არ მგონია, ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და შეიწყალოს სააკაშვილი – მდინარაძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საჭირო დოკუმენტების მომზადება ოთხშაბათამდე დასრულდება და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წარედგინება.

“ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც ტავის მხრივ შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ ამ დოკუმენტებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს, შესაბამისი დასკვნისთვის”. – თქვა მდინარაძემ.

ბრიფინგზე მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს ენმ-ს წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებაზე, რომ “იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელების დროს, ბუნებრივია, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შესაძლოა ჰქონდეთ კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან”. მისივე თქმით, ეს ჰიპოთეტური მსჯელობაა და წინასწარ გადაწყვეტილება არავის აქვს მიღებული.

კითხვაზე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა უპასუხა, რომ მიუხედავად ყველაფრის მას არ ჰგონია სალომე ზურაბიშვილის შანტაჟს დაექვემდებაროს და მხოლოდ ამიტომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

“მიუხედავად ყველაფრისა, მე არ მგონია, ხომ არის რაღაც ზღვარი და ზღვარს იქით მოქმედებები, სალომე ზურაბიშვილის დაექვემდებაროს ამ შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის მხარდაჭერით, ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსიც ალბათ პოლიტიკურ ისტორიას ცოტა ახსოვს. ანუ, მოქმედი პრეზიდენტი რომ იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით, ეს შეუძლებელია დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა რაზეც უკვე წავიდა. ამიტომ, ეს მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. თუმცა, რამდენად მორალურია ნაციონალური მოძრაობის საქციელი, რომ ემუქრებიან პრეზიდენტს, თუ ეს დაადასტურეს, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჩვენ აზრად არ მოგვსვლია შეიძლება ზედმეტი იყოს და შეიძლება რისკებში, როდესაც ადამიანები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, თვლიან, თუმცა ამ რისკის დაზღვევა ის არის, რომ შეუძლებელია პოლიტიკოსი და ზოგადად, ადამიანი ასეთ რამეზე წავიდეს და ჩემი სკამის გულისთვის მე ვიწყალებ პრეზიდენტს – ეს თქვას”. – თქვა მამუკა მდინარაძემ.

1-ელ სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იმპიჩმენტის დაწყების საფუძვლად კობახიძე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას ასახელებს, კერძოდ, კობახიძის თქმით, “სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში”.

ამავე დღეს, 1-ელ სექტემბერს გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ ოპოზიციამ ზურაბიშვილს პირობები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, იმპიჩმენტს არ შეუერთდება, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს.

ამასთანავე, ოპოზიციის მიერ ზურაბიშვილისთვის წარდგენილ პირობებზე საუბრისას გერმანული საზმაუ წყაროებს არ იშველიებს.

ტაბულამ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიმართ კითხვით – უარყოფდნენ თუ არა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელში გავრცელებულ ამ ინფორმაციას.

კითხვაზე პასუხად ენმ-მ გამოგვიგზავნა ტვიტი, სადაც აღნიშნულია, რომ იმპიჩმენტი არაკონსტიტუციურია და ხელისუფლების წამოწყებას გმობენ.

“ნაციონალური მოძრაობა გმობს ამ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს და ეწინააღმდეგება იმპიჩმენტის პროცედურას, რომელსაც კონსტიტუციური საფუძველი არ აქვს. მოვუწოდებთ ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას, საქართველოს ევროპული მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე იმავე გააკეთოს”. – აღნიშნულია X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ ენმ-ს განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share