სტიქიამ ნახევარი აჭარა, ფოთი და ანაკლია პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა. განადგურებული ინფრასტრუქტურა, წყლით დაფარული სახლების პირველი სართულები, ბარები, რესტორნები და მაღაზიები, რომლებიც ადამიანებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შედეგად ბულვარი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. განადგურებულია სასეირნო ზოლი, ველობილიკები კი ზღვიდან გამორიყული ქვიშით არის დაფარული.
წყლის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ შენობების პირველი სართულები სრულად არის დაფარული და ჯერ ამოტუმბვაც ვერ ხერხდება. მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება გაზი და წყალი. ადამიანები შველას ითხოვენ. ჯერ ზარალის ზუსტი რაოდენობა არ დადგენილა, თუმცა დაზარალებულია თითქმის ყველა ოჯახი. საფრთხე ამ დრომდე მოხსნილი არ არის, ამიტომ მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ გარეთ გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.