ჭანჭათელების მიმართვა გურიის გუბერნატორს

ღია წერილი გურიის გუბერნატორს ბატონ გიორგი ურუშაძეს

ბატონო გიორგი!

საქართველოს ისტორიამ მრავალი მამულიშვილის სახელი შემოინახა, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. მათ შორის გამორჩეული იყო უბრალო გურული გლეხის შვილი ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე. ვალოდია გოგუაძის მეთაურობით ძმებთან ერთად ჯავშნოსანი მატარებლის ჯგუფი შიშის ზარს სცემდა ყოველი მხრიდან შემოსეული დამოუკიდებელი საქართველო მტრებს; კერძოდ მან მუსრი გაავლო ნატანებთან, გურიაში შემოჭრილ ოსმალებს. იგი იბრძოდა საქართველოსათვის, იბრძოდა სიყვარულისათვის, ებრძოდა სტიქიას, მდინარის ტალღებს, ხანძარს-განწირულთა გადასარჩენად, ებრძოდა ყოველგვარ უსამართლობას, უკანონობას, იყო დაჩაგრულთა ქომაგი – დიდებული მეოჯახე.

მისი მეუღლე კი, ქართველთა და ფრანგთა სათაყვანებელი. „ლევილის დედად“ აღიარებული, ნამეტია ბერძენიშვილი-გოგუაძისა, გმირი და კოლორიტული ქალის სახე იყო.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტრებთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისათვის ამიერკავკასიის საოლქო დელეგატების სხდომაზე 1918 წლის 13 აპრილს ნოე ჟორდანიას, ირაკლი წერეთლის და ევგენი გეგეჭკორის წარდგინებით ვალოდია გოგუაძე საქართველოს ეროვნულ გმირად აღიარეს და საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭეს.

დღეისათვის საფრანგეთში, ემიგრანტი ქართველების სათვისტომოში (ლევილში) შენარჩუნებულია ვალოდია გოგუაძის სახლ-კარი.  სამშობლოში კი (მშობლიურ კუთხეში) მის მოსაგონებლად არაფერია.

მისი სახელის უკვდავსაყოფად ურიგო არ იქნებოდა, მის მშობლიურ კუთხეში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დარქმეოდა, დადგმულიყო ბიუსტი, მემორიალური დაფით.

გთხოვთ გამოიყოს ფართი სახლ-მუზეუმისათვის.

ამ თხოვნის გახმოვანება გადამაწყვეტინა მისი ახლობლების: ძმისშვილების, დისშვილების შთამომავლობის სურვილმა და  ასევე, ამ ისტორიული პიროვნებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებამ.

პატივისცემით:  ახლო ნათესავების სახელით, ვალოდია გოგუაძის ძმის (ალექსანდრეს) შვილიშვილი, ომარი გოგუაძე.

ლანჩხუთი-ჭანჭათი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share