მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა გვარამიას საქმის მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების მიზნით კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ მოძრაობა განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამ გადაწყვეტილებით სასამართლო სისტემამ შეასრულა პოლიტიკური შეკვეთა, რომლის მიზანია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საბოტაჟი.
საზოგადოების უაღრესად მაღალი ინტერესის და უპრეცედენტო საერთაშორისო რეზონანსის მიუხედავად, უზენაესმა სასამართლომ, გამოიჩინა რა უსაზღვრო ცინიზმი საზოგადოების მიმართ, ფორმალურადაც კი არ სცადა მართლმსაჯულების განხორციელების ილუზიის შექმნა. ამით კიდევ ერთხელ მოხდა ევროკომისიის რეკომენდაციების მე-7 პუნქტის იგნორირება, რომელშიც ნათქვამია, რომ საჭიროა “უფრო ძლიერი ძალისხმევის გაწევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს”.
ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა იწყებს კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ნიკა გვარამიას საქმეზე პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი კორუმპირებული მოსამართლეებისთვის (სამივე ინსტანციის) პერსონალური სანქციების დაწესების მიზნით. ერთად დავიცვათ ქართული მართლმსაჯულება გაყიდული მოსამართლეებისაგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.
19 ივნისს მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო – გვარამია გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.
უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბერს განაჩენი და დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები.
***
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.
ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.