მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის არავითარი გაუმჯობესება არ შეინიშნება. ამის შესახებ ნიკოლოზ სააკაშვილმა ambebi.ge-სთან განაცხადა.
“მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი, არავითარი გაუმჯობესება არ შეინიშნება. ადამიანი საჭიროებს მძლავრ რეაბილიტაციას, მკურნალობას და სიცოცხლის შენარჩუნებას. ჩემის აზრით, უნდა იყოს მეტი ლაპარაკი ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნებაზე, მეტი ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა მიშა გაიყვანონ სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის”, – განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე მათ ოჯახში საუბრები არ ყოფილა.
“რაც შეეხება მის პოლიტიკაში მობრუნებას, ეს ინფორმაცია ტელევიზიით გავიგე და ცოტა არ იყოს, გავოგნდი, ვინაიდან ამაზე ოჯახში ლაპარაკი არ ყოფილა, მსგავსი რამ არც გამიგია. რა დროს პრემიერობაზე და პოლიტიკაში ჩართვაზეა ლაპარაკი, კაცმა ხმამაღლა თქვა, ქართული პოლიტიკიდან მივდივარო. არ ვიცი, ეს ხმები რას ემსახურება, მე არც ვანგა ვარ და არც ვიღაც ნათელმხილველი, თუმცა ვფიქრობ, ეს ვიღაცეების წისქვილზე წყლის დასხმას უფრო ჰგავს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მთელი ოჯახი პოლიტიკისგან შორს ვართ, მიშაც ამ აზრზეა, დღეს მთავარია და ლაპარაკია მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის უფლების შენარჩუნებაზე, მეტი არაფერი. კარგა ხანია, შვილი არ მინახავს, მასთან არ გვიშვებენ, მაქსიმალურად შეზღუდეს მნახველების რაოდენობა, მხოლოდ იურისტს აქვს იქ შესვლის უფლება. რამდენჯერ ვცადეთ მეც და გიულიმაც, მაგრამ იყო კატეგორიული უარი, უბრალოდ, ვიცით ყოველდღიური ამბები. დილას იმ იმედით ვიღვიძებ, რაიმე უკეთესობისკენ ხომ არაა, ვინმემ რამე საიმედო ხომ არ თქვა, მაგრამ ჩავრთავ ტელევიზორს და იქიდან მიშას ლანძღვის მეტი არაფერი მესმის”, – აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.
მან ასევე კომენტარი გააკეთა, მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს საერთო შვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
“მინდა გითხრათ, არაფრის საქმის კურსში არ ვიყავი და არ ვარ, ამ თემაზე აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი, ჭორებს არ ავდევ… ეგრე, ჩემზეც ლაპარაკობენ, რომ ბალნეოლოგიური დღესაც ჩემი საკუთრებაა და თურმე მე ვდგავარ მის უკან” – ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.