„რა მნიშვნელობა აქვს, ციხეში წამებით მომკლავ, თუ შოვის ტალახში ჩამახრჩობ. ისეც მკვლელი ხარ და ასეც“

სტიქიის ზონაში შსს მინისტრის გამოჩენას დღეს საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ბევრისთვის ვახტანგ გომელაურის დღევანდელმა განცხადებებმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე აქამდე იყო. „ხელისუფლების დამოკიდებულებას შეიძლება ვუწოდო უტიფრობა საზღვრებს გარეშე. რუსულად “ბეზპრედელი” – წერს იურისტი ლევან ცალუღელაშვილი და ტრაგედიის მიმართ შსს მინისტრის დამოკიდებულებას აკრიტიკებს:

„არანაირი ამბიცია და პრეტენზია არ მაქვს, გარდა ჩემი ხალხის ჭირისუფლობისა. ვერანაირ გამართლებას ვერ ვუძებნი შსს მინისტრის დღევანდელ უპასუხისმგებლო განცხადებას. ხელისუფლების დამოკიდებულებას შეიძლება ვუწოდო უტიფრობა საზღვრებს გარეშე. რუსულად “ბეზპრედელი”.

ლუარსაბ თათქარიძე რომ ყოფილიყო გომელაურის ადგილას, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად განიცდიდა და შეიცხადებდა ჯერ არნახული მასშტაბის, ხელისუფლებისთვის სამარცხვინო ტრაგედიას და რაც მთავარია, მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობდა და მომხდარში თავის წილ დანაშაულს დაინახავდა.

არაფერი მსგავსი. მხოლოდ ცივი სახეები, ცივი შუბლები და პრიმიტიული ლოგიკა.

გაღმა შედავება.

თავის დამადლება.

ნუ მანერვიულებთ ეხლა თორემ მივბრუნდები და წავალო.

ევროსტანდარტები და საერთოდ ევროპა, თურმე, რა საჭიროა.

დედა დედაა მამა მამაა, განგვანათლეს მათი ჭკუით. ვერტმფრენი ველოსიპედი ხომ არ არის ან ავტომანქანა, მოახტე და გააჭენო.

ვერტმფრენის ყიდვის რიგში დგანან თურმე და 2024 წლის მარტამდე ვერტმფრენი არ იქნება. რა რიგში დგანან, სსრკ-ს დროა და “ლენინგრადის” პიანინოს ყიდულობენ თუ რა ხდება.

24 გარდაცვლილი, 9 ძებნილი და 11 დღის შემდეგ-ღა ადგილზე ჩასული შსს მინისტრი.

არ მგონია ხმამაღალი ნათქვამი თუ ვიტყვით რომ შოვის ტრაგედიის შემდეგ მოქმედმა ხელისუფლებამ სამართლიანად მოიპოვა მკვლელი ხელისუფლების სახელი.

ხელისუფლებისა, რომლისთვისაც ჩალის ფასიც არ ღირს ჩვენი სიცოცხლე. მებორნეს რომ გადაჰყავდა მგზავრები, მანეთად ერთი ჩაუვარდა და დასძინა, ჯანდაბას, მანეთიო, ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ.

შეიძლებოდა, ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყოო. რა ყველაფერი ძირს ვარდება, ყველაფერი ფუჭდება, ყველაფერი ინგრევა…

რა მნიშვნელობა აქვს, ციხეში წამებით მომკლავ თუ შოვის ტალახში ჩამახრჩობ. ისეც მკვლელი ხარ და ასეც. სრულიად სამართლიანად არის საქართველო შეტანილი საშიშ ქვეყანათა სიაში და სრულიად სამართლიანად ცდილობენ ადამიანები ქვეყნიდან გაქცევით თავს უშველონ.

როგორ უნდა გერჩიოს ოთხ კედელში, ამ სიცხეში თავი ჩაიხუთო, სადმე წასვლას და დასვენებას, მაშინ როდესაც დასასვენებელი ადგილი ღვთის წყალობით, უამრავი გვაქვს. მაგრამ რად გინდა?! მაშველი მაშველის დონეზე არ არის, უსაფრთხოება უსაფრთხოების დონეზე არ არის…

ამ ყველაფერზე წერას რა აზრი აქვსო, ვინმე იტყვის მაგრამ მოდით, ყველა გავჩუმდეთ, წყალი ჩავიგუბოთ და დუმილით აგვიშენდება ქვეყანა. განზრახ თავს სხვადასხვა გასართობით ვიქცევ რომ ემოციები მოვთოკო, მაგრამ კარგი, ჩემმა თაობამ ასე თუ ისე, იწვნია ამ მოთარეშე ხელისუფლებების გესლი, მაგრამ რა ელის ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს?!

ვინ უნდა იბრძოლოს უკეთესი მომავლისათვის თუ არა ისევ ჩვენ?! გვახსოვს ტრაგედია, სადაც 24 მსხვერპლია და მოლოდინი არსებობს იმისა რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება… გსმენიათ მსგავსი მასშტაბის ტრაგედიის შესახებ ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიც საქართველოა?! სირცხვილით როგორ უნდა აუხსნა ცივილიზებულ მსოფლიოს, რა მიზეზით დაგეღუპა შენივე სისხლი და ხორცი ისე რომ მიცვალებულსაც ვერ პოულობ?! ნაცვლად იმისა რომ ბოდიში ეწეროთ შუბლზე, ხმას დაუწიე, ახლა შევბრუნდები და წავალ… რა არის, ეს, რა დამოკიდებულებაა…

რა ჯურის ბატონ-ყმობაა… ვფიქრობ რომ ადრე თუ გვიან ამ ყველაფერს ისევ ხალხი დაუსვამს წერტილს და ამის იმედი მაქვს, თორემ ფაქტობრივად, მტერი გმართავდეს, ასეთი რამის ანალოგი თუ არსებობს ან არსებულა მსოფლიო ისტორიაში, საკითხავია.

როგორმე უნდა გადავრჩეთ ამ ხელისუფლებისგან და გადავირჩინოთ სიცოცხლე, რაც, მადლობა ღმერთს, მათ არ მოუციათ და კიდევ კარგი, თორემ მათი მოცემული რომ იყოს, იმასაც თვალის დაუხამხამებლად ამოგხვდიდნენ“ – წერს ლევან ცალუღელაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share