2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნება“ კვლავ შეხვდება მძლავრი ადმინისტრაციული რესურსითა და ამომრჩეველზე გავლენის სხვა ბერკეტებით.
- ვინ და რამდენნი არიან „ოცნების“ ამომრჩევლები?
- რა ბერკეტებია მმართველი პარტიის ხელში ხმების მისაღებად?
- რამდენად მოახერხებს ამ ბერკეტების გამოყენებას „ქართული ოცნება“, თუკი ამომრჩევლისთვის სასწორზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია დადგება?
„ოცნების“ საარჩევნო სტატისტიკა
ბოლო სამი საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ ხმას 850 ათასიდან 1.2 მლნ ადამიანამდე აძლევს. კიდევ უფრო დეტალურად რომ დავაკვირდეთ, ეს რიცხვი ასე იცვლებოდა:
- 2012 წელს „ოცნებას“ ხმა მისცა 1.18 მლნ-მა ადამიანმა, რის შედეგადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება დაკარგა; ამომრჩეველთა აქტივობა 60.8% იყო – საქართველოსთვის ძალიან მაღალი.
- 2016 წელს მისი მხარდამჭერების რაოდენობა შემცირდა – მმართველ გუნდს ხმა მხოლოდ 856 ათასმა ადამიანმა მისცა, თუმცა ხმების ამ რაოდენობითაც კი მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება – იმ წელს დაბალი აქტივობა იყო – 51.6%.
- 2020 წელს „ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა დაახლოებით 930 ათასამდე გაიზარდა, თუმცა 2012 წლის ნიშნულამდე არ მიუღწევია. აქტივობა საშუალო იყო – 56.1%.
ვინ არის „ოცნების“ ამომრჩეველი?
NDI-სა და CRRC-ის ბოლო, 2023 წლის მარტის კვლევაში „ოცნების“ მხარდამჭერებად საკუთარ თავს გამოკითხულთა მხოლოდ 17% მიიჩნევს.
მაგრამ კიდევ უფრო ნაკლები აიგივებს თავის ინტერებს სხვა პარტიების მიზნებთან:
- მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის 5%-ით;
- ყველა დანარჩენი პარტიის ჯამი მხოლოდ 6%-ია.
- ამ კითხვაზე პასუხად წლებია, ლიდერობს „არცერთი პარტია“.
წლევანდელ, ბოლო კვლევაში „არავის ამომრჩევლები“ 57%-ს აღწევს.
როცა გამოკითხულებს სხვანაირად უსვამენ კითხვას – ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმასო, – „ოცნების“ რეიტინგი იზრდება. მაგრამ იზრდება მხოლოდ 20%-მდე.
მოსახლეობის თითქმის ნახევარი (47%) მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს, – და კიდევ უფრო მეტი (61%) ამბობს ამავეს საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებზე.
„ოცნების“ მხარდამჭერთა დემოგრაფიაც კვლევებიდან თუ შეიძლება უხეშად განვსაზღვროთ. ასე, მაგალითად:
- ახალგაზრდებში, – 18-დან 34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, – 70% ამბობს, რომ „არცერთი პარტია“ მათ არ წარმოადგენთ.
- „ოცნების“ მხარდაჭერა ამ ასაკობრივ ჯგუფში განსაკუთრებით დაბალია – მხოლოდ 8%.
- ყველაზე მეტი მხარდამჭერი, ამ კვლევის თანახმადვე, მმართველ გუნდს 55 წლისა და უფროსი მოსახლეობის ნაწილში ჰყავს.
მსგავსი სურათია სხვა გამოკითხვებშიც. იგი სულ მცირედით იცვლება ხოლმე არჩევნებიდან არჩევნებამდე. არჩევნების შედეგები კი რადიკალურად განსხვავებულია.
მაგრამ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს სოციოლოგები არჩევნების შედეგების პროგნოზირებისთვის არ იყენებენ – და წლების განმავლობაში საქართველოს გამოცდილებაც ადასტურებს, რომ ეს არ იქნებოდა სწორი.
კვლევებსა და არჩევნებში პარტიების „შედეგებს“ შორის განსხვავებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ის, რომ არადემოკრატიულ ქვეყნებში გამოკითხულები შიშობენ, უცხო ადამიანებს თავიანთი ნამდვილი პოზიცია გაუმხილონ.
კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ადამიანების ნაწილი ხმას აძლევს არა იმიტომ, რომ მოსწონს, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ. ამას კარგად აჩვენებს IRI-ს 2023 წლის მარტის გამოკვლევა:
- 39% ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას.
- 34% ამბობს, რომ „ოცნებას“ არ მისცემდა ხმას არავითარ შემთხვევაში.
მეორე მხრივ, შესაძლოა, კვლევებში გამოხატული ეს რიცხვები პარტიების ყველაზე ერთგულ, შეუცვლელ ამომრჩეველს აჩვენებდეს.
თუმცა მყარი დასკვნის გაკეთების საფუძველს არც საზოგადოებრივი აზრის კვლევები იძლევა.
მაშ, სად შეიძლება ვეძებოთ „ოცნების“ ამომრჩეველთა ხმები?
ადმინისტრაციული რესურსი
2020 წლის არჩევნების შემაჯამებელ ანგარიშში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) წერს, რომ:
- „მართალია კამპანია ღია და პლურალისტური იყო, თუმცა არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად დაძაბულობამ და თავდასხმების შემთხვევებმა იმატა“;
- იყო ძალადობის და დაშინების „მრავალი შემთხვევა“;
- ვრცელდებოდა ბრალდებები სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ;
- „საკმაოდ ხშირი“ იყო ცნობები ამომრჩეველთა მოსყიდვის თაობაზე.
ადმინისტრაციული რესურსი, – რასაც საარჩევნო და წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად გაიგონებთ, – არის სხვადასხვა რესურსი, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესასრულებლად. და მისი საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია.
თუმცა მყიფე ინსტიტუტების პირობებში, პოლიტიკური ძალები ახერხებენ, გამოიყენონ თავიანთი პოზიციები და კავშირები სახელისუფლებო ინსტიტუტებთან, რათა გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. მაგალითად:
- მოსთხოვონ სკოლის დირექტორს, რომ მმართველ პარტიას დაუჭიროს მხარი, და მასწავლებლებიც გააფრთხილოს, ასე მოიქცნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გაშვებით დაემუქრონ.
უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიზება
ISFED-ისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2022 წლის ივლისის კვლევა, რომელიც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, ამბობს, რომ:
- „ქართული ოცნება“ უკანონო გზებით ამუშავებს ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბურ სქემას;
- ამ სქემით „დასტურდება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების, საარჩევნო და პარტიული მიზნებით გამოყენება“;
- სახელმწიფო უწყებების მეშვეობით „გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით“;
- „არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა“.
მონაცემები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდისაა – როცა გოგაშვილი ჯერ კიდევ იყო უწყებაში. ამჟამად იგი პატიმრობაშია.
პრობაციონერი, როგორც ინსტრუმენტი
ISFED-ისა და TI-ის იგივე კვლევა აჩვენებს, საარჩევნო ბერკეტებს შორისაა პრობაციონერთა, ანუ პირობითი მსჯავრით გათავისუფლებულთა, საკითხი:
- პრობაციონერები ან/და მათი ოჯახის წევრები წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობდნენ;
- სანაცვლოდ პარტია მათ მონაცემებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უგზავნიდა, რათა მათთვის სასამართლო განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი გაეუქმებინათ და ნასამართლობა მოეხსნათ.
- მსჯავრის გაუქმების კომისია 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში 13-ჯერ შეიკრიბა, როცა მანამდე თვეში ერთხელ იკრიბებოდა.
სახელმწიფოს დასაქმებულები
„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში კეთილდღეობის სახელმწიფოს აშენების დაპირებით მოვიდა, განავითარა წინა ხელისუფლების პერიოდში ჩამოყალიბებული „კლიენტელისტური“ მოდელი.
ამ პირობებში, იგი საკუთარ ამომრჩევლად განიხილავს სახელმწიფოს დასაქმებულ პირებსა და სოციალური შემწეობის მიმღებ ადამიანებს.
- საქსტატის მონაცემებით, სახელმწიფო სექტორში 308 000 ადამიანია დასაქმებული;
- ეს ბოლო წლების მაქსიმუმია. ამაზე მეტი ადამიანი სახელმწიფო სტრუქტურებში ბოლოს 16 წლის წინ, 2007 წელს მუშაობდა.
- ამ სტატისტიკაში შედიან მასწავლებლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და მათი სსიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები.
ეს მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულები არიან. არსებობენ უშტატო თანამშრომლებიც, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, 2023 წლის პირველ 6 თვეში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომლებზე 236 მლნ ლარი დაიხარჯა.
- ეს რიცხვი, ორგანიზაციის ცნობითვე, 21%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე;
- ბოლო 10 წელიწადში შტატგარეშეებზე გაწეული ხარჯი 7-ჯერ გაიზარდა.
სოციალური პროგრამები
სახელმწიფოს ხელში საარჩევნოდ ხმების მობილიზებისათვის კიდევ ერთი ინსტრუმენტი სოციალური დახმარების პროგრამებია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სოციალურად დაუცველ პირთა შორის სრულწლოვანი – ანუ ამომრჩეველი – 410 ათასია. მათ სხვა შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ.
რადიო თავისუფლება აქამდეც წერდა, რომ ხელისუფლება მუშაობს როგორც სოციალურად დაუცველი, ასევე თავის მიერ დასაქმებული ელექტორატის შენარჩუნებაზე:
- საბურთალოზე აშენებს „პოლიციელების ქალაქს“, რომელიც 2025-26 წლებისთვის უნდა დასრულდეს;
- შექმნა „სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა“, რაც ბენეფიციარებს 4 წლით აძლევს დახმარების შენარჩუნების გარანტიას. პროგრამის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ადგილებს შორისაა:
- 3886 სასაფლაოს მომვლელი
- 7119 მეეზოვე
- 3216 დამლაგებელი
- 856 დარაჯი
- 1766 დამხმარე/მომვლელი.
პროდასავლური უმრავლესობა
კვლევების თანახმადვე, მოსახლეობის უმრავლესობა თავს პროდასავლელად აცხადებს. უფრო სწორად, ამბობს, რომ ემხრობა საქართველოს მიზანს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში.
NDI-ის 2023 წლის მარტის გამოკითხვით, გამოკითხულთა 82%-ისთვისაა „მისაღები“ საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, შეუერთდეს ევროკავშირს.
IRI-ს იმავე პერიოდის კვლევაში კი ევროკავშირში გაწევრებას 89% უჭერდა მხარს – „მთლიანად“ 75%, „ნაწილობრივ“ – 14%.
ნატოს მომხრეები NDI-ის კვლევაში 73%-ია, ხოლო IRI-საში – 80%.
„ედისონ რისერჩის” გამოკვლევით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას 90% ემხრობა, ნატოში – 85%.
და მათ შორის არიან მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც.
„ქართული ოცნება“ 2020 წელს ხელისუფლებაში მესამედ მოვიდა – ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანის დაპირებით. 2022 წლიდან, – უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, – მისი რიტორიკა მკვეთრად ანტიდასავლური გახდა.
ამის მიუხედავად, „ოცნებას“ ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია პირდაპირ, რომ ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაცია არ სურს – რაც ანტიკონსტიტუციური ნაბიჯი იქნებოდა.
რა მოხდება, თუ ეს რეალობა დადგება?
„თუკი „ქართულმა ოცნებამ“ თავის ამომრჩეველს ასე დაუყენა არჩევანი: „ან მე, ან ევროკავშირთან ინტეგრაცია“, თუკი „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო-პოლიტიკური კურსი რიტორიკის დონეზე, დეკლარირებულად შეცვალა, მას გაჰყვება თავისი ამომრჩევლების, – და სხვა არადასავლური ორიენტაციის ოპოზიციური პარტიების, – მნიშვნელოვანი ნაწილი“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დასავლეთთან ინტეგრაცია პარტიულ ლოიალობაში გაცვალოს.
ეს იმიტომ, რომ, – როგორც სოციოლოგი აკვირდება, – ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე 80-85%-ის მნიშვნელოვანი ნაწილი „არ არის თანმიმდევრული ამ არჩევანში, ოპორტუნისტია და მათ პროდასავლურ ორიენტაციას გამყარება და გაღრმავება სჭირდება“.
მისი ვარაუდით, არსებობს იმის რისკიც, რომ „თუკი „ოცნება“ იტყვის, რომ „დასავლეთი უნდა ჩავანაცვლოთ ჩინეთით“, „ჩინეთი შემოვა თავისი ინვესტიციებით, შეიქმნება დოვლათი“ და ა.შ., – რაზეც ნაწილობრივ უკვე დაიწყო საუბარი, – ამ შემთხვევაშიც შეიძლება დაიკლოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მომხრეთა წილმა“.
სოციოლოგი ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიების სტრატეგია, თუკი მათ „ოცნების“ დამარცხება სურთ, უნდა კონცენტრირდეს იმაზე, „თუ რა უბედურების მომტანია საქართველოსთვის რუსული ორიენტაცია, და თან პარალელურად უნდა გაძლიერდეს ევროპასთან დაახლოების სიკეთეებზე აპელირება, და ამ სიკეთეებში აუცილებლად უნდა შემოვიდეს სოციალური სიკეთეებიც – უმუშევრობის დაძლევა, მაღალი ხელფასები თუ პენსია“.
ოპოზიციურ ფლანგს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, სულ მცირე, მისი 100 000-მდე ამომრჩევლის გადაბირება, ან საარჩევნო ყუთთან ამდენივე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიყვანა სჭირდება.
ამ მიზნისკენ მიმავალი გზა, პარტიების ხედვით, „გამსხვილებაზე“ გადის: ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიების მიერ მეტი ამომრჩევლის მიმხრობასა და მეტ-ნაკლებად მსგავსი პარტიების გაერთიანებაზე.
არჩევნებამდე 15 თვით ადრე პარტიების ნაწილი, რომელთაც ეს რეალობა გაცნობიერებული აქვთ, „გამსხვილებისკენ“ პირველ ნაბიჯებს დგამს.
რადიო თავისუფლება