საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლგბტ თემზე საუბრის დროს დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება გამოიყენა. მან POS TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად ასევე თქვა, რომ ამ თემაზე “ზღვარგადასული პროპაგანდაა” მსოფლიოში.
“მედიის განვითარების ფონდში”, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მედიაში გავრცელებული ჰომოფობიური შინაარსის განცხადებების წყარო ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
რა თქვა პრემიერმა?
21 ივნისს კიბერუსაფრთხოების ფორუმის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის კითხვის დასმას არაერთი ჟურნალისტი ცდილობდა, მათ შორის, ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. პრემიერმა ღარიბაშვილმა პირველ კითხვად POS TV-ის ჟურნალისტის თემა ამოირჩია, რომელიც მანამდე ხელისუფლების მიმართ ლოიალურმა (ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კვლევის თანახმად) “იმედმა” გაავრცელა. ჟურნალისტის კითხვა ლგბტ საკითხს ეხებოდა.
“მე თქვენი მედიასაშუალებით გავეცანი მონაცემებს, ეს იყო უცხოური ორგანიზაციის კვლევა, 30 ქვეყანაში ჩატარდა ეს კვლევა და განსაკუთრებით საგულისხმო, საყურადღებო იყო საფრანგეთის მონაცემები, სადაც აღმოჩნდა, რომ 22 პროცენტი ახალგაზრდების აცხადებს თავს ლგბტ-დ, რაც, ვფიქრობ, არის საგანგაშო ტენდენცია”, – თქვა პრემიერმა და განაგრძო: – “მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, ცხოვრების წესი აირჩიოს, ჩვენ არავის საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში არ ვერევით, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩემთვის მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს უკვე ბაღებში და სკოლებში, უცხოეთში”.
POS TV-ისთვის პასუხის გაცემის შემდეგ პრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ თემაზე დამატებით უნდოდა საუბარი და ახსენა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში პოპულარული რესტორნების ქსელის “მაკდონალდსის” მიერ გამოცემული ბროშურა ცნობილი ბრიტანელი გეი მუსიკოსის ელტონ ჯონის შესახებ.
“ამ თემაზე მინდა ჩემი მოსაზრება გამოვხატო. დიდი ხანია თქვენთან არ მქონია საუბარი. რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ყველაზე პოპულარულ რესტორნების ქსელ მაკდონალდსში მიმდინარეობდა ბავშვებში ეს პროპაგანდა – რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია. მოვისმინეთ განმარტებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომაც ჩვენთანაც უნდა მივიღოთ”, – თქვა ღარიბაშვილმა.
სანამ პრემიერ-მინისტრი “მაკდონალდს” გააკრიტიკებდა, მან ისიც თქვა, რომ “ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ”:
“მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ იმიტომ, რომ დაუშვებელია, მიუღებელია სკოლებში და ბაღებში და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა. აი, ეს არის ჩემი პასუხი”.
რატომ არის ეს განცხადება პრობლემური?
“მედიის განვითარების ფონდი” 10 წელზე მეტია იკვლევს მედიით გავრცელებული განცხადებების შინაარსს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება ცალსახად ჰომოფობიურია და ზრდის ლგბტ თემის წევრების მიმართ ძალადობის რისკს.
“ეს და ბოლო განცხადებები არის ჰომოფობიური და ეს პრობლემურია, რადგან მათ [მაღალი თანამდებობის პირებს-რ.თ.] საზოგადოების განწყობებზე გავლენის დიდი ბერკეტები აქვთ და უნდა აცნობიერებდნენ იმ ზიანს, რომელიც ადგება ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. ჩვენ გვახსოვს ძალადობრივი ქმედებები, როდესაც სახელმწიფომ ვერ დაიცვა ეს ჯგუფი, ასეთი განცხადებები კი არის შუქი იმისთვის, რომ გამოხატონ მათ მიმართ სიძულვილი. საქართველოს პრემიერი ყველას პრემიერია და უნდა ცდილობდეს, რომ ყველა მოქალაქე სრულფასოვნად გრძნობდეს თავს”, – ამბობს “მედიის განვითარების ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი.
მამუკა მდინარაძე, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე: “არ სჭირდება ბავშვს 2, 3, 7 და 10 წლის ასაკში ლგბტ უფლებების დაცვის სწავლა – რაც არის ამ თემის შემოპარება და ამიტომ არის ამაზრზენი”.
მისივე შეფასებით, რუსული ნარატივის ნაწილია, როცა ლგბტ თემის წევრებზე ან მათ უფლებრივ მდგომარეობაზე საუბარი ფასდება პროპაგანდად. თამარ კინწურაშვილი არ გამორიცხავს, რომ “ლგბტ პროპაგანდასთან” კავშირში საერთაშორისო პარტნიორების ხსენებით სახელისუფლებო მედიასაშუალებები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, თუ გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, საზოგადოების ბრაზი პარტნიორებისკენ მიმართონ.
“იმის ნაცვლად, რომ განახორციელონ რეფორმები, გაცილებით მარტივია ყურადღება გადაიტანონ ადამიანის იდენტობაზე. ეს არის მანიპულირება საზოგადოების აზრით იმისთვის, რომ საკუთარი პასუხისმგებლობიდან ბრალეულობა გადაიტანონ სხვაზე.
ამას აქვს ანტიდასავლური კონტექსტი. ბოლო დროის სამთავრობო პროპაგანდაც ამის მანიშნებელია, ყოველდღიურად ვიგებთ ინფორმაციას სხვა ქვეყნებში ლგბტ თემის უფლებრივ მდგომარეობაზე”, – ამბობს თამარ კინწურაშვილი.
რატომ ეწინააღმდეგება პრემიერის სიტყვა კონსტიტუციას?
საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიცვალა, თანასწორობის პრინციპზეა დაფუძნებული.
“ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით”, – წერია კონსტიტუციაში.
საქართველოში ასევე არსებობს დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ კანონი.
რადიო თავისუფლება