გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის დააკავეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 პირი.
აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა, სადაც ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ და აინტერესებდათ, რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. მათ სამინისტროსთან კარვის გაშლა და გზის გადაკეტვა სცადეს, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.