.
შავი ზღვის ეკოციდი – ჰიდროდარტყმა
ეკოლოგები შიშობენ, რომ მომხდარი კატასტროფის შედეგად, როცა შავ ზღვაში ერთბაშად მდინარის წყლის ასეთი დიდი ნაკადი ჩაიღვრება, – შავი ზღვის წყალი გამტკნარდება და ზღვის ეკოსისტემას რეალური საფრთხე დაემუქრება. შესაძლოა, განადგურდეს მარილიანი წყლის თევზების თუ წყალმცენარეების არაერთი სახეობა.
მომხდარს „დიდ ჰიდროდარტყმად“ აფასებს გეოსაინფორმაციო სისტემების მონაცემთა მსოფლიო ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელი – სერგეი გაპონი, რადიო „კრიმ რეალიის“ (Радио Крым Реалии) გადაცემაში.
„შავი ზღვა თავის აკვატორიაში გაზავებული იქნება [მტკნარი წყლით] რამდენიმე ათეულ კილომეტრზე. ეს გამოიწვევს მისი ბინადრების ძალიან დიდი რაოდენობით დაღუპვას ათეულობით კილომეტრის დაშორებითაც იმ ადგილიდან, სადაც დნეპრი ეშვება შავ ზღვაში“, – ამბობს ექსპერტი.
„ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ შავი ზღვის ეკოციდზე – საფრთხის ქვეშ არის ეკოსისტემა“, – განაცხადა 7 ივნისს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმა, დარია ზარივნამ.
ექსპერტები ასევე შიშობენ, რომ შავ ზღვაში მოხვდება დიდი ოდენობით – ტოქსიკური ნივთიერებები, საწვავი, ზეთები და ცხოველთა ლეშის ბაქტერიები, რაც შავი ზღვის სანაპირო ზოლს მნიშვნელოვნად დააბინძურებს.
რადიო თავისუფლება