საქართველოსნაირ მცირემიწიან ქვეყანაში მნიშვნელოვანია საჰექტარო მოსავლის ზრდა რაშიც ქარსაფარი ზოლების არსებობა გადამწყვეტია

ქარსაფარი ზოლების გაშენების ისტორია ასეულ წლებს ითვლის. მათი მთავარი დანიშნულება იყო ქარის სიძლიერის კოეფიციენტის შემცირება, ასევე გამოიყენებოდა თოვლიანი ქარბუქების წინააღმდეგ.

მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ქარსაფარი ზოლების მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა იზრდებოდა, ხოლო ნიადაგის ეროზია მცირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 21- ე საუკუნეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქარსაფარი ზოლების არსებობა, როდესაც იზრდება მოსახლეობის რიცხოვნობა, საჭირო ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაშინ როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს ტყეების გაჩეხვა, გაუდაბნოება, კლიმატის გლობალური ცვლილება (ურუშაძე, 2012).

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობების ზრდა შეზღუდულია, როგორც მცირემიწიან ქვეყანაში, ამიტომ მნიშვნელოვანია საჰექტარო მოსავლის ზრდა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დიდი როლი მიუძღვის ქარსაფარი ზოლების არსებობას, რადგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების ერთ-ერთ ძირითად რეზერვად ითვლება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის აღკვეთა და ქარებისა და გვალვების მავნე ზემოქმედების შემცირება (ხარაიშვილი, 2004).

საქართველოში ძლიერი ქარების მოქმედებით ხშირია დამუშავებული ნიადაგების გამოშრობა და ჰუმუსიანი ფენის გადახვეტა, რის გამოც იღუპება ნათესები

სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში, ბოლო ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესებმა, ერთის მხრივ ქარსაფარი ზოლების, მასიურად, კერძო საკუთრებაში გადაცემამ, და მეორეს მხრივ ამ ზოლებში განხორციელებულმა ჭრებმა, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას.

საქართველოში ქარსაფარი ზოლების სტატუსი და სამართლებრივი მდგომარეობა რეგულირდება შემდეგი ნორმატიული აქტებით: 

  • საქართველოს კანონი ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ; 2 ნოემბერი, 2021
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება N286 16 ივნისი, 2021; ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება N146 24 მარტი, 2022 ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება N115 4 მარტი, 2022 ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას კომპენსაციის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
  • საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება N2-138; 24 თებერვალი, 2022 ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
  • საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება N2-66; 2 თებერვალი, 2022; ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

ქარსაფარი ზოლის სტატუსი განსაზღვრულია კანონით. ესაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე ხელოვნურად გაშენებული მერქნიანი ხეების მწკრივი. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიორინგის ეროვნული სააგენტო. ქარსაფარი ზოლის საზღვრები რეგისტრირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. ამ მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თანხმობა.

ქარსაფარი ზოლი შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში. კერძო მესაკუთრეს უფლება აქვს, სააგენტოსთან შეთანხმებით გააშენოს ქარსაფარი ზოლი და უზრუნველყოს მისი მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელება. ქარსაფარი ზოლის კერძო მესაკუთრეს აკისრია ვალდებულება, ხელი არ შეუშალოს შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში.

კანონი განსაზღვრავს ქარსაფარი ზოლების მართვაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებია:

  • ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის აღდგენა, გაშენება, მოვლა, დაცვა და მასზე ზედამხედველობა;
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა;
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება;
  • ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით (N2-106; 2 მარტი, 2023) დამტკიცებულია ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა. გეგმით გათვალისწინებულია გურიის მხარის სამივე მუნციპალიტეტში ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია შემდეგი მოცულობით:

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 274,91 ჰექტარი
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 132,09 ჰექტარი
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 28,3 ჰექტარი

სამივე მუნიციპალიტეტში ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის განხორციელების პერიოდად ამ ბრძანების მიხედვით დადგენილია 2024 წელი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ქარსაფარი ზოლის დაზიანებაზე. ქარსაფარ ზოლში მერქნიანი მცენარის (ხის) დაზიანება, რამაც შეიძლება მისი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ქარსაფარ ზოლში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა  გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

პროექტს “აქტიური ქალები უკეთესი გარემოსთვის ” ახორციელებს “გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია-ეკო”- “ქალთა ფონდი საქართველოში” მხარდაჭერით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share