“პატარა მოსკოვი” თბილისშია აქ რუსეთიდან ჩამოდიან დამსვენებლები, ბიზნესმენები, ჯაშუშები” – Die Zeit-ის სტატია საქართველოზე

გერმანულ გაზეთ „დი ცეიტში“ (Die Zeit) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით “თბილისში მყოფ რუს მიგრანტებს სურთ აჩვენონ, თუ როგორ გამოიყურება უკეთესი რუსეთი” (ავტორი – მიხაელ ტუმანი). მასში გადმოცემულია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება, მათი ყოველდღიური საქმიანობა და განწყობა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

“თუ თქვენ რუსეთის გაცნობა პუტინის გარეშე გსურთ, საქართველოში უნდა გაემგზავროთ. ქვეყნის დედაქალაქ თბილისის ცენტრში ვერის პარკი მდებარეობს, იქვე ახლოს, ხეებქვეშ, კაფეს წინ, ტროტუარზე რამდენიმე მაგიდა და სკამი დგას, სადაც ახალგაზრდები ზოგი ყავას სვამს, ზოგიც სიგარეტს აბოლებს. აქვეა წიგნის მაღაზია, დარბაზი “აუდიტორია”… ეს კულტურული ცენტრი რუსმა ემიგრანტებმა დააარსეს გასულ ზაფხულში, რომელსაც ისინი თბილისში “პატარა მოსკოვად” თვლიან. ეს არის რუსეთის ანკლავი საქართველოში – სხვა რუსეთისა, ვლადიმერ პუტინის რეჟიმის გარეშე.

საქართველო – რუსების მთავარი “მიგრანტული სამიზნე”

საქართველო რუსული ემიგრაციის მთავარ “მიგრანტულ სამიზნეს” წარმოადგენს. ამ კავკასიურმა სახელმწიფომ, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 3,7 მილიონ მცხოვრებია, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი რუსი მიგრანტი მიიღო – როგორც ამბობენ, დაახლოებით 100 ათასამდე. ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ საქართველოში გამგზავრება გაიოლდა – მოსკოვიდან სულ რაღაც სამსაათიანი ფრენის შემდეგ თქვენ უკვე მეზობელ, მაგრამ მაინც უცხო ქვეყანაში ხართ. აქ ჩამოდიან დამსვენებლები, ბიზნესმენები, მართლმადიდებელი რელიგიის მსახურები, ჯაშუშები და რუსეთიდან გამოქცეული ყველა ჯურის ლტოლვილ-მიგრანტი. რუსული ლაპარაკი თბილისის ყოველ ქუჩაზე შეიძლება გაიგონოთ.

ჩრდილოელთა მომრავლება ქართველებს აღიზიანებთ

რუსების მოზღვავება საქართველოში მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს. ბევრ ადგილობრივ მცხოვრებს ჩრდილოელი მიგრანტების მომრავლება აღიზიანებს – ბევრი მათგანი საქართველოში ფულის საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოდის და უძრავ ქონებას ყიდულობს, რაც საცხოვრებელი ბინების ფასებს ზრდის. დღეისათვის თბილისში, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ბინების ღირებულება ძალზე გაძვირდა – თითქმის გასამმაგდა იმ ფასთან შედარებით, რაც ორიოდე წლის წინ იყო. ქუჩებში ხშირად დაინახავთ უკრაინის დროშებს, კედლებზე კი ანტიპუტინურ წარწერებს წაიკითხავთ. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინისადმი ლოიალურად განწყობილ რუსებს თბილისში შეიძლება პრობლემები გაუჩნდეთ, თუმცა, როგორც ანტიპუტინისტები თვლიან, პუტინის პიროვნებისადმი დამოკიდებულება სრულიად პოზიტიურ სიტუაციას წარმოადგენს. მე მათ “აუდიტორიაში” ვესაუბრე.

“ანტიპუტინისტების” ყოველდღიური ცხოვრება თბილისში

რაისა კოზლოვა, დაახლოებით 30 წლის მოსკოველი ქალი, მაღაზიის მფლობელი. მას დარბაზში ბევრი საქმე აქვს. საღამოს აქაურობა ხალხით სავსე იქნება, იგი უნდა მოემზადოს, სკამები მოსატანია, კინოპროექტორმაც უნდა იმუშაოს. რაისა კოზლოვას საკმაო გამოცდილება აქვს: მოსკოვში იგი ჟურნალისტიკას და თეატრალურ მენეჯმენტს ეუფლებოდა, მუშაობდა რამდენიმე თეატრში და კომპანიაში. რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: „მე მივხვდი, მოსკოვში აღარ დამედგომებოდა, ხელისუფლების მოწინააღმდეგე გავხდი, გადავწყვიტე, თბილისში სტამბოლის გავლით წავსულიყავი. თბილისში მან მიგრანტი თანამემამულეები გაიცნო – ერთს კაფე-ბარი ჰქონდა, მეორეს – წიგნების მაღაზია. მან კი იცოდა, თუ როგორ უნდა მოეწყობილიყო შეხვედრები და ფესტივალები. დღეს, მაგალითად, დარბაზში შეკრებილი რუსების წინაშე ლექციით გამოდიან რუსეთიდან ჩამოსული პოლიტოლოგი და ანთროპოლოგი. პირველი პუტინის რუსეთში შეთქმულების თეორიების შესახებ ისაუბრებს, მეორე კი ერთმანეთს შეადარებს ძველ პუტინამდელ და ახლანდელ რუსეთს… მომავალ საღამოს კი დარბაზში ნაჩვენები იქნება იმ სპექტაკლების ვიდეოჩანაწერები, რომელთა რეჟისორები რუსეთში რეპრესირებულნი და დევნილები არიან ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მიერ. მოკლედ, ალტერნატიული მოსკოვი მაყურებელთა დარბაზში.

რაისა კოზლოვას აუდიტორიაში ქართველების მიწვევაც სურს. იგი ახლა ქართულ ენას სწავლობს. წიგნის მაღაზიაში სულ უფრო მეტი ქართული წიგნი ჩნდება. დაგეგმილი აქვს ქართველი ლექტორების მიერ ლექციების ჩატარება აქტუალურ საკითხებზე, სპექტაკლების ჩვენება…

“მეჩეჩზე გარიყულები”?!

კაფეში კი ჯერ-ჯერობით ძირითადად მხოლოდ ის რუსები არიან, რომლებიც “მეჩეჩზე გარიყულების” შთაბეჭდილებას ტოვებენ. მათგან ერთ-ერთია მაქსიმ სლობოვი, ყოფილი პოლიციელი, რომელიც რუსულ ყოველდღიურ სიმკაცრეს საქართველოში გამოექცა. იგი პოლიციელად მუშაობის დროს მოსკოველ ანტიპუტინელ დემოსტრანტ-დისიდენტებს, როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა, ბოლოს კი თავს უშველა. ისევე როგორც საქართველოში მყოფი ყველა რუსი, მაქსიმ სლობოვიც აქ დემოკრატიული, არაძალადობრივი და უკეთესი ხელისუფლების მქონე რუსეთისათვის იღწვის. მაგრამ რამდენად შეიძლება ასეთი რუსეთის არსებობა?

“ჩვენ საქართველოს სახით [ანტიპუტინიზმისათვის] კარგი ადგილი ვნახეთ”, – ამბობს რაისა კოზლოვა, – მაგრამ ყოველთვის გვახსოვს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი სახლი არ არის”. იგი მუდმივად ფხიზლადაა, რადგან შეიძლება მოულოდნელად სადმე გამგზავრება მოუწიოს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში თავშეფარებულ რუსებიდან ბევრს აქვს ასეთი “ომის ტრამვის” სინდრომი. „თუმცა, რასაკვირველია, ჩვენი აქ ყოფნა ბევრად იოლია იმ საფრთხესთან და ტკივილებთან შედარებით, რასაც უკრაინელი ხალხი განიცდის“. რაისა კოზლოვამ კარგად იცის, თუ რატომ იმყოფება თბილისში – იმ კატასტროფის გამო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში მისი ქვეყნის – რუსეთის მიერ მოხდა: „ჩვენ ყველა – უკრაინელებიც და რუსებიც – ფაქტიურად, უსახლ-კარონი დავრჩით“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share